„თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი ბესო კალანდაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახლი" აგვისტოში სააკაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა, როგორც „თავისუფალი ზონის" შვილობილი ორგანიზაცია, რომლის მიზანი არჩევნების შემდგომ მიცემული დავალებების შესასრულებლად იმოქმედებდა.
„ჩვენი ორგანიზაცია - „საქართველოს ერთგულების სახლი", აგვისტოში ჩამოყალიბდა, როგორც „თავისუფალი ზონის" შვილობილი ორგანიზაცია. მისი შექმნის დღიდან ვრცელდებოდა ჩვენთან ინფორმაცია, რომ მიშას მთავარი ამოცანა და მთავარი დავალება არჩევნების შემდგომი პროცესები იყო, ვინაიდან არჩევნები ცალსახად წაგებულია „ნაციონალური მოძრაობისთვის". ის აიღებს, მაქსიმუმ 15 პროცენტს, ამიტომაც არჩევნების შემდგომ ყველაფერი უნდა გააკეთონ „თავისუფალმა ზონამ", ორგანიზაციამ „საქართველოს ერთგულების სახელით" და საერთოდ, ახალგაზრდებმა რომ მოხდეს არეულობის პროვოცირება... ჩემი ინფორმაციით, მისი შექმნის ინიციატორი თვით მიხეილ სააკაშვილი იყო.
იქ გამოკვეთილი სტატუსი არავის აქვს, ვინაიდან მისი იურიდიული რეგისტრაცია არც მომხდარა და შესაბამისად, არც თავმჯდომარე ჰყავს. ეს, უბრალოდ, შექმნილი სახელწოდებაა, თორემ მთლიანად დაკომპლექტებულია „თავისუფალი ზონის" წევრებით. მათ შორის ვიყავი მეც. მე ვიყავი „თავისუფალი ზონის" გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თუმცა, რაიონული გადანაწილება ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ, როდესაც რაიმე ღონისძიება იგეგმება კონკრეტულ რაიონში, იქ მიბმული უნდა იყოს კონკრეტული პერსონა, თორემ ჩვენ ყველა „თავისუფალი ზონის" ბირთვი ვიყავით.
შვილობილი ორგანიზაციის შექმნა სააკაშვილს დასჭირდა, რადგან „თავისუფალი ზონა" უკვე ძალიან ყვიროდა თავისი აქციებით, შევარდნებით და ა.შ. ახალი ორგანიზაცია კი ცოტა უფრო კულტურული ღონისძიებებით გამოჩნდებოდა. ასეც მოხდა, აგვისტოში საავტომობილო კოლონა მოვაწყვეთ ოკუპაციის გასაპროტესტებლად...
ეს იქნებოდა ახალი ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად პირდაპირ არ იქნებოდით ასოცირებული „თავისუფალ ზონასთან" და „ნაციონალურ მოძრაობასთან" და არჩევნების შემდგომაც აქტიურად გამოვჩნდებოდით და შენიღბულად ვიმოქმედებდით მოცემული დავალებების შესასრულებლად, ვინაიდან რეალურად ჩვენც „თავისუფალი ზონის" წევრები ვიყავით", - განაცხადა ბესო კალაძემ.