ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ცესკო-ში საგანგებო ბრიფინგი გამართა და წინასაარჩევნო ანგარიში წარადგინა. ჟვანიას განცხადებით, 8 ოქტომბერს, 8:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად.
„ხვალ, 2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი. აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს, 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს. ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის. 3 645 საარჩევნო უბანია, აქედან 11 - გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი და 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ, 40 ქვეყანაში. ყველა უბანი სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად. 5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც 8 ოქტომბერს დაითვლება. არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი. ისინი რეგისტრირრებული არიან როგორც ოლქებში, ასევე ცესკო-ში.
ასევე დააკვირდება 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია. 91 ცესკოში რეგისტრირებული და 20 საარჩევნო ოლქებში და ამ ადგილობრივი ორგანიზაციების 29 931 ადგილობრივი დამკვირვებელი. 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 დამკვირვებელი და საარჩევნო პროცესს გააშუქებს უპრეცედენტო რაოდენობა, 184 მედია-ორგანიზაციის 5 368 წარმომადგენელი. ხვალ, დილის 8:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები და შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციისა და მასალის უბნებზე გადაცემის პროცესიც დღეს სრულდება. საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. თითოეულ უბნის წევრს გავლილი აქვს ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
თამარ ჟვანიას განცხადებით, მცირედმხედველი ამომრჩევლებისთვისა და უსინათლოებისთვის შექმნილია შესაბამისი პირობები, რათა მოახერხონ ხმის მიცემა.
„ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორი გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის, ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო-ფორმა. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისათვის ადაპტირებულია 1 115 საარჩევნო უბანი, რომლებიც ასევე აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით 8 ოქტომბერს ასევე ჩატარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საკრებულოს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები.
„ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია. საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, ცესკო-მ ამომრჩეველს არაერთი ინოვაციური სერვისი შესთავაზა ამ არჩევნებისთვის და აღსანიშნავია, რომ ამ სერვისებით მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა. შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს აჭარის ექვს საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ამავე დღეს საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებიც. საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება ქალაქ თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესააბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, ხოლო რიგგარეშე არჩევნები ტარდება თვითმმართველი ქალაქის ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემების, ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
თამარ ჟვანიამ ამომრჩეველს და საარჩევნო უბნებზე მყოფ უფლებამოსილ პირებს მოუწოდა, აგიტაციისგან თავი შეიკავონ, რადგან აღნიშნული დაჯარიმდება ფულადი ჯარიმით.
„მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში. მოვუწოდებთ როგორც ამომრჩევლებს, ისე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, თავი შეიკავონ აგიტაციისგან კენჭისყრის შენობაში, მოერიდონ პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო სააგიტაციო ატრიბუტიკით გამოცხადებას უბანზე. აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს ფულადი ჯარიმის საფუძველი", - განაცხადა თამარ ჟვანიამ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე.