logo_geo
eng_logo
ბუბა კუდავა: ჩვენი წიგნის მაღაზია განსაკუთრებული და მუდმივად ახალი იქნება
- +

6 ოქტომბერი. 2016. 22:24



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა წიგნის მაღაზიას ხსნის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:


წიგნის მაღაზიებზე ბავშვობიდანვე ვგიჟდებოდი და იმ დროიდანვე მინდოდა საკუთარი მაღაზია მქონოდა. 3 ათეული წელი დამჭირდა ამ სურვილის ასასრულებლად.

 

წიგნის მაღაზიის გასახსნელად ყველაზე პოლიტიკური დღის წინა, ყველაზე აპოლიტიკური დღე შევარჩიეთ. ხვალ, როცა დროებით წყდება აგიტაცია, ჩვენ წიგნის აგიტაციას ვიწყებთ. აქ, ჭავჭავაძის 17ბ-ში, ადრე გამომცემლობა „არტანუჯის" ოფისი გვქონდა.

 

კოლექტივი ძირითადად ახალგაზრდული იყო. მუშაობდა ერთი ხმელი, მაღალი და ხანშიშესული კაციც, რომელიც ყველაზე გვიან მოდიოდა და ყველაზე ადრე მიდიოდა.

 

შაქრო ბაბუა ყარაული იყო. ერთხელ შევამჩნიე, რომ ჩაფიქრებული, ხელზე ჩამოყრდნობილი, დიდხანს, ერთ-ერთი კომპიუტერის მონიტორს უყურებდა. კომპიუტერზე მუშაობა არ იცოდა და დავინტერესდი, რამ მიიქცია მისი ყურადღება ასე. ზურგიდან მივადექი და დავინახე, რომ დესკტოპზე დაყენებულ, სვანეთის ერთი ულამაზესი სოფლის ფოტოს მისჩერებოდა. ლატალის თემში დაიბადა და გაიზარდა შაქრო ბაბუა და სწორედ ამ სოფელს - ლაჰილს გასცქეროდა მთელი ბავშვობა საკუთარი სახლიდანაც.

 

ვერაფრით ეგუებოდა ჩვენს რეჟიმს და სულ გვსაყვედურობდა - წადით დაისვენეთ, ღამე რატომ მუშაობთ, დილას იმუშავეთო... წლების შემდეგ აქ წიგნის მაღაზიის გახსნა გადავწყვიტეთ. სახელწოდებაზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერაფერი მოვიწონე.

 

ერთხელ ძველ ოფისს მანქანით მივადექი, გავაჩერე, შესასვლელთან ამოსულ ვაზს გავხედე და ახალგაზრდა თანამშრომელს განვუმარტე - ეს ვაზი შაქრო ბაბუამ დარგო-მეთქი.

იმწამს მივხვდი, რაც უნდა დამერქმია წიგნის მაღაზიისთვის.

. . . . . . . .

იყო დრო, თბილისში ბევრი წიგნის მაღაზია გვქონდა. მერე ნელ-ნელა ყველა დავიწროვდა და დაიკეტა. მერე დიდი პაუზა იყო. მერე გაჩნდა თითო-ოროლა. მახსოვს, როგორი მოვლენა იყო. მერე მომრავლდა და დღეს უკვე საკმაოდაა.

თუმცა მაინც მგონია, რომ ჩვენი წიგნის მაღაზია განსაკუთრებული და მუდმივად ახალი იქნება.

რატომ?

ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს ამისთვის და იმიტომ.

რითი?

მობრძანდით და ნახეთ, რითიც.

ხვალ, 7-ში, 7 საათზე, 17ბ-ში.

გელით ხვალაც და მერეც. მერეც და იმის მერეც", - წერს კუდავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner