logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობის ანატომია
- +

7 ოქტომბერი. 2016. 11:23


 

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე წერილს აქვეყნებს:


„ხვალ არჩევნებია. მიუხედავად იმისა, რომ თავად არჩევნებში არ მონაწილეობს და კენჭს არ იყრის, ამ საარჩევენო კამპანიის დროს ყველაზე ხშირად ბიძინა ივანიშვილის სახელი ისმოდა. ვინაიდან აქტიურად არის ჩართული საარჩევნო პროცესში, ლამის სოფელ-სოფელ დადის, ხვდება რეგიონულ მედიას და მოსახლეობას, კვირაში ორჯერ ტელევიზიით გამოდის და ამომრჩევლებს უხსნის, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი მაინცდამაინც „ქართულ ოცნებას" და, პირიქით, რატომ არ უნდა მისცენ ხმა „ნაცებს" და „ლეიბორისტებს".


საპასუხოდ მისი მისამართითაც უამრავი კრიტიკა ისმის და ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა უნდა ამ ადამიანს? რატომ ერევა ამ არეულ-დარეულ პოლიტიკურ პროცესში? იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავს და ოჯახს მიხედოს და ტკბილად შეირგოს, რაც ღმერთის და ნიჭის წყალობით შეუძენია, რას ალანძღვინებს თავს ვიღაცებს?!. ან ჩვენგან რა უნდა, რას გვიხსნის და გვიმტკიცებს?


ან რატომ უნდა გაითვალისწინოს ვინმემ მისი რჩევა, როდესაც თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ ბიძინაზე უფრო ჭკვიანურად და საქმიანად განვკარგავდით მის ქონებას; მართლაც, რამდენი საინტერესო საქმის გაკეთება შეიძლებოდა მისი ფულით, მაშინ როდესაც თავად ბიძინა, კაცმა არ იცის, რაში ხარჯავს, რაც, რასაკვირველია, მოქალაქეების „სამართლიან" უკმაყოფილებას იწვევს.


რატომ უნდა მოვუსმინოთ იმ ადამიანს, რომელიც ისეთ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც, ვინ იცის, შეიძლება ხიფათს შეიცავდეს საზოგადოებისთვის.


ასეულობით მილიონი დახარჯა ხუთასორმოცდაათზე მეტი ისტორიული ძეგლის აღდგენაზე, ოპერის გარემონტებაზე, თეატრების გარემონტებაზე, საკონცერტო დარბაზების მშენებლობაზე, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ იგი ამით თავის მთავარ მიზანს ნიღბავდეს და სინამდვილეში ქართული ისტორიის და კულტურის განადგურება სურს?! შეიძლება, რატომაც არა?!


ბოტანიკურ ბაღებს, ნაკრძალებს და გარემოს მოვლას რომ მილიონებს ახარჯავს, ხომ შეიძლება ეს იმას ნიშნავდეს, რომ ბუნების მტერია?! შეიძლება, რატომაც არა?!


ხომ შეიძლება იმიტომ აშენებდეს რაგბის სტადიონებს მთელ საქართველოში, რომ ქართული სპორტის მომავლის მოსპობა სურს?! შეიძლება, რატომაც არა?!


ხომ შეიძლება, სინამდვილეში ადამიანები სძულს და ეს რომ არ შეეტყოს, ამის გამო ხარჯავს ასეულობით მილიონს საავადმყოფოების მშენებლობაში და რემონტებში და სწორედ ამ სიძულვილის გამოა, რომ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება? შეიძლება, რატომაც არა?!


არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნის წარსულში დაბრუნებას ლამობს და სწორედ ამის გამო ახარჯავს ასეულობით მილიონს სკოლებისა და უნივერსიტეტების მშენებლობას და აღჭურვას. ბოლო პროექტი კი, რომელიც ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს და თითქმის მილიარდი ჯდება, არ არის გამორიცხული კატასტროფით დაემუქროს ქუთაისსაც და საქართველოს განათლების სისტემასაც.  შეიძლება, რატომაც არა?!


თუ მედიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ პოლიტიკოსები, ექსპერტები და ჟურნალისტები, ძირითადად, ასეთ და ამაზე უფრო მძიმე კითხვებსაც სვამენ და გამოთქვამენ ეჭვებს, რომ  ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება, რაიმე დიდ საფრთხეს გვიმზადებს, თორემ თუ ასე არ არის, მაშინ გამოდის, რომ ამ ადამიანს თავისი ქვეყანა ჰყვარებია და მადლობა უნდა ვუთხრათ, რაც ეწინააღდეგება ჩვენს ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, არც ერთი კეთილი საქმე დაუსჯელი არ უნდა დაგვრჩეს.


თანაც ამ მასშტაბის ქველმოქმედებას საქართველოს ისტორიაში პირველად ვხედავთ და რატომ უნდა გვეგონოს, რომ ყველაფერი ეს კეთილი ზრახვებით და ჩვენს სასიკეთოდ ხორციელდება, როცა ბევრი სხვა ახსნაც შეიძლება მოიძებნოს. შეიძლება, რატომაც არა?!


ხომ შეიძლება, ამას იმიტომ აკეთებდეს, რომ სადღაც ბევრი ფული იშოვა და არ იცის, სად წაიღოს ან, რაც უარესია, ამით სურს, ჩვენი კეთილგანწყობა მოიპოვოს და შემდეგ ისეთი რამ გვირჩიოს და გაგვაკეთებინოს, რაც სწორ გზას აგვაცდენს? შეიძლება, რატომაც არა?! 


ან როგორ შეიძლება, რამე დავუჯეროთ იმ ადამიანს, რომელმაც საშინელება ჩაიდინა და ერთი ადგილიდან მეორე ადგილას ხე გადარგო, რაც მანამდე საქართველოში არავის უქნია?!


ერთი შეხედვით თითქოს ტრაგიკული არც არაფერი მომხდარა, ადამიანმა ხე იყიდა და გადარგო. იმასაც ამბობენ, რომ გადარგული ხეც კარგად გრძნობს თავს და არც კოდალას უჩივისო, მაგრამ, ალბათ, მაინც რაღაც დიდ ბოროტ ზრახვასთან გვაქვს საქმე, თორემ ასე უბრალოდ ხის გადარგვა ვის გაუგია? ამდენი ტყულად ხომ არ ვილაპარაკეთ და ვინერვიულეთ იმ ხის გამო, რამდენჯერ გამოვთქვით ტრადიციული სინანული, რომ ივანიშვილი არ იშლის თავისი ფულის უაზროდ ხარჯვას და არც ვინმე ჰყავს, რომ დაუშალოს, ანუ როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე: „მოეცა ეს ფული ჩემთვის და ნახავდით, რასაც ვიზამდი..."


როგორც ვხედავთ, ბევრ კითხვას ბადებს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა, მაგრამ მთავარი კითხვა მის პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ჩნდება, მით უმეტეს, რომ ივანიშვილი დადის რეგიონებში და არწმუნებს მოსახლეობას, რომ „ოცნებას" დაუჭირონ მხარი.


აქვს კი საერთოდ ბიძინა ივანიშვილს აზრის გამოთქმის უფლება?! იგივე პოლიტიკოსები და ექსპერტები ხშირად სვამენ ამ კითხვას და მათი უმრავლესობა თანხმდება, რომ მას აზრის გამოთქმის უფლება არა აქვს, მით უმეტეს, ვინმესთვის რჩევის მიცემის.


ქვეყანაში სწორედ იმიტომაც არიან პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომ მათ უნდა გამოთქვან აზრები და მოსახლეობას მისცენ რჩევები. ბიძინა ივანიშვილი კი არც ერთია და არც - მეორე, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ თავს შეიკავებს და ოქროს თევზივით პირში წყალჩაგუბებული განაგრძობს სურვილების შესრულებას.


არადა, ბევრი ამომრჩევლის პოზიციას და წლევანდელი არჩევნების შედეგსაც, ისევე როგორც 2012-ში, დიდწილად სწორედ ბიძინა ივანიშვილისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს. ქვეყანაში დღესაც ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ წყალგამყოფს, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყო და დღესაც მიუღებელია სააკაშვილის რეჟიმი, ხოლო გარკვეულ ნაწილს კი მოსწონდა და დღესაც მოსწონს.


განვლილი ოთხი წელი და, თუნდაც, ბოლოს განვითარებული მოვლენები, მიგვანიშნებს, რომ 2016 წლის არჩევნები 2012 წლის კონტექსტში უნდა განვიხილოთ და ჯერ არ დასრულებულა ის ბრძოლა, რომელიც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო.


ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა" რევანშის აღებას ცდილობს და ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც თეორიულ შანსს ინარჩუნებს, იმის მიუხედავად, მოსწონთ თუ არა ეს სხვა პარტიებს და მათ ამომრჩევლებს, მესამე ცენტრის და ხელისუფლების ახალი ალტერნატივის შექმნა რთული იქნება და სწორედ „ქოცების" და „ნაცების" დაპირისპირება დარჩება ქართული პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალურ მოვლენად.


ამ ბრძოლაში კი ივანიშვილის ფაქტორის მნიშვნელობა ყველაზე კარგად (შეიძლება, მის მომხრეებზე ბევრად უკეთაც კი) სწორედ „ნაცებმა" გააცნობიერეს და ამიტომაც, მათ უმთავრეს სამიზნეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, ვინაიდან, მათი აზრით, თუ მის დასუსტებას და გზიდან ჩამოშორებას შეძლებენ, დანარჩენი პარტიების დაჯაბნას იოლად მოახერხებენ, რაც შეიძლება სიმართლისგან არც ისე შორს არის.


ამ მიზნის მისაღწევად პირველი დღიდანვე ჩაირთო შავი პიარის მანქანა, რომელმაც დაიწყო ბიძინა ივანიშვილის დემონიზაციის პროცესი ყველა მიმართულებით და  ამის გამო ინერგებოდა ზოგჯერ სრულიად აბსურდული ეჭვები საქველმოქმედო პროექტების მიმართ, რაც, რასაკვირველია, უკვალოდ არ ქრებოდა და გარკვეულ გავლენას ახდენდა საზოგადოებრივ აზრზე.


ალბათ, არც იმ ხეს და არც ამ ამბის ბევრ მონაწილეს აზრად არ მოსვლია, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ და ხის გადარგვასთან დაკავშირებით ატეხილი აწ უკვე კომიკურად ქცეული აჟიოტაჟი, რომელმაც თავის დროზე თითქმის მთლიანად შეავსო ქართული მედიასივრცე, სწორედ შავი პიარის ნაწილი და თვალსაჩინო ნიმუში იყო, რომელიც მომავალში ქრესტომათიულ მაგალითად გამოადგებათ შავი პიარის ისტორიის შემსწავლელებს.


არიან ისეთებიც, რომლებიც მიმდინარე პროცესების შეფასებას განზე მდგარი პოდიუმიდან აფასებენ და იქიდან ცდილობენ პოზიციონირებას, რომ, თითქოს, მათთვის ერთნაირად მიუღებელია სააკაშვილის და ივანიშვილის რეალობა და ამ აზრის დამკვიდრებას ცდილობენ. მაგრამ ისინი მოსახლეობის იმ ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენენ, რომლებსაც, ისევ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, სააკაშვილმა საგანგებოდ შეუქმნა კომფორტის ზონები ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის. აკვარიუმის თევზებზე არც გლობალური დათბობა მოქმედებს და არც - გლობალური აცივება.


„აკვარიუმის თევზებისგან" განსხვავებით სააკაშვილის რეჟიმში ნაცხოვრებ ძალიან ბევრ მოქალაქეს საკმარისი საფუძველი აქვს, იფიქროს, რომ „ნაცების" შესაძლო რევანშს ადრინდელზე უფრო სასტიკი ანგარიშსწორება მოჰყვება, რის გამოც, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მათთვის სულ ერთი ვერ იქნება. უფრო მეტიც, ივანიშვილის პროცესებიდან გასვლა ან ჩამოცილება, მათთვის საფრთხის შემცველ პერსპექტივას წარმოადგენს.


ქვეყანა ჯერჯერობით ისევ იმ ნიშნით იყოფა, რომ ვიღაცებისთვის გაუსაძლისი იყო სააკაშვილის რეჟიმში ცხოვრება, ვიღაცას კი მისი დაბრუნება ენატრება და ამიტომ, ცხადია, რომ ივანიშვილი მოვლენების ეპიცენტრში რჩება.


რატომ მოსწონთ ადამიანებს ძალადობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოში ცხოვრება, ამის გარჩევა შორს წაგვიყვანს, მაგრამ კაცობრიობის თუნდაც უახლესი ისტორიაც კი იმის დასტურია, რომ ადამიანების ნაწილი არა მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის გამო ეგუება ავტორიტარულ რეჟიმებს, არამედ ერთგვარ ფსიქოლოგიურ კმაყოფილებას განიცდის სასტიკი რეპრესიების პირობებში და მთელ თავის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს იყენებს ამ რეპრესიების აუცილებლობის გასამართლებლად. რაც უფრო მკაცრი და დაუნდობელია რეჟიმი, მით უფრო თავდავიწყებით უყვარდებათ სისტემის სათავეში მდგომი კერპი და ვინც ამ კერპს თაყვანს არ სცემს, თავის პირად მტრად მიაჩნიათ. მსგავსი ვითარება იყო საქართველოში სულ რაღაც ოთხი წლის წინ.


შეიძლება უცნაურად ჩანს, თუმცა, არც ძალიან გასაკვირია, რომ უკვე დამოუკიდებელი და ევროპული თავისუფლებისკენ მიდრეკილი ქვეყანის სათავეში მოსულმა ადამიანთა ჯგუფმა ნეოსტალინური მისწრაფებები გამოავლინა და დაამკვიდრა აზიური ტიპის ტირანია, სადაც წესად იქცა ყველა ანტიევროპული ღირებულება - ერთპიროვნული მართვა, მლიქვნელობა, უკანონობა, განუკითხაობა, აღვირახსნილობა, „გაკულაკება", მოქალაქეებისადმი უპატივცემულობა და პარტიული ლიდერის წარმართული კერპივით თაყვანისცემა.  


2011 წელს სააკაშვილი, ფაქტობრივად, ძლიერების ზენიტში იყო, მარტივ მამრავლებლად დაიშალა ისედაც სუსტი ოპოზიციური ერთობა და ქვეყანაში ხანგრძლივი დროით მკვიდრდებოდა უსამართლო და უგუნური ავტორიტარიზმი.


რეჟიმმა მაჯაზე გადაიხვია პროკურატურის, სასამართლოს, პარლამენტის, მედიის და ბიზნესის ყველა სადავე და მთელი ძალით აამუშავა ტვინების გამორეცხვის პროპაგანდის მანქანა. ყველაფერი მზად იყო, რათა უხლოეს პერიოდში საბოლოოდ ამოეშანთათ, თუ სადმე წინააღმდეგობის კერა იყო დარჩენილი.


არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, აღარ იყო დარჩენილი რაიმე ისეთი რესურსი ან ფაქტორი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" და მისი ლიდერის შეკავებას და დაბალანსებას შეძლებდა ან შეეცდებოდა. ხელისუფლების პირისპირ სრულიად მარტო და დაუცველი დარჩა რიგითი მოქალაქე, რომელსაც ისედაც არავითარი ღირებულება არ გააჩნდა რეჟიმის თვალში.


ქვეყანა ერთ დიდ ციხედ იყო გადაქცეული და როდესაც მისი კარი საბოლოოდ უნდა ჩარაზულიყო, როდესაც სრულიად მოულოდნელად პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ერთ წელიწადში დაასრულა რეჟიმი, რომელიც სამუდამო მართველობისა და თაობების გადაქელვისთვის ემზადებოდა. სწორედ აქ არის წყალგამყოფი მათ შორის, ვინც დარწმუნებულია, რომ ივანიშვილმა ქვეყანა და ადამიანები იხსნა და ვინც სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციაზე ოცნებობს.


ასევე ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩება მორალურ ლიდერად და ავტორიტეტად იმ მოქალაქეებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ 2012 წელს ქვეყანა ტირანიისგან გათავისუფლდა და ამ თავისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტად სწორედ ბიძინა ივანიშვილი ესახებათ.


თუ ქველმოქმედებასთან დაკავშირებით კიდევ შეიძლება ჰქონდეს გასავალი ირონიულ ვარაუდებს, რომ დახარჯული ასეულობით მილიონი დოლარის სანაცვლოდ ივანიშვილი თითქოს რაიმე სიკეთის მიღებას მოელის,  ან გულითად მადლობას მაინც (რასაც ქართველები სიცოცხლეში იშვიათად თუ ვინმეს ვაღირსებთ), პრინციპში შეუძლებელია მისთვის იმის დაბრალება, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე პირად სარგებელის საძებნელად გამოვიდა; ადამიანს ხომ სიცოცხლეც ფულივით ბევრი არა აქვს და როდესაც, კომფორტში გაქცევის ნაცვლად,  ივანიშვილმა სიცოცხლე ისე შეაგდო სასწორზე, რომ არც თანამდებობა უძებნია და, მით უმეტეს, არც ფული, ეს დაინახეს და დაუფასეს იმ ადამიანებმა, ვის გადასარჩენადაც იგი ქუჩაში გამოვიდა და რომლებიც დღემდე მის ძირითად მხარამჭერებად და დასაყრდენად რჩებიან.


მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც, რომ მან გამოამჟღავნა ნამდვილი ლიდერისთვის აუცილებელი თვისება - კრიტიკულ მომენტში თავგანწირვის უნარი და რეჟიმს გვერდიდან, სხვისი ხელით კი არ დაუწყო ბრძოლა, როგორც ამას შეძლებული ადამიანები ამჯობინებენ ხოლმე, არამედ, იმ საფრთხის მიუხედავად, რაც მის ოჯახს ელოდა,  თავად ჩაუდგა სათავეში უამრავი შევიწროებული და გამწარებული ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საერთო საქმეს, თუმცა, არანაირი გარანტია არ არსებობდა, რომ ასეთ საკითხებში უკვე დიდი გამოცდილების მქონე რეჟიმი რადიკალურ ზომებს არ მიმართავდა.


დღესაც, როგორც მისი საუბრებიდან ჩანს, ისევე როგორც 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის რეგიონებში სიარულის მთავარი მიზეზი ის არის, რომ „ნაცების" რევანშის და ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს.


გასათვალისწინებელია, რომ ოთხი წლის წინ მოსახლეობაში მძლავრი საპროტესტო მუხტი იყო და ივანიშვილმა შეძლო ამის სწორად ორგანიზება და წარმართვა - ადამიანები ავტორიტარიზმს ებრძოდნენ და მიაწყდნენ საარჩევნო ყუთებს. მაგრამ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ადამიანები მიეჩვივნენ თავისუფლებას. თავისუფლება ჩვეულებრივი რამ გახდა და ადამიანები გადაერთვნენ ყოველდღიურ პრობლემებზე, რის შესახებაც ჩვეულებრივად, შიშის გარეშე საუბრობენ. აღარ არსებობს ისეთი გამაღიზიანებელი ფაქტორი, როგორიც ოთხი წლის წინ და, შესაბამისად, ადამიანებს აღარ აქვთ არჩევნებზე წასვლის ისეთივე თვალსაჩინო მოტივი, ამიტომ, მოსალოდნელია 2012 წელზე დაბალი აქტივობა.


სამაგიეროდ, მაღალი მოტივაცია აქვთ სააკაშვილის მომხრეებს, ვიღაცას დაკარგული კეთილდღეობის დაბრუნება სურს, მეორეს კერპი ენატრება, მესამეს კიდევ სხვა მიზეზი აქვს და ამასთანავე ხვდებიან, რომ ეს მათი ხელისუფლებაში მოსვლის ბოლო შანსია. აქედან გამომდინარე, მათი დიდი უმრავლესობა მოვა არჩევნებზე.  


სწორედ ამიტომაც დადის ივანიშვილი რეგიონებში და არწმუნებს ადამიანებს, რომ უნდა დავიცვათ თავისუფლება, რომელიც 2012 წელს მოვიპოვეთ. პრინციპში, ის აკეთებს იმას, რასაც თითოეული პასუხისმგებლიანი მოქალაქე უნდა აკეთებდეს და აკეთებს კიდეც.


სწორედ ამის გამო ესხმიან მას „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი ადეპტები, რომელთაც ივანიშვილის აქტიურობა, ისევე როგორც 2012-ში, არც ამჟამად აწყობთ, რადგან იგი მათთვის მძიმე დაბრკოლებას ქმნის ხელისუფლებისკენ მიმავალ გზაზე.


ერთგვარი პოლიტიკური სიახლეა ის, რომ ივანიშვილს დღეს ხელისშემშლელად მიიჩნევენ და მწვავედ აკრიტიკებენ სახელისუფლო კოალიციის ყოფილი წევრებიც, რომელთაც მიაჩნიათ და, იქნებ არცთუ უსაფუძვლოდ, რომ ივანიშვილის თამაშიდან გასვლის შემთხვევაში „ოცნებას" გაცილებით მეტ კონკურენციას გაუწევენ. თუმცა, ამავე დროს, ისინი შეიძლება ნაკლებად ითვალისწინებენ რეალობას, რომ ივანიშვილის ფაქტორის გარეშე მათ შეიძლება ძალიან გაუჭირდეთ ძალადობის რევანშის შეჩერება და მთლიანად ქვეყანა დადგებას საფრთხის წინაშე.


ივანიშვილის პოლიტიკურ მოკავშირეებად რჩებიან ის მოქალაქეები, რომელთა ინტერესების დასაცავადაც გამოვიდა იგი ქუჩაში, რომლებისთვისაც ოთხი წლის წინაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მოძალადე რეჟიმის მოცილება და დღესაც მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმის ნარჩენებზე დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვოს დემოკრატიული პრინციპების დამცველმა რომელიმე პარტიამ, რისი ყველაზე მეტი შესაძლებლობაც ამჟამად „ქართულ ოცნებას" აქვს.


8 ოქტომბერს არჩევნების ბედს სწორედ ამ მოქალაქეების ნება გადაწყვეტს.


P.S. რაც შეეხება ქველმოქმედებას. რამდენიმე თვის წინ მეგობართან ერთად რაღაც ღონისძიებას ვესწრებოდი დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში. გამომსვლელებმა რამდენჯერმე ახსენეს ბიძინა ივანიშვილი და მადლობა გადაუხადეს მუზეუმის გარემონტებისთვის. ებრაელებს მილიონნახევარი ლარი არ გაუკვირდებოდათ, მაგრამ გონიერ ადამიანებს მადლობის თქმა არც ეზარებათ და არც ერცხვინებათ. თანაც მათ იციან, რომ უმადურობა წამგებიანია, ადამიანს გაკეთებული სიკეთე უნდა დაუფასო, რათა კიდევ უფრო მეტი კარგი საქმეების კეთების განწყობა შეუნარჩუნდეს და სხვებსაც მიბაძვის სურვილი გაუჩნდეთ".


ვასილ მაღლაფერიძე



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner