საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლოზ მეტრეველი წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრობს:
- პრაქტიკულად წინასაარჩევნო კამპანია დასრულებულია, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?
- ეს წინასაარჩევნო კამპანია თავისი მშვიდი და დემოკრატიული ატმოსფეროთი, მკვეთრად განსხვავდება საქართველოში ჩატარებული სხვა არჩევნებისაგან. მართალია, გორის ინციდენტმა და გივი თარგამაძის მანქანის ბუნდოვანებით მოცულმა აფეთქებამ ერთგვარი დისონანსი შეიტანა, მაგრამ მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაც ასეთივე იქნება. ეს არჩევნები ყველაზე ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, არჩევნების შემდგომ არ იქნას დაშვებული „ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტი პარტიების მხრიდან ქვეყანაში არეულობის და ქაოსის მოწყობა. სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ყველა სახის დესტაბილიზაციის მცდელობის შემთხვევაში ქართველი საზოგადოების პრინციპულ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ამ მხრივ, ასევე ძალიან დამაიმედებელია ის, თუ რა განწყობით აკვირდებიან და იღებენ არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს ახალგაზრდა ამომრჩევლები.
- თქვენ, თქვენს ბოლო განცხადებაში პირდაპირ მოუწოდეთ სტუდენტებს, არ გამხდარიყვნენ „ნაციონალური მოძრაობის" ხელში დესტაბილიზაციის საშუალებად. რა მდგომარეობაა ამჟამად უნივერსიტეტებში?
- მიუხედავად უნივერსიტეტებში და ზოგადად განათლების სისტემაში არსებული პრობლემების, რომლებიც დიდწილად „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის შედეგად არის გამოწვეული, სტუდენტები საღად აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ბოლო პერიოდში მე მქონდა შეხვედრები პრაქტიკულად თბილისის ყველა უნივერსიტეტის და რამდენიმე რეგიონალური უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ამასთან ერთად ჩვენს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში სისტემატურად ტარდებოდა სოციოლოგიური კვლევები, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა, დაგვედგინა, თუ რა განწყობები არსებობს სტუდენტებში და ზოგადად ახალგაზრდა ამომრჩევლებში. ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, „ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტი პარტიების მცდელობამ, შანტაჟის და მოსყიდვის გზით სტუდენტობა თავის ბრმა იარაღად ექცია, შედეგი ვერ გამოიღო. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდგომ პერიოდში თუ მსგავს მცდელობას ადგილი ექნება, ისინი სტუდენტების და პროფესორებისგანაც ადეკვატურ რეაქციას მიიღებენ.
- ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის არჩევნების დღეს ან არჩევნების შემდეგ გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას. რამდენად სერიოზულად მიგაჩნიათ მისი დაბრუნების შესაძლებლობა?
- სააკაშვილის ეს, ისევე როგორც მისი სხვა განცხადებები ემსახურება საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას. როგორც ყველასთვის ცნობილია, ყოფილი პრეზიდენტი ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება, შესაბამისად, როგორც კი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, ის დაკავებული იქნება. აქ ასევე გასათვალისწინებელია სააკაშვილის ფსიქოტიპიც. ამ ადამიანს მხოლოდ სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე შეუძლია მანიპულირება.