ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გოგლიჩიძე „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი იყო. გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში იგი იხსენებს გლდანის მეხუთე დაწესებულებაში არსებულ სიტუაციას და ამბობს, რომ პატიმრებს არაადამიანურად აწამებდნენ.
„როგორც ყველა, არც მე ვიყავი გამონაკლისი. ეს იყო არაადამიანური მოპყრობა, წამება. გლდანის მეხუთე დაწესებულება მაქვს გამოვლილი, ყველამ იცის, იქ რა ხდებოდა და ასეთი არის ბევრი. ამ ცოდვას ვერ მოიცილებენ. ძალიან მძიმე რამე აქვთ გადატანილი, მათ ხალხის შეცდომაში შეყვანა უნდათ, რომ როგორმე ხმები მიიღონ. შემდეგ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადამიყვანეს. არანაირი პრობლემა არ მქონია, უბრალოდ, მქონდა წნევა. ზოგადად, წნევას ისედაც ვატარებდი. სტენოკარდიული შეტევა მქონდა და გადამიყვანეს, შემდეგ დამტოვეს. სხვათა შორის, ძალიან განსხვავებული გარემო იყო. მათ ჰქონდათ სხვანაირი წნეხი. ეს იყო მედიკამენტოზური მკურნალობა. ორ ინექციას მიკეთებდნენ და ამ ორიდან ერთს ყოველთვის სხვა მხარზე აკეთებდნენ. მერე ჰალუცინაციები მეწყებოდა, დროის შეგრძნება არ მქონდა და სად ვიყავი, იმასაც ვერ ვგრძნობდი. როდესაც გონება მიბრუნდებოდა და ვხედავდი, ისევ ციხის საავადმყოფოში ვიმყოფებოდი, გულგატეხილი ვიყავი", - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
გოგლიჩიძის თქმით, მას მგრძნობელობა ციხის საავადმყოფოში წაერთვა და ამბობს, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს.
„მე მაქვს დასკვნა, სადაც წერია, რომ ეს მედიკამენტებისგან არის გამოწვეული. პრეპარატი ვერ დადგინდა. იყო საუბარი სხვადასხვა პრეპარატზე, მაგრამ სისხლში არ აღმომაჩნდა, ამიტომ ვერ დადგინდა, რომელი ჯგუფის პრეპარატი იყო, რომ გაკეთებულიყო ანტიდოტი. ამან ნერვული სისტემის მოშლა გამოიწვია, მგრძნობელობის დაქვეითება და პარალიზება. მარჯვენა ხელსაც ვერ ვამოძრავებდი", - აღნიშნა გოგლიჩიძემ.
გოგლიჩიძე იხსენებს, რომ არასწორი მკურნალობის გამო მას ნელ-ნელა დაეკარგა სიარულის უნარი და დასძენს, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში რამდენიმე თვეში გაივლის.
„ერთ დღეს, ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ კიბეებზე ვერ ამოვედი. ვერ ამოვდივარ-მეთქი, ოფიცერს ვეუბნები. მითხრეს, რომ ლიფტით მესარგებლა და ლიფტში დამახვედრეს სკამი, გამიკვირდა, რომ მითხრეს, სკამზე დაბრძანდიო, მეთქი, კარგი ხალხია. ამ პერიოდის შემდეგ რამდენიმე დღეში, გასავლელად რომ ავდექი, ვერ გავიარე და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ დავეცი. აი, მაშინ მივხვდი, რომ სწორი მკურნალობით არ მივდიოდი. როდესაც ადვოკატმა ნახა და საბუთები გამოითხოვა, იქ ჩემი წნევაც კი არ ეწერა. მეხუთე წელია, სავარძელს ვარ მიჯაჭვული და პირველ წელსვე რომ გაეგოთ, რომელ მედიკამენტს მაძლევდნენ, გავივლიდი. რეაბილიტაციის შემდეგ კუნთი ნელ-ნელა აღდგება, ქსოვილიც წამოვიდა. სხვათა შორის, სულ რამდენიმე დღის წინ გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ და როდესაც გამსინჯეს, ნახეს, რომ შედეგი არის ძალიან კარგი და ძალიან მალე უნდა გავიარო. წესით, ვარაუდობენ, რომ სწორი მკურნალობით რამდენიმე თვეში გავივლი", - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.