logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: არსებობს ვერსია, რომ თარგამაძის მანქანის აფეთქება „ნაციონალებმა“ დაგეგმეს, თუმცა, თარგამაძემ არაფერი იცოდა
- +

7 ოქტომბერი. 2016. 13:44



ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება „ნაციონალური მოძრაობის" მოწყობილია და ამის შესახებ თარგამაძემ არაფერი იცოდა. აქვე, არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ეს შეიძლება მესამე ძალის მიერ ყოფილიყო ორგანიზებული საქართველოში არეულობის მოსაწყობად.


„ბევრი კითხვა ჩნდება. ამ კითხვებს ამ ეტაპზე შეგნებულად არ დავასახელებ, თუმცა არსებობს ასეთი ვერსია, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" მოწყობილი, მხოლოდ ისე, რომ ეს გივი თარგამაძემ არ იცოდა. კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ვერსიაა ისიც, რომ ეს შეიძლება იყოს მესამე ძალის მიერ ორგანიზებული, რომელსაც უნდოდა, ქვეყანაში დაძაბულობა გამოეწვია და შეექმნა მძიმე ფონი არჩევნების წინა პერიოდში", - განაცხადა არეშიძემ.


არეშიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადება, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, თვალთმაქცობაა.



„ესეც თვალთმაქცობაა. თუ ქვეყანაში რამე ხდება - ავი, კარგი - ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობის სფეროა.

 

ხელისუფლებისთვის ამ ფაქტის დაკისრება მხოლოდ ამ თვალსაზრისით, ჩემთვის გასაგებია, მაგრამ იმის თქმა, რომ ხელისუფლების დაკვეთით შესრულდა ეს ყველაფერი, ლოგიკას მოკლებულია, რადგან არანაირი დივიდენდი, არც ერთი ქულა, ხელისუფლებას ამ ფაქტით არ მიუღია, პირიქით. შესაბამისად, ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს ამ საქმის გამოძიება. ეს საქმე სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ შესაბამისმა უწყებებმა. თუ ეს მესამე ძალის მიერაა ორგანიზებული, შეიძლება გამოძიება წლობითაც გაგრძელდეს, ხოლო თუ ეს „ნაციონალური მოძრაობის" რაღაც ჯგუფის მიერ მოფიქრებული და დადგმულია, მაშინ არა მგონია, საქმის გამოძიება გაუჭირდეთ. „ნაციონალური მოძრაობა" და მისი წევრები, როგორც წესი, რასაც ისმენენ, იმას ლაპარაკობენ ხოლმე, გარეთ რომ გამოდიან", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner