logo_geo
eng_logo
ნუგზარ ერგემლიძე: ნათელაშვილსა და ნაციონალებს შორის გარიგება ჩემს ზურგს უკან შედგა!
- +

6 ოქტომბერი. 2016. 18:33


 


ცნობილმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და პოეტმა ნუგზარ ერგემლიძემ, რომელიც 2008 წელს ლეიბორისტული პარტიის ეგიდით საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, გასულ კვირას სკანდალური განცხადება გააკეთა - თავის დროზე ლეიბორისტების საარჩევნო სიაში შალვა ნათელაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გარიგების შედეგად მოვხვდიო. ერგემლიძის ამ განცხადებამ ბევრი კითხვა გააჩინა, რომლებზეც პასუხის მისაღებად თავად მომღერალსა და ყოფილ პარლამენტარს დავუკავშირდით.


- ბატონო ნუგზარ, შეგიძლიათ, გაიხსენოთ, თავიდანვე როგორ მოხდა თქვენი პოლიტიკური გადაკვეთა ლეიბორისტულ პარტიასთან?

 

- სოსო შატბერაშვილი ჩემი ძალიან ახლობელია და მთელი ოჯახით ყოველთვის ლეიბორისტული პარტიის მომხრე ვიყავით, მაგრამ მას შემდეგ, რაც განხეთქილება მოხდა და ლეიბორისტებს შატბერაშვილი, ძაგანია, ჯიბლაძე და სხვები გამოეყვნენ, მათი პარტიის - „მემარცხენე ალიანსის" მხარდამჭერი გავხდი.


სწორედ ლეიბორისტულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ 2008 წელს საარჩევნო სიაში ნათელაშვილსა და ნაციონალებს შორის შემდგარი გარიგების შედეგად მოვხვდი.


- პირადად შალვა ნათელაშვილმა შემოგთავაზათ, ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო სიაში ყოფილიყავით?

 

- 2008 წელს ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო სიაში ყოფნა ჩემმა მეგობარმა და ძალიან ახლობელმა ადამიანმა - სოსო შატბერაშვილმა შემომთავაზა, თუმცა, არც ის იყო საქმის კურსში, რომ ნათელაშვილსა და ნაციონალებს შორის გარიგება არსებობდა.


- თუ შეთავაზება თქვენი მეგობარი შატბერაშვილისაგან მიიღეთ, სააკაშვილისა და ნაციონალების ხელი როგორღა ერია ამ საქმეში?

 

- ბევრ რამეს და, მათ შორის, ჩემთან დაკავშირებით არსებულ გარიგებასაც ნათელი მას შემდეგ მოეფინა, რაც ლეიბორისტულ პარტიაში განხეთქილება მოხდა, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნათელაშვილსა და ნაციონალებს შორის შემდგარ გარიგებასთან შატბერაშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონია.


- ცოტა უცნაური ამბავია - თუ ყოველთვის ლეიბორისტების მხარდამჭერი იყავით და მათ კურსს იზიარებდით, ნაციონალებმა რატომ გადაიხადეს ფული, რომ ლეიბორისტული პარტიის სიით პარლამენტის წევრი გამხდარიყავით?

 

- მე არ მითქვამს, რომ ვინმემ ამაში ფული გადაიხადა, გარიგება, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი იყოს და მაინცდამაინც ფინანსურ ფაქტორთან არ გვქონდეს საქმე.


- კი მაგრამ, კონკრეტული ციფრი - 800 ათასი ლარი - თქვენ არ დაასახელეთ?

 

- არავითარ შემთხვევაში! მე ვთქვი, რომ იმ პერიოდში პრესაში ხშირად იწერებოდა, თითქოს ნათელაშვილმა სიაში ჩემი ჩასმის სანაცვლოდ 800 ათასი  ლარი აიღო, რისიც არ მჯეროდა და ყოველთვის კატეგორიულად უარვყოფდი ამ ფაქტს. ჩემთვის ძალიან აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო, როცა ამ გარიგებაზე ლაპარაკობდნენ, თუმცა, დღეს დავრწმუნდი, რომ კვამლი უცეცხლოდ არ გაჩენილა.


- მაინც რაში დარწმუნდით?

 

- დავრწმუნდი, რომ ჩემთან დაკავშირებით მართლაც შედგა გარიგება ნათელაშვილსა და ნაციონალებს შორის, თუმცა, ციფრებზე და თანხებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ვერ ვიკადრებ იმის თქმას, რაც ჩემი თვალით არ მინახავს.


- აბა, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ნათელაშვილსა და ნაციონალებს შორის თქვენს კანდიდატურაზე გარიგება არსებობდა?

 

- ამის შესახებ ინფორმაცია მომაწოდეს ჩემთვის ძალიან სანდო ადამიანებმა, რომლებისაც მჯერა და მათ ნათქვამში ეჭვი არ შემაქვს.


- მაშ, გამოდის, რომ ლეიბორისტული პარტიიდან თქვენი გადეპუტატება ნაციონალების ინტერესში შედიოდა?

 

- როგორც ჩანს, ეს ორივე მხარის ინტერესებში შედიოდა და ამიტომაც გარიგდნენ ჩემს ზურგს უკან.


სხვათაშორის, ნათელაშვილი ყოველთვის მითვლიდა, შოუებში ნუ იღებ მონაწილეობასო, არადა, მე სწორედ შოუბიზნესის წარმომადგენელი ვარ. ახლა რომ ვუყურებ, ნათელაშვილი თვითონ მონაწილეობს ყველა შოუში.


- ბატონო ნუგზარ, ადრე მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კუდ-ის დირექტორის დათა ახალაიას ყოფილი მოადგილე, ცნობილი დამჭერი და ამჟამად ძებნილი სოსო თოფურიძე თქვენი დეიდაშვილია. ეს მართალია?

 

- სოსო თოფურიძე ჩემი დეიდაშვილი არ არის, მაგრამ ვადასტურებ, რომ ნათესავია!


საერთოდ, უამრავი ნათესავი მყავს, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ მათ იდეებს ვიზიარებ. მაგალითად, ლეიბორისტი ნათესავიც მყავს, ნაცი ნათესავიც მყავს და ჩემს ნათესავებში „ოცნებასაც" ბევრი უჭერს მხარს.


მეტსაც გეტყვით - სამი მამიდა მყავს, და სამივე სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციაზე დგას. ეს საქართველოა, ჩემო კარგო!


- ე.ი. ადასტურებთ, რომ სოსო თოფურიძე თქვენი ნათესავია?

 

- თქვენ, ალბათ, ის გაინტერესებთ, ჩემთან დაკავშირებით ნათელაშვილსა და ნაციონალებს შორის გარიგება სოსო თოფურიძის მეშვეობით ხომ არ მოხდა?  გიპასუხებთ - შესაძლოა, ეს გარიგება სოსო თოფურიძის მეშვეობით მოხდა, შესაძლოა, ვინმე სხვა პირი იყო ამაში ჩარეული, მაგრამ მთავარია, რომ ნათელაშვილსა და ნაციონალებს შორის გარიგება ჩემს ზურგს უკან შედგა და 4 წელი ისე ვიყავი პარლამენტის წევრი!

 

P.S. ნუგზარ ერგემლიძის სკანდალური განცხადების კვალდაკვალ ლეიბორისტული პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელს ქეთი დოლიძეს დავუკავშირდით და ვკითხეთ: - ქეთი, ერგემლიძის განცხადებებთან დაკავშირებით თქვენი პარტიის რომელიმე ლიდერი კომენტარს არ გააკეთებს?

 

- კარგი რა, ასეთ არასერიოზულობაზე კომენტარი როგორ უნდა გავაკეთოთ, როცა საარჩევნო კამპანია გვაქვს გახურებული და რეგიონებში სერიოზულ შეხვედრებს ვმართავთ?! კარგად ვიცით, რატომ და რა განზრახვით ტრიალებს მედიაში ეს თემა.


- ე.ი. პარტიის პოზიციაა, რომ ერგემლიძის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებთ?

 

- დიახ, ჩვენი პოზიციაა, რომ სერიოზულ საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართული და არასერიოზულ თემებზე კომენტარს არ ვაკეთებთ!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner