logo_geo
eng_logo
„ჰეროკრატია“ კადრს მიღმა
- +

6 ოქტომბერი. 2016. 13:41


 

„ჰეროკრატია", რომელიც უახლესი ისტორიის სისხლიან ქრონიკებს ასახავს - უკვე ეკრანზეა! სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმი გოგა ხაინდრავას რეჟისორობით იმ მსახიობებმა გააცოცხლეს, რომელთა უმრავლესობის შესახებ ფართო საზოგადოებამ დღემდე ბევრი არაფერი იცის. მაშ ასე. „ჰეროკრატიის" გმირები რეალურ ცხოვრებაში, მათი ემოციები და განცდები კადრს მიღმა!


ნანა ლორთქიფანიძე. რუსთაველის თეატრის მსახიობი, გიული ალასანიას როლის შემსრულებელი:


- კასტინგის გავლიდან კარგა ხნის შემდეგ დამირეკეს - რეჟისორს თქვენთან გასაუბრება სურსო. გოგამ პირდაპირ იმ ოთახში შემიყვანა, სადაც პერსონაჟების ფოტოები იყო გამოფენილი. თითი გიული ალასანიას სურათს დაადო და მითხრა - ამ როლს ითამაშებო?! რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი.


არ მიფიქრია, ქალბატონი გიულის მანერები შემესწავლა. არც რეჟისორის ჩანაფიქრი ყოფილა ჩვენს შორის გარეგნული მსგავსება. ჩემს პერსონაჟს, პირველ რიგში ვუდგები, როგორც დედას, თან არანორმალური, ავადმყოფი შვილის მშობელს. იმ სცენაში, სადაც ვტირი, ჩემი ემოცია სწორედ დედობრივი ინსტინქტითაა გამოწვეული.


- რას ეტყოდა ეკრანული გიული ალასანია თავის პროტოტიპს კადრს მიღმა?

 

- ვერავის ვასწავლი ჭკუას, როგორ გაზარდოს შვილი, მაგრამ, თუ ღმერთმა დამწყევლა და ასეთი შვილი მყავს, მისი დანაშაულების თანამონაწილე მაინც არ უნდა გახდე. ახლა მაინც შეაჩეროს თავისი შვილი, გვირაბის გათხრას რომ აპირებს ოდესიდან სოლოლაკამდე!



დავით კვირცხალია, რუსთაველის თეატრის მსახიობი, შევარდნაძის როლის შემსრულებელი:


- როცა ფილმის გადაღება დაიწყო, ერთ-ერთი რეჟისორის - მიშა აფხაზავასგან შემოთავაზება მივიღე, თუმცა, შევარდნაძის როლზე ლაპარაკი არ ყოფილა. როცა გადასაღებ მოედანზე მივედი და გოგამ დამინახა (ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ), თქვა - დათო შევარდნაძის როლს შეასრულებსო!


- მიუმსგავსებიხარ როდისმე ექს-პრეზიდენტისთვის?

 

- არასოდეს, ხუმრობითაც კი არავის უთქვამს, რომ ამ ადამიანს რაღაცით ვგავდი. როცა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, გავნერვიულდი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამხელა პიროვნების განსახიერება. თან ახალი გარდაცვლილია, ყველას კარგად ახსოვს მისი მანერები, საქციელი... როგორც სიმღერას სწავლობენ კარაოკეთი, ისე ვიჯექი და ვეცნობოდი შევარდნაძის ქრონიკებს, ვსწავლობდი მის მანერებს, ხასიათს. მოკლედ, გრიმიორებმა ქოჩორი რომ დამაწებეს, მეც კი მომეჩვენა, რომ ჩვენს შორის რაღაც მსგავსება იყო.


როდესაც კრწანისის რეზიდენციაში სცენების გადასაღებად მივედით, იქ შევარდნაძის ოჯახის წევრები და ახლობლები დამხვდნენ. გრიმში რომ დამინახეს, გაოცდნენ - ვიგრძენი, რომ მიმიღეს.


უდავოდ ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იყო და არ დაგიმალავთ, ემოციებით ავივსე, როდესაც ღირსად ჩამთვალეს, ეს პიროვნება განმესახიერებინა. მისი მხრიდან ღირსეული ნაბიჯი იყო, რომ უსისხლოდ დათმო ხელისუფლება!



ნათია ბუნტური. პირველი ლედის როლის შემსრულებელი:


- 30 წლის პროფესიონალი ბალერინა ვარ, თბილისის გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი გახლავართ.


- მით უფრო საინტერესოა, როგორ აღმოჩნდით ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლზე?

 

- ყოველთვის მწყდებოდა გული, რომ თეატრალურში სამსახიობოზე არ ჩავაბარე,  ძალიან მინდოდა, კინოში მეთამაშა. როდესაც კასტინგი გამოცხადდა, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. ძალიან გამიმართლა, როლზე რომ დამამტკიცეს, თანაც, წამყვან მსახიობად შემარჩიეს.


- სააკაშვილის მეორე ნახევარი, ყოფილი პირველი ლედი თქვენს პერსონაჟს ნაკლებად ჰგავს...

 

- თავიდანვე ამიხსნეს, რომ აუცილებელი არ იყო, ფილმში სანდრა რულოვსი განმესახიერებინა. ჩემი გმირის პროტოტიპი სანდრა რულოვსი არ არის, ეს გამოგონილი გმირია. რეჟისორმა სანდრას ინდივიდი ფილმიდან ამოიღო და ძალაუფლების მოყვარული ქალის სიმბოლო შექმნა. ჰეროს მეორე ნახევარი ვარ, მისი თანამდევი აურა. ძალაუფლების მოპოვება გაიგივებულია პირველ ლედისთან, მეორე ნახევართან სიახლოვით. ამიტომაც არის ლედის მხრიდან ურთიერთობა ცივი და ქედმაღლური. გარკვეული ნაბიჯების შემდეგ, როცა ჰერო ძალაუფლებას მთლიანად აიღებს ხელში, მათ შორის ურთიერთობა უფრო თბება, პირველი ლედი მთლიანად იპყრობს მას.


- იყო ისეთი მომენტი, რომლის თამაშიც გაგიჭირდათ?

 

- ძალიან გამიჭირდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ინტიმური სცენების გადაღებისას მაინც დათრგუნული და შებოჭილი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ესთეტიკურად კარგად იყო გადაღებული. იმდენი სამსახიობო გამოცდილება არ მაქვს, რომ უცხო მამაკაცს საწოლში ღამის პერანგით გამოვეცხადო, თუმცა, ესეც გადავლახე.


ფილმის ერთ-ერთ სცენაში ხელისუფლების წევრები სანდრო გირგვლიანის ამბავს არჩევენ და მეც იქვე ვტრიალებ, მაგიდაზე ნაწამები სანდროს რეალური ფოტოები იდო. ერთ-ერთ კადრში ამ ფოტოებისთვის უნდა დამეხედა. მახსოვს, როცა სურათებს დავხედე, უცებ გავშეშდი, ძალიან ცუდად გავხდი. ეს ერთ-ერთი მძიმე ღამე იყო ჩემთვის.



მერაბ ბრეკაშვილი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, სერგო თეთრაძის როლის შემსრულებელი:


- მიუხედავად იმისა, რომ გადასაღებ მოედანზე კარგი სიტუაცია იყო და არაჩვეულებრივ პარტნიორებთან ერთად მომიწია მუშაობამ, სიმართლე გითხრათ, სერგო თეთრაძის როლის შესრულება გამიჭირდა. ძალიან ძნელია იმ ყველაფრის გათავისება და გადმოცემა, რაც შეიძლებოდა, იმ მომენტში განეცადა ადამიანს. დამთრგუნველი იყო იმის გაცნობიერება, რომ არაფრის გამო, ასე სასტიკად დაიჩაგრა. თუ დამიჯერებთ, ფილმსაც კი ვერ ვუყურებ, იმდენად მტკივნეულია ჩემთვის.



ლალი ბადურაშვილი, სერგო თეთრაძის სიდედრის როლის შემსრულებელი:


- გოგამ მაყურებელი დაინდო. მოვლენები იმ სიმძაფრით არ არის გადმოცემული, რაც რეალურად ხდებოდა. ისეთი დეტალები ამოტივტივდა, თმა ყალყზე დაგიდგებათ. გაიძახიან, „ცოცხები" დადგმული იყოო, სამეგრელოს სამალავებში დამარხული 20 ათასი ფაილიც დადგმული იყო?! ან იმ მეგრელებს რა ვუთხარი, დღეს სანდრას რომ უკრავენ ტაშს. საერთოდ, როგორ უშვებენ რულოვსს სამეგრელოში?! ალბათ, კონსტანტინე გამსახურდია საფლავში ბრუნავს. მარგველაშვილზე გამწარებული ვიყავი, ქართველებს გონებასუსტები რომ გვიწოდა, მაგრამ დღეს უკვე ვეთანხმები - იდიოტები ვართ, თორემ როგორ შეიძლება, სააკაშვილს და სანდრას მხარი დაუჭირო?! ნაცისტებს რომ ადარებენ ნაციონალებს, ჰიტლერი გერმანელებს კი არ აწამებდა, სხვა ერებს სჯიდა. ამათ საკუთარი ერი გაანადგურეს და დღეს აქეთ აქვთ პრეტენზიები. ამის შემდეგ, ამ ქვეყანას ქვეყანა ჰქვია და ჩვენ - ხალხი?!


ასი ათასი მადლობა გოგა ხაინდრავას მოქალაქეობრივი პოზიციის და მხატვრული ღირებულებისთვის! ნეტავ, ადრე გამოსულიყო ეს ფილმი, იქნებ კიდევ ბევრს ახელოდა თვალი.


- როგორი განცდაა, იყო ნაწამები სერგო თეთრაძის ოჯახის წევრი?

 

- სერგო თეთრაძე არის გმირი, რომელსაც ენით აუწერელი წამების მიუხედავად, სამშობლოს ღალატზე ხელი ვერ მოაწერინეს. ახლაც კი მეტირება, ამ ადამიანს რომ ვახსენებ.


ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა სასამართლოს სცენების გადაღებისას. იცით, როგორ უყვიროდნენ განსასჯელის სკამზე მსხდომებს?! ბევრი იღებდა მასობრივ სცენებში მონაწილეობას, სადაც ტექსტი არ ჰქონდათ. მაგრამ ამ ყველაფრის შემყურე, ისე გამწარდნენ, თავისით ყვიროდნენ რაღაცეებს, თითქოს მართლა სასამართლოს სხდომაზე იყვნენ. გოგა სიცილით კვდებოდა, ეს ხომ სცენარში არ წერიაო.


და მაინც, ეს მხოლოდ ვირტუალური სასამართლო პროცესია. დროა, რეალური ნიურნბერგის პროცესი შედგეს!


 

ბექა გოდერძიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, მოსამართლე ვახტანგ უზნაძის როლის შემსრულებელი:


- თავდაპირველად გოგა ხაინდრავას სურდა, მეორე მოსამართლის როლზე ავეყვანე. როდესაც ეტიუდი შევასრულე, პოზიცია შეიცვალა და მთავარი მოსამართლის როლზე დამამტკიცეს.


ჩემს გმირს რეალური ცხოვრებიდან პროტოტიპი არ ჰყავს, რომ მისთვის მიმებაძა. რთული იყო ისიც, რომ იურისპრუდენციაში აბსოლუტურად უვიცი ვარ, არანაირი შეხება არ მაქვს სასამართლოსთან. ახლაც რომ მკითხოთ, მძიმე დანაშაულის ვერცერთ მუხლს ვერ დაგისახელებთ.


- ჯერჯერობით მაყურებელს ყველა სერია არ უნახავს. ფილმში დამნაშავე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის განაჩენი გამოგაქვთ?

 

- როგორც ვიცი, ეთერში 26 სერია უნდა გავიდეს. ამ სერიებში მე განაჩენი არ გამომაქვს!


- თქვენი ნება რომ იყოს, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც თუნდაც ვირტუალურ სასამართლოს სხდომათა დარბაზში მოისმინეთ, რა განაჩენს გამოიტანდით?

 

- პირადად მე მაქსიმალური სიმკაცრით დავსჯიდი განსაკუთრებით მათ, ვისაც ადამიანების გაუპატიურება და წამება ედება ბრალად. დანარჩენებს, ალბათ, სხვადასხვა სასჯელს შევუფარდებდი!



ნოდარ სიმსივე, სააკაშვილის როლის შემსრულებელი.

 

- თავდაპირველად თქვენ შესახებ გვიამბეთ - ვინ არის სააკაშვილის როლის შემსრულებელი ნოდარ სიმსივე?


- პროფესიით მსახიობი ვარ. რკინის თეატრში ვმუშაობ. ასევე გახლავართ თბილისის ლოკომოტივის სტადიონის პრესსამსახურის ხელმძღვანელი და ფეხბურთის კომენტატორი.


- როგორ აღმოჩნდით ფილმში მთავარ როლზე?

 

- გასული წელი ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო. სპექტაკლში „სულ სხვა ოპერა", რომელიც რკინის თეატრში დაიდგა, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი გავხდი. სპექტაკლის სანახავად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობი, გოგა ხაინდრავას მეუღლე, ქალბატონი მარიკა ჭიჭინაძე მოვიდა. კომპლიმენტებით შემამკო და მკითხა, ვიყავი თუ არა კასტინგზე. მაშინ კასტინგი უკვე გავლილი მქონდა, მაგრამ არავის უთქვამს, რომ შეიძლებოდა, პრეზიდენტის როლი შემესრულებინა. ერთ კვირაში დამირეკეს - გოგა ხაინდრავას სურს თქვენთან კონკრეტულ როლზე საუბარიო. ეს დღე არ დამავიწყდება. შევედი თუ არა ბატონ გოგასთან ოთახში, პირდაპირ მითხრა - ექს-პრეზიდენტის როლი შენ უნდა ითამაშოო. გავშეშდი. მართალია, ჩვენ კრებსითი პერსონაჟი შევქმენით, რომელსაც ჰერო ჰქვია, მაგრამ ძირითადი თვისებები ვაჟბატონისგან ავიღეთ.


- საინტერესოა, რას ფიქრობთ რეალურ ცხოვრებაში ამ ვაჟბატონზე?

 

- რა უნდა ვთქვა ახალი? ყველამ ყველაფერი ვიცით, რაც მოხდა, როგორც მოხდა და რატომაც მოხდა. პირადად მე შემრცხვებოდა, ხელისუფლებაში მეორედ მოსვლაზე მეფიქრა. არ მინდა ფასადურად გალამაზებული ქალაქი ახალგაზრდების სისხლის ხარჯზე! მათ 9 წლის განმავლობაში ჰქონდათ შანსი, ბევრი კარგი რამ გაეკეთებინათ. ახლა რომ გამოდიან და რაღაცებს გვეუბნებიან, დაგვიანებულია! ისე, კი არის საინტერესო, თვითონ რას ფიქრობს ჩემს მიერ განსახიერებულ პერსონაჟზე. ფაქტია, რომ გადასაღებ მოედანზე პოლიტიკურად მოწამლული გარემო არ ყოფილა.


ამ ადამიანის ცხოვრება უკვე „მამაო ჩვენოსავით" ვიცი. დამამტკიცეს თუ არა როლზე, ფსიქოლოგთან დავიწყე მუშაობა. ამიხსნა, თუ როდის შედის ჩიხში, რა დროს გადადის შეტევაზე და რა დროს იწყებს მიმიკებზე მუშაობას. მისი მიმიკის კომბინაციების 4 ფურცელი მაქვს ჩამოწერილი და ათვისებული. დღემდე ამ როლში ვარ.


ბატონმა გოგამ ოქროს მარცვლები ჩათესა ჩემში, თითოეულ მსახიობში, რომელთაგან ბევრი გადასაღებ მოედანზე აღმოვაჩინე. სხვათა შორის, ერთ-ერთი მათგანი ახლა ჩემს წინ ზის - ნიკო (რა ვქნა, ასე უნდა დავუძახო ევგენის). ჩვენ ყველანი ამ გენიალური შემოქმედებითი „შეთქმულების" წევრები რომ არ ვყოფილიყავით, ეს ფილმი ვერ შედგებოდა. პირისპირ მერიდება ამის თქმა და თქვენთან აღვნიშნავ - გოგა არაჩვეულებრივი რეჟისორია. ისე გამზადებს თითოეული სცენისთვის, ზედმეტი ლაპარაკი საჭირო აღარ არის.



ევგენი მაღლაკელიძე, ზურაბ ჟვანიას როლის შემსრულებელი.

 

- ზურაბ ჟვანიას ძალიან ჰგავხართ. ეს თქვენთვის არასდროს უთქვამთ?!

 

- აქამდე არავის მივუმსგავსებივარ. ზურაბ ჟვანიას და ჩემს შორის მსგავსება გოგა ხანდრავამ დაინახა.


- სად და როგორ აღმოგაჩინათ?

 

- პროფესიით მსახიობი არ ვარ, ეკონომისტი გახლავართ. კაფეში ვიჯექი, ლუდს ვწრუპავდი, გოგაც იქ იყო თავის მეგობრებთან ერთად. მას მანამდეც ვიცნობდი და ჩვეულებრივად მივესალმე. ეტყობა, ოპერატორებსა და რეჟისორებს სხვა ხედვა აქვთ, უცებ რაღაც დაიჭირეს ჩემში და მთხოვეს, ოფისში მივსულიყავი, მერე რაღაც ტექსტი მათქმევინეს და როლზე დამამტკიცეს. ძალიან დამეხმარა შემოქმედებითი ჯგუფი, მსახიობები - ნოდარ სიმსივე, გიორგი მეგრელიშვილი, დათო როსტომაშვილი, დათო დარჩია, რომელი ერთი ჩამოვთვალო, რეჟისორებსა და ტექნიკურ ჯგუფზე აღარაფერს ვამბობ. გოგა ხაინდრავა ნამდვილად იმსახურებს დიდ მადლობას. საოცრად თბილი გარემო იყო გადასაღებ მოედანზე, არაჩვეულებრივ მსახიობებთნ ერთად მომიწია თამაშმა და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. ცხადია, მეც ვიმუშავე საკუთარ თავზე, არქივებიდან ამოვიღე ჩანაწერები, რომ ზურაბ ჟვანიას ხასიათი, მანერები და თვისებები დამეჭირა.


- ნოდარ, თქვენ თუ მიუმსგავსებიხართ მანამდე მიხეილ სააკაშვილისთვის?

 

ნოდარ სიმსივე: - არასოდეს! კისერწვრილი და მუცელშეგდებული მიშას  ვერ ემგვანები, ამ როლზე მუშაობისას ჩაცმის სტილიც კი შევიცვალე. 28 კილოგრამი მოვიმატე, ერთ ღილზე ხომ უნდა შემეკრა პიჯაკი, როგორც ჩემი პერსონაჟი აკეთებდა?!



ევგენი მაღლაკელიძე: - ნოდარის შესახებ კურიოზს მოვყვები, რომელიც თვითონ გვიამბო საოცარი იუმორით. ერთ დღესაც, გადაღებიდან შინ დაბრუნებული, სააკაშვილის როლზე მუშაობდა, თეთრი პერანგით დადიოდა ოთახებში... მეორე დღეს სუფრასთან უნდა გადაგვეღო სცენა. ამასობაში დედამ ვახშამზე მიიპატიჟა. სუფრასთან ნოდარმა სააკაშვილისთვის დამახასიათებელი ჟესტიკულაციით დაავლო ხელი საჭმელებს, იქიდან ის მოგლიჯა, აქედან ის გადმოიღო, უცებ დედამ მხარზე ხელი წაავლო და მიაბრუნა: - შვილო, ახლა ნორმალურად ჭამე, შენი როლი შენთვის შეინახეო.



ნოდარ სიმსივე: - ავლაბრის მეტროში ერთ-ერთ სცენას ვიღებდით. მაშინ ფილმი ეთერში გასული არ იყო. როდესაც ესკორტით შემოვედი, ბავშვებმა მომაძახეს - მიშა, რამხელა მუცელი გაქვსო. ეს პირველი „ოსკარი" იყო ჩემთვის. ამ გადაღებისას კიდევ ერთი კურიოზი მოხდა. გადამღები ჯგუფის წევრებმა მითხრეს, მანქანაში რომ ჯდებოდი, შეგაგინეს - დაბრუნდა, ამის კეთილებიო. გავგიჟდი - ვინ შემაგინა-მეთქი. შენ არა, პრეზიდენტს შეაგინესო ეს ჩემთვის უკვე „ოსკარიც" იყო და „ოქროს გლობუსიც". თუ ასეთი მსგავსება დაინახეს. ესე იგი, როლი შედგა!


- ევგენი, რეალურ ცხოვრებაში თუ შეხვედრიხართ ზურაბ ჟვანიას?

 

ევგენი მაღლაკელიძე: -  ადრე საერთაშორისო ორგანიზაციებში ვმუშაობდი და სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით რამდენჯერმე მომიწია მასთან შეხვედრამ. უშუალოდ და ახლო ურთიერთობა არ მქონდა, მაგრამ კარგი სალმით ვხვდებოდით ერთმანეთს. ეს შეხვედრები თბილად მახსენდება. ძალიან კარგი ალღო ჰქონდა. მისი დაღუპვით ქვეყანამ ბევრი რამ დაკარგა.


- ფილმში კვდებით?

 

- სიკვდილის სცენები არ გადაგვიღია და არც მიმაჩნია სწორად ამის ჩვენება.


- და მაინც, საინტერესოა თქვენი აზრი, რას ფიქრობთ თქვენი პროტოტიპის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე?

 

- პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს არა მხოლოდ მე, არამედ მთელ საზოგადოებას! იმედია, ამ საქმეს ნათელი მოეფინება.


- დაბოლოს, ნოდარ, თქვენ მინდა გკითხოთ - გამაგებინეთ, რას ერჩოდით ნიკოს, ანუ ზურაბ ჟვანიას?

 

ნოდარ სიმსივე: - ძალაუფლება!!! ეს ადამიანი გზას მიღობავდა!



***

ძვირფასო მკითხველო, ალბათ, მიხვდით, „ჰეროკრატიაში" ჟვანიასა და სააკაშვილის როლის შემსრულებლებს ერთდროულად შევხვდი, როდესაც ერთმანეთის მეგობრულად გადაეხვივნენ და გულიანად მოიკითხეს. ერთმა ფიქრმა გამიელვა თავში-  როგორც ყველა მოკვდავი, არც სააკაშვილი გამოეკერება დედამიწას. საინტერესოა იმქვეყნად მათი შეხვედრა - რას ეტყვის ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი გაურკვეველ ვითარებაში „გაზით გაგუდულ" პრემიერს?!

 

მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner