logo_geo
eng_logo
ელგუჯა მარღია: რა ასეთ საიდუმლო ინფორმაციას ფლობს თქვენზე გარეწარი გვარამია, რომ გეშინიათ მისი გამომზეურების?
- +

7 ოქტომბერი. 2016. 11:41



პოეტი და ჟურნალისტი ელგუჯა მარღია სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის მისამართით წერილს აქვეყნებს:



„ღია წერილი ბ-ნ პაატა ბურჭულაძეს!

 

ბ-ნო პაატა! მე ვარ ის ადამიანი, ვინც პირადად გადაწყვიტა 2015 წელს თქვენი დაჯილდოება და კიდევ ერთხელ საქვეყნოდ აღიარება... გრანდიოზულ ღონისძიებას ესწრებოდა მრავალრიცხოვანი საზოგადოება... თქვენ აღფრთოვანებული იყავით ამ ფაქტით და ბუნებრივია, ჩვენც გვიხაროდა, რადგან დღესაც ვთვლი, რომ თქვენი აპოლიტიკური მოღვაწეობა და მსოფლიო ცნობადობა-რეპუტაცია ნამდვილად იმსახურებდა, პატივი მიგვეგო თქვენი პერსონისთვის... დაჯილდოებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენ გავიგეთ, რომ თქვენ პოლიტიკაში აპირებდით გადაბარგებას...მიუხედავად ამ ინფორმაციისა, ჩვენ არ შეგვიცვლია აზრი და არც თქვენ გაკადრებდით... ჩემს ერთ-ერთ კრებულში შევიტანე თქვენდამი მიძღვნილი - „ერისკაცის რობაი" - რაც ორ სუვენირზე არის ამოტვიფრული და დარწმუნებული ვარ, სადმე ოთახშიც გიკიდიათ... ჩვენ სწორედ მაშინ ჩამოვართვით პირველად ერთმანეთს ხელი და სიყვარულითაც გადავეხვიეთ... (მას მერე არც შევხვედრივართ ერთმანეთს...). ამ საზეიმო დღის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას არქივში ვინახავ... გულწრფელად მიხაროდა თქვენს გვერდით გამოჩენა... ერთი სიტყვით, მახსოვს, თქვენ ვერ დამალეთ მაშინდელი სიხარულით გამოწვეული ემოცია და ისიც ბრძანეთ, რომ „უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის დაფასება... შევძლოთ ურთიერთსიყვარული"... ამაში არავინ შეგედავებათ, რადგან ეს გახლავთ სახარებისეული სიბრძნე... სიმართლე გითხრათ, მჯეროდა, რომ პოლიტიკაში თქვენი გააქტიურება ხელს შეუწყობდა ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და სტაბილურობას... მჯეროდა, რომ თქვენი პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში ითანამშრომლებდით „ქართულ ოცნებასთან"... ვთვლი, რომ სწორედ ეს სახელისუფლო პარტია არის ჩვენი სახელმწიფოს წინსვლის ერთ-ერთი უპირველესი გარანტი; ამ ეტაპზე ასეა, სანამ ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის შედეგად და საქართველოს აღმავლობის პარალელურად არ ჩამოყალიბდებიან სხვა პროქართული ორიენტაციის პარტიები... სწორედ იმის გამო, რომ თქვენს სახელმწიფოებრივ ხედვაზე ვამყარებდი იმედს, არასწორ შეფასებად აღვიქვამდი ჩემი მეგობრების, ცნობილი ჟურნალისტების, პუბლიცისტების, სხვადასხვა სფეროს აღიარებული მოღვაწეების ნაფიქრ-ნააზრევს, რაც ხშირად ე.წ. სტატუსების სახით იწერებოდა და ვრცელდებოდა „ფეისბუქის" მეშვეობით... მე კი - თქვენი გონიერების, წინდახედულების იმედი მქონდა და ამიტომაც გამოვთქვამდი ჩემს დადებით მოსაზრებას სოციალურ ქსელში... სამწუხაროდ, გულუბრყვილოდ ვცდებოდი... (ღმერთმა ქნას, პირიქით იყოს...)

 

ბ-ნო პაატა! ვიცი, არ გამცემთ დამაჯერებელ პასუხს, მაგრამ მაინც გეკითხებით: რა საშიშროებას ხედავთ ისეთს, რის გამოც გადაწყვიტეთ, ხაზი გადაგესვათ წლობით ნალოლიავები რეპუტაციისთვის?.. სწორედ იმიჯი და რეპუტაცია გახლავთ ყველაზე უმნიშვნელოვანესი კაპიტალი, მოგეხსენებათ... არსებობს ერთ-ერთი პიარ აქსიომა: ორმოცდაათი წელი მსახიობი მუშაობს იმიჯისთვის, შემდგომ იმიჯი მუშაობს მსახიობისთვის... საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები დამეთანხმებიან (არა მხოლოდ ისინი...), რომ თქვენ ეს ფასდაუდებელი კაპიტალი ერთიანად გაანადგურეთ და წყალში ჩაყარეთ... მიკვირს, რა უნდა მიგეღოთ ამის საზღაურად?... სამწუხაროდ, უკვე ვხედავ, რომ თქვენ აღმოჩნდით „ნაციონალების" გარკვეული ჯგუფის მძევალი... არ მინდა, დავიჯერო ( თუმცა ფაქტი სახეზეა...), რომ თქვენ შანტაჟის ტონით გიბედავთ ლაპარაკს ავანტიურისტი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მხილებული ნიკა გვარამია... ამ საუბრის მოსმენა (რაც არ უნდა გვარწმუნოთ, რომ დამონტაჟებულია...) ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო... რა ასეთ საიდუმლო ინფორმაციას ფლობს თქვენზე გარეწარი გვარამია, რომ აშკარად გეშინიათ მისი გამომზეურების?... ან რა გაგიკეთათ ისეთი სააკაშვილმა და მისმა სამარცხვინო ამქარმა, რომ ასე გაწირეთ ერთგული თანაპარტიელებიც, თქვენი მრავალრიცხოვანი დამფასებელი და რაც უმთავრესია, საკუთარი იმიჯი?... მიმძიმს ამისი წერა, მაგრამ თქვენ რაღაც ენით უთქმელ, გაუმხელელ, სენსაციურ საიდუმლოებას მალავთ და არ შეგწევთ მისი გამხელის ძალაც... გულწრფელად, განვიცდი, რომ თქვენ ასეთ დღეში აღმოჩნდით და გაიძულეს, გადაგედგათ ეს დამღუპველი ნაბიჯი!.. დღეს თქვენ მოიაზრებით სააკაშვილის სატელიტად, მის ლოკომოტივად, რომელიც სახელმწიფოს უფსკრულში გადაჩეხვას უქადის... თქვენ, სამწუხაროდ, იძულებით გიყენებენ და გაგწირავენ მაშინათვე, როცა ეს საჭირო გახდება... თქვენს ფიზიკურ განადგურებასაც მოინდომებს თქვენი დამქაში... ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდაც დაიბრუნონ ნანატრი ძალაუფლება... ეს კი არ მოხდება, რადგან გონიერი, წინდახედული და საღად მოაზროვნე ამომრჩეველი, საქართველოს მოსახლეობა, არ დაუშვებს კიდევ ერთხელ სახელისუფლებო ტერორიზმს, რომლის მომსწრენი ვიყავით სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმის პირობებში... ბ-ნო პაატა! შევთხოვ უფალს, თქვენ გეყოთ გამბედაობა, თქვათ სიმართლე და ამხილოთ ნაციონალ-შანტაჟისტების ულტიმატუმები... სამწუხაროდ, თქვენ გამიცრუეთ იმედი, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ არ გიყვართ სამშობლო და საკუთარი ერი... არ მინდა დავიჯერო, რომ გაქვთ ანტიეროვნული ზრახვები და მიზნები... მაშასადამე ლოგიკურია გენიალური კონფუცის ერთ-ერთი აფორიზმის გააზრებაც: „როდესაც ხვდები, რომ მიზანს ვერ აღწევ, ნუ შეცვლი მიზნებს, შეცვალე ნაბიჯები"... დამერწმუნეთ, რომ ამ წერილის დაწერა არანაირი დივიდენდების მიღებას არ ემსახურება და აბსოლუტურად თავისუფალი ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში; მიმაჩნია, რომ ჩემი მკაფიო და მიუკერძოებელი პოზიციის დაფიქსირება აუცილებელი იყო, რომ საზოგადოებამ სწორად აღიქვას ის, რასაც წერილის დასაწყისში მოგახსენებდით", - წერს ელგუჯა მარღია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner