არ მქონდა მოლოდინი, რომ სანდრა რულოვსს რამეზე პასუხი ექნებოდა, ან მისგან სინანულს დავინახავდი, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.
„13 წლის მანძილზე, ამ ქალბატონს ჩემი და ჩემნაირად გაუბედურებული დედების მიმართ არანაირი სიანანული არ გამოუხატავს, რადგან ასეთ ხალხს სინანულის გრძნობა საერთოდ არ გააჩნია. რულოვსთან იმიტომ მივედი, რომ ძალიან გავღიზიანდი, როცა ის ცხვრის ტყავში გახვეული, მომღიმარი სახით დავინახე. ისინი რევანშის სურვილით არიან შეპყრობილი და ხელისუფლებაში დაბრუნება იმიტომ სურთ, სული იმათაც ამოხადონ, ვისაც ჯერ კიდევ ვერ ამოხადეს", - განაცხადა მეტრეველმა.
როგორც ბუტა რობაქიძის დედამ აღნიშნა, ის კმაყოფილია, რომ სანდრა რულოვსს სიმშვიდე დაურღვია.
„გულწრფელად შემეცოდა ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ, რადგან არქიფო სეთურმა ისინი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ამ ხალხის ამ მდგომარეობამდე მიყვანა „რუსთავი 2"-ის გავლენაა. თავიდან ამ ადამიანებმა იმიტომ ვერ მიცნეს, რომ ისინი მხოლოდ „რუსთავი 2"-ს უყურებენ, სადაც ჩემზე და ჩემნაირად გაუბედურებულ დედებზე არ საუბრობენ. სცენაზე ასვლა და სანდრა რულოვსთან შეხვედრა სწორედ ამიტომ მოვახერხე, თორემ მათ რომ ვეცნე, შეიძლებოდა, იქვე ჩავექოლე. კმაყოფილი ვარ, რომ სანდრა რულოვსს სიმშვიდე დავურღვიე", - განაცხადა მეტრეველმა.
მისი თქმით, სანდრა რულოვსი ისეთივე დამნაშავეა, როგორც - მისი მეუღლე, რადგან ის პოლიტიკური ფიგურა იყო.
"სანდრა რულოვსი ისეთივე დამნაშავეა, როგორც - მისი მეუღლე, რადგან ეს ქალბატონი პოლიტიკური ფიგურა იყო. მას სერიოზული ბრალდებები აქვს წაყენებული და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ", - განაცხადა ია მეტრეველმა.