უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას ხელი მოაწერა - ამის შესახებ საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა facebook-ზე წერს და დასძენს, რომ ინფორმაცია მას უკრაინიდან მიაწოდეს.
„ახლახანს მაცნობეს უკრაინიდან, რომ დღეს საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას, ცხადია, უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მიერ. ამ ბრძანებას პოროშენკო თავად გააცნობს სააკაშვილს ხვალ, როდესაც ის ოდესაში ჩავა!", - წერს გოგავა.
გოგავას ინფორმაციით, სააკაშვილს ოდესის გუბერნატორის პოსტზე ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ივანე პლაჩკოვი შეცვლის.
„ინფორმაცია არაოფიციალურია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები", - წერს გოგავა.
პ.ს. „რეპორტიორს" აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობის დადგენა ამ დროისთვის არ შეუძლია.