ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გოგლიჩიძე აქტიური პოლიტიკური ფიგურა იყო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი გახდა. გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში იგი იხსენებს, რომ მის ოჯახს ემუქრებოდნენ და საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც დაიჭირეს.
„2006-2010 წლების პარლამენტში ვიყავი საკრებულოს წევრი და წარმოვადგენდი ლეიბორისტულ პარტიას. 2007 წლის 7 ნოემბერს ვიყავი აქციების მონაწილე და ამის შემდეგ იყო შერბილებული წნეხი ჩემი მისამართით. 2008 წელს ზესტაფონის რაიონში მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს და მათთვის, ჩემი აქტივობით, სრულიად მიუღებელი ვიყავი. ყველაფერს კადრულობდნენ, ყოველგვარი პოლიტიკური ჩარჩოს გარეშე.
ოფისში ხელყუმბარა შემომიგდეს, რაც, საბედნიეროდ, მსხვერპლით არ დასრულდა. ჩემი მანქანით ჩემი მეგობარი მოძრაობდა, მაშინ მანქანები დაბურული მინებით იყო, ვერ შეამჩნიეს, რომ მე არ ვიყავი და საგარეჯოს შესასვლელში დაესხნენ თავს. არ ვიცი, რამდენი რამე ჩამოვთვალო. მხვდებოდა მესიჯები, წერილები, ამონაბეჭდი და არა ხელნაწერი. წერილებში ეწერა, რომ თავი თუ არ გიყვარს, შვილები მაინც უნდა გიყვარდესო. ჩემი მეუღლე დილით გავიდა და კარში დახვდა ჩადებული ასეთი ბარათი-მესიჯი", - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
მისი თქმით, „ზესტაფონგაზი" მის წინააღმდეგ აქციების გამართვის ნაცვლად ფინანსურ გარიგებას ჰპირდებოდა, რაზეც გოგლიჩიძემ უარი განაცხადა.
„2006 წელს, როცა საკრებულოში შევედი, რაიონში გაზი გამოირთო. გავაკეთე პრესკონფერენცია და განვაცხადე, რომ, თუ რაიონში გაზი არ ჩაირთვებოდა, 3 იანვრიდან დაიწყებოდა პერმანენტული აქციები ადგილობრივი ხელისუფლებისა და მაშინდელი „ზესტაფონგაზის" წინააღმდეგ. პრესკონფერენციამდე მოვიდნენ შუამავლები და მთხოვეს, არ ჩამეტარებინა პრესკონფერენცია და ამაში ფულს გადამიხდიდნენ. იმ პერიოდში დავალიანება 72 000 ლარი იყო. მე მათ განვუცხადე, რომ ჩემთვის თანხის მოცემას სჯობდა, დავალიანება გადაეხადათ და მთელ რაიონს გაზი ექნებოდა. არც მე მექნებოდა სათქმელი და აღარც პრესკონფერენციის ჩატარების მიზეზი მექნებოდა.
კონკრეტულად ვერც სახელებს და ვერც თანხას ვერ დავასახელებ, არ მინდა, ამ ადამიანებს უხერხულობა შევუქმნა, ვინაიდან ისინი გამოყენებული იყვნენ შუამავლებად მაშინდელ „ზესტაფონგაზსა" და ჩემს შორის. ამის შემდეგ ჩემთან ფინანსური გარიგება 2008 წელს სცადეს და საპარლამენტო არჩევნების წინ ფინანსური რესურსის სანაცვლოდ მაჟორიტარობის კანდიდატურის მოხსნა შემომთავაზეს. მე მათთვის წარმოვადგენდი პრობლემას და ამ პრობლემის განეიტრალება უნდოდათ. ეს რომ ვერ მოახერხეს, ყველაზე დიდმა წნეხმა სწორედ ამ პერიოდში იმატა. 2008 წლის 23 თუ 24 მაისს მაშინდელი რაიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დამაკავა და წამიყვანა თბილისში", - განაცხადა გოგლიჩიძემ.
გიორგი გოგლიჩიძის თქმით, იგი სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს და აღნიშნა, რომ არა ახალი ხელისუფლება, ციხიდან ვერ გამოვიდოდა.
„სულელური ბრალდებების გამო დამაკავეს: ავარიისადმი გულგრილობა, როდესაც, მაგალითად, მიდიხარ ქუჩაში, არის დაზარალებული და არ აღმოუჩენ დახმარებას და სათანადო ყურადღებას არ მიაქცევ და მეორე ეხებოდა მედიკოსებს, იძულებით ნაყოფის მოცილება.
როგორც კი თბილისში ჩამიყვანეს, გამიშვეს, ე.წ. მოდულის შენობამდეც კი არ მივსულვარ. შემდეგ იყო 2011 წელი. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. ამის შემდეგ ჩემი მეგობარი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემთან შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის სიძეს უნდოდა. სატელეფონო საუბარი შედგა და მე განვუცხადე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებდი. რამდენიმე საათის ინტერვალში მოჰყვა ჩემი მეგობრების ზარი, რომ განცხადება გამეკეთებინა და გვერდში დავდგომოდი ახალ გაერთიანებას. ეს მეგობრები იყვნენ იმერეთის რეგიონის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ზუსტად მეორე დღეს გავხდი „ნაციონალების" ინტერესის საგანი. ბიზნესში ვიყავი და ბიზნესის აყვავებას მპირდებოდნენ. მე უნდა გავმხდარიყავი „ნაციონალური მოძრაობის" აგენტი, შევიდოდი „ქართულ ოცნებაში" და მივაწვდიდი ინფორმაციას. ზუსტად მაშინ დაიწყო ყველაფერი, მოდულში დაბარება, პროკურატურაში დაბარება. ეს იყო დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე. პირველად მოდულში 2011 წლის ოქტომბრის 11 ან 12 რიცხვში დამიბარეს. მთავაზობდნენ მეგობრობას, თუ მათ მოვეხმარებოდი, გამიკეთებდნენ პოლიტიკურ კარიერას და ბიზნესში ხელს შემიწყობდნენ. მე უარი ვთქვი. წამიყენეს ბრალდება - საბუთების გაყალბება კომპანია „ვისოლიდან", სადაც ერთი დღეც კი არ გვიმუშავია. იყო ასეთი პიროვნება, სააქციო საზოგადოება „არქეოპოლისის" მფლობელი დემურ გაგელია, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა. ისე შეკერა საქმე, რომ მე დამიჭირეს. ამის შემდეგ, იმდროინდელმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა დემურ გაგელია ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა პრეზიდენტის სახელით. მე დამიჭირეს 2011 წლის 10 ნოემბერს და საპყრობილე დავტოვე 2012 წლის 20 ნოემბერს. სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლეს. მთავრობა რომ არ შეცვლილიყო, ვერ გამოვიდოდი, ცოცხალი არ ვიქნებოდი. ექსპერტების ბევრი დასკვნა არსებობს ჩემს ჯანმრთელობაზე, ერთ-ერთია დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელის ნიკა მელიას მამა ანზორ მელია. მის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში გადამიყვანეს. მესამე დღეს ისევ ჩემი ციხეში გადაყვანა უნდოდათ. მან გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მისი კლინიკა არ დამეტოვებინა. ჯანდაცვის დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელს დაუკავშირდა და უთხრა, რომ, როგორც ექიმი, არ დაუშვებდა, რომ იქიდან ვინმეს წავეყვანე. ეუბნებოდა, რომ ყველანაირი სასიცოცხლო რესურსი მაქვს ამოწურული და თუ საავადმყოფოს დავტოვებდი, აუცილებლად გარდავიცვლებოდი. ფსიქოტროპული პრეპარატებით ვიყავი გაჟღენთილი, კრუნჩხვები და ჰალუცინაციები მემართებოდა, ძალიან მძიმე მდგომარეობა მქონდა. ეს დამაფიქრებელი უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობისთვის", - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.