ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი „facebook"-გვერდზე წერს, რომ დღეს კიდევ ერთხელ გადადეს ბუტა რობაქიძის სასამართლო პროცესი.
ია მეტრეველი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესა და ხელისუფლებას სთხოვს, არ დაუშვან კვლავ უსამართლობა სასამართლოს მხრიდან და ბოლომდე მიიყვანონ მისი შვილის საქმე.
„ჩემო მეგობრებო, დღეს კიდევ ერთხელ გადადეს ბუტას სასამართლო პროცესი, ვითომ იმ მოტივით, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გახდა ავად, რისიც არც მე და არც საზოგადოებას არ სჯერა, მოსამართლეს არ წარმოუდგენია ჩვენთვის ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს ხდება მიზანმიმართულად, მიზანმიმართულად აჭიანურებენ პროცესებს, რომ არჩევნებამდე მივიდნენ, რადგან ფირცხალავას და მისნაირებს დიდი იმედი აქვთ ხელისუფლების შეცვლისა, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ ეღირსებიან. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სასამართლო პროცესი უნდა ჩატარებულიყო ძალიან მცირე ზომის დარბაზში, რათა ხალხი ვერ დასწრებოდა პროცესს, ასევე, დარბაზი გაყოფილი იყო მინის კედლით, საიდანაც საერთოდ არ ისმის არც მოსამართლის და არც არავის საუბარი.
მინდა, ჩემი ხმა გაიგონოს ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ და ასევე ხელისუფლებამ, არ დაუშვათ კვლავ უსამართლობა სასამართლოს მხრიდან, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის მეოთხე წლის ბოლოს მაინც მიიყვანეთ საქმე ბოლომდე და ჩემი ერთადერთი, სრულიად უდანაშაულო, 19 წლის შვილის ასე უბრალოდ, ჩიტივით, სიცოცხლის გამოსალმება არ შეარჩინოთ დამნაშავეებს.
მინდა, შეგახსენოთ რომ თქვენც გყავთ შვილები და დაგიფაროთ ისინი უფალმა, თუმცა, ერთი წუთით მაინც რომ წარმოიდგინოთ ჩემი თავი თქვენს ადგილას, რა დაგემართებათ... სამართალს ელოდება საზოგადოება და იმედს ვიტოვებ, მალე დასრულდება ჩემი და არა მარტო ჩემი, საზოგადოების ასეთი ნერვების წყვეტა და დაცინვა სასამართლოს მხრიდან", - წერს ია მეტრეველი.