„თავისუფალი ზონის" წევრებმა ორგანიზაცია რამდენიმე დღის წინ დატოვეს და მიზეზად მიხეილ სააკაშვილისგან მიღებული დავალებები დასახელდა. ერთ-ერთი ყოფილი წევრი ბესო კალაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ნიკა მელიასა და ირმა ინაშვილის განცხადება, თითქოს ის პარტიაში სუს-მა შეაგზავნა, მცდარია.
„თავისუფალი ზონის" წევრი დაარსების დღიდან, 2012 წლიდან ვარ... და არამარტო მე. ჩემთან ერთად ბრიფინგზე წარმოდგენილი ათი ადამიანიდან, სამი ჩემსავით არა მარტო ამ ორგანიზაციის წევრია 2012 წლიდან, არამედ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვიყავით 2010 წლიდან. შესაბამისად, როდესაც ახლა ნიკა მელია და ირმა ნადირაშვილი საუბრობენ იმაზე, თითქოს, მე მათ პარტიაში სუს-მა შემაგზავნა, ძირშივე მცდარია - იმ დროს სუს-ი არ არსებობდა და შესაბამისად, ვერც ჩამნერგავდა...
მისი თქმით, როდესაც „თავისუფალი ზონის" შვილობილი ორგანიზაციის, „საქართველოს ერთგულების სახლის" შექმნის მიზანი ცხადი გახდა, მას და სხვა წევრებსაც პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ.
„როდესაც ინტენსიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ არჩევნები წაგებული იყო და ჩვენ მის შემდეგ უნდა გვემოქმედა, აბსოლუტურად გასაგები იყო ყველასთვის, რომ ეს დავალება მოდიოდა უკრაინიდან, კონკრეტულად კი სააკაშვილისგან. გვქონდა პროტესტი და კითხვა - რად გვინდა ეს ძალადობრივი გზა, რევოლუციები და სხვადასხვა სცენარები? ხომ შეიძლება, სხვა გზაც არსებობდეს. ამაზე შიგნითაც გვქონდა საუბრები კონკრეტულ პერსონებთან და მათთანაც ვთანხმდებოდით ამაზე.
შესაბამისად, ჩემს მეგობრებსაც ვეუბნებოდი, იქნებ წავიდე უკრაინაში და მიშასაც დაველაპარაკო ამ თემაზე, იქნებ კონკრეტული პასუხი მივიღო-თქო", - განაცხადა ბესო კალაძემ.