logo_geo
eng_logo
„ასავალ-დასავალი“ „ინტერპრესნიუსს“ სოლიდარობას უცხადებს!
- +

15 მარტი. 2016. 13:00


„ასავალ-დასავალის" საგამომცემლო სახლი გმობს მიზანმიმართულ კამპანიას „მედია პალიტრის" წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს", - გაზეთი „ასავალ-დასავალი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:

 

„ასავალ-დასავალი" ცალსახად გმობს ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურის, „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტი ჯგუფების ხმაშეწყობილ, ორკესტრირებულ შეტევას „მედია პალიტრის" საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" მიმართ.

 

ვაცხადებთ, რომ აშკარად გადამეტებული, არაობიექტური და უსამართლოა ის დამოკიდებულება, რომელსაც ქალბატონი წულუკიანისა და ქალბატონი ხიდაშელის სამინისტროები, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, „რუსთავი-2" და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს მიმართ ავლენენ.

 

არადა, „ინტერპრესნიუსს" ნამდვილად არ გაუვრცელებია ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალბატონის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები. საინფორმაციო სააგენტომ საკუთარ საიტზე მხოლოდ რამდენიმე წუთით განათავსა ტექსტური ინფორმაცია და მიუთითა დასახელება, რომლითაც ხსენებული ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.

 

იმის გამო, რომ „ინტერპრესნიუსის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უნებლიეთ მოხდა იმ პოლიტიკოსის ვინაობის გამჟღავნება, რომლის პირად ცხოვრებასაც ასახავდა ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, საინფორმაციო სააგენტომ საზოგადოების წინაშე საჯაროდ მოიხადა ბოდიში, მეტიც, „მედია პალიტრის" ხელმძღვანელობამ საკუთარი პასუხისმგებლობის თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწია და საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" რედაქტორი სამსახურიდან გაათავისუფლა.

 

და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, ზემოხსენებული სახელმწიფო სტრუქტურები „ინტეპრესნიუსს" ბოიკოტს უცხადებენ და საინფორმაციო სააგენტოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს აუქმებენ, „ნაციონალური მოძრაობა" და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები კი ცდილობენ, თავისუფალი მედიასაშუალება მორალური წნეხის ქვეშ მოაქციონ!

 

„ასავალ-დასავალის" შემოქმედებით გუნდს მიგვაჩნია, რომ ეს კამპანია აქცენტების გადატანისა და განტევების ვაცის ძიების მცდელობაა, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს გამართული მუშაობის შეფერხებას ისახავს მიზნად.

 

დიახ, ეს არის კამპანია, რომელიც მედიის თავისუფლებას აზარალებს!

 

მოვუწოდებთ რიგ სახელმწიფო სტრუქტურებს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" მიმართ ბოიკოტირების რეჟიმი შეწყვიტონ და ხელი აიღონ ჟურნალისტებისადმი მორალური წნეხის განხორციელებაზე.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი გვექნება, ვიფიქროთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, საკუთარი უსუსურობის გადასაფარავად, თავისუფალი მედიისათვის ხელების შეწმენდას ცდილობენ!

 

და კიდევ: ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც არასოდეს მოსვლიათ აზრად, ბოიკოტი გამოეცხადებინათ მათი დაუძინებელი მტრის „რუსთავი-2"-ისთვის, რატომ უბაკუნებენ ფეხებს თავისუფალ და ობიექტურ მედიასაშუალებას - „ინტერპრესნიუსს"? ამით ისინი აშკარად „ნაციონალური მოძრაობისა" და ოდესელი ავანტიურისტის წისქვილზე ასხამენ წყალს!" - ნათქვამია განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner