logo_geo
eng_logo
გია ხუხაშვილი არმაზ ახვლედიანზე: ეს არ ნიშნავს, რომ თავად თანამედროვე პოლიტიკოსია…
- +

17 თებერვალი. 2016. 15:35


რა ხდება მმართველ კოალიციაში და რატომ გახშირდა „ქართული ოცნების" წევრებს შორის ურთიერთკრიტიკული განცხადებები,- ამ საკითხზე „რეპორტიორს" ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა:


„2012 წელს გუნდის შემაკავშირებელი იყო 2 ფაქტორი. 1. ყველა შეკრებილიყო იყო რეჟიმის დასამარცხებლად; ეს იყო ერთჯერადი ამოცანა და მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი იყო. 2 - ხიბლი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როგორც მიზიდულობის ცენტრის მიმართ. ეს იყო გამაერთიანებელი. დღეს კი, წინასაარჩევნო პერიოდში მზის ქვეშ ყველა ცდილობს თავისი ადგილის გაფართოებას ან შენარჩუნებას. ამ დროს კონფრონტაცია უკვე საჯარო სივრცეში გადმოდის. ერთადერთი, რაც ამ კოალიციას სიცოცხლისუნარიანობას აძლევს, მათ არ უნდათ ბიძინა ივანიშვილის მხრებიდან ჩამოსვლა, რადგან იქ კარგად გრძნობენ თავს. და მათ კარგად იციან, რომ მათი პიროვნული, ასევე პარტიული ავტორიტეტი არის ნულის ტოლი. საკუთარი უსუსურობის განცდა მათ არ აძლევს მიწაზე ფეხის დადგმის საშუალებას. მათი ერთადერთი მიზანია, ბიძინა ივანიშვილის მხრებზე თავისი ადგილი შეინარჩუნონ. ამ თამაშების დროს კი ხან ერთი და ხან მეორე მხრიდან წაკრავენ ერთმანეთს მუჯლუგუნს. პარაზიტული ცხოვრებისთვის კი თავის განებება არ უნდათ.

 

რაც შეეხება კონკრეტულად არმაზ ახვლედიანის კრიტიკულ განცხადებას, ამბობს, რომ მმართველ გუნდში ბებერი ნიანგები არიან და თვითონ ძალიან პროგრესულად მოაზროვნეა - ამაში მე მას არ ვეთანხმები და ეჭვს შევიტანდი. შეიძლება, ვიღაცაზე პროგრესული არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვითონ ძალიან თანამედროვე პოლიტიკოსია", - განაცხადა ხუხაშვილმა.


მისი თქმით, კოალიცია აუცილებლად უნდა იყოს ერთიან პლატფორმაზე დაფუძნებული და შეუძლებელია, მსოფლმხედველობრივად დაპირიპირებული ადამიანები ერთად მართავდნენ ქვეყანას, რადგან ეს ეფექტურ მართვას ვერ უზრუნველყოფს. რაც შეეხება ახალ სახეებს მმართველ გუნდში, ხუხაშვილის თქმით, გადახალისება შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამას ექმება ფასადური ხასიათი.


„კოალიციის სუბიექტები ერთმანეთის მძევლები არიან. ბიძინა ივანიშვილი დიდი სიამოვნებით გაუშვებდა ბევრ მათგანს, რადგან, დარწმუნებული ვარ, აცნობიერებეს, რომ ბალასტით არის სავსე კოალიცია, მაგრამ რით ჩაანაცვლოს? არ ჰყავს არავინ. მასაც რთული ვითარება შეექმნა. გაურყვნელი ადამიანები არ მიდიან „ქართულ ოცნებაში" ერთადერთი მიზეზის გამო - იქ ბევრ საფრთხობელას ხედავენ და არ უნდათ მათთან ურთიერთობა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების" მომავალი სია იქნება არსებულზე უფრო კარგი. ფასადურად შეიძლება მხოლოდ 2-3 ადამიანი შეიცვალოს," - განაცხადა ხუხაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner