„არასოდეს გამოგიხატავთ სინანული, გასამრავლებელი ბიჭები რომ გაჟლიტეთ", - მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით სენაკში გამართულ შეხვედრაზე სანდრა რულოვსს ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა.
- ეს ხალხი ბედავს და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას აანონსებს. განსაკუთრებით გამაღიზიანა სანდრა რულოვსის განცხადებამ, რომ თურმე მან ქმარს თვალებში ჩახედა და მიიღო დაპირება, რომ ძალადობა ქვეყანაში აღარ განმეორდება.
„ნაციონალები" ასეთი იაფფასიანი სისულელეებითა და ზღაპრებით ცდილობენ საზოგადოების „დაბოლებას". ამ განცხადების შემდეგ გადავწყვიტე, პირადად მენახა სანდრა რულოვსი და ჩემთვისაც ჩაეხედა თვალებში - დედისთვის, რომელსაც 19 წლის უდანაშაულო ბიჭი ქუჩაში მოუკლეს. ჩემთან ერთად, ასევე მოკლული უდანაშაულო ახალგაზრდა კაცის, სამი შვილის მამის - გიორგი გამცემლიძის დედა იმყოფებოდა. ისე მოხდა, რომ მე და სანდრა რულოვსი სცენაზე ერთდროულად აღმოვჩნდით, როდესაც კონკრეტული კითხვები დავუსვი, მითხრა, პასუხს საჯაროდ გაგცემო. ცოტა ხანში მესმის, ჩვენ სუფთა ხელებით მოვდივართო. რომელი სუფთა ხელებით, ყელამდე სისხლში რომ ბანაობთ-მეთქი?! ამის შემდეგ იძულებული გახდა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა შეეწყვიტა. ყველაზე ცინიკური ის არის, რომ რულოვსი თავისი ქმრის მმართველობას შეცდომას უწოდებს. ჩემი შვილის მკვლელობაა შეცდომა? მაშინ გამოასწორონ შეცდომა, ერთადერთი შვილი გამიცოცხლონ და ყველაფერს ვაპატიებ. ამ ქალბატონს ისიც არ ესმის, რაზე ლაპარაკობს - მე, შვილმოკლულ დედას, მეუბნება, აღარ გავიმეორებთ შეცდომებსო. ანუ, აღარ ჩახოცავენ ახალგაზრდებს, მამაკაცებს აღარ გააუპატიურებენ? რის პატიებას ითხოვენ ჩემგან? ყველაფერი იმის შედეგია, რომ პასუხი არ მოეთხოვათ იმათ, ვინც ჩემი ოჯახივით ათასობით ადამიანი გაამწარა. მეტიც, თურმე ახლა რევოლუციას გეგმავენ და ძალადობით აპირებენ ხელისუფლების შეცვლას.
რუსუდან შელია