მოსამართლეთა მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები შესაძლოა დასჯადი გახდეს. აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს ეკუთვნის, რომელიც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან შეხვედრაზე გააჟღერა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მურუსიძის ინიციატივის თანახმად, მოსამართლეთა მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები მკაცრ ფინანსურ სანქციას უნდა ითვალისწინებდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამრთლეებს 6 ოქტომბერს შეხვდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღია შეხვედრაზე საუბარი, სასამართლოს გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლეებმა ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ბოლოდროინდელი განცხადებები სასამართლო სისტემის და მოსამართლეთა კორპუსის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად შეაფასეს. მოსამართლეთა კორპუსი გაემიჯნა გავრცელებულ ჩანაწერებში გამოთქმულ მოსაზრებებს.
„მათი შეფასებით, ყოფილი თავმჯდომარის ქმედებები ეწინააღმდეგება სამოსამართლო ეთიკის პრინციპებს და უხეშად არღვევს მოსამართლესთან კომუნიკაციის წესებს. მოსამართლეთათვის მიუღებელია კონკრეტულ დავაზე საქმის მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაცია, მით უფრო, სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტია.
შეხვედრაზე, მამუკა ახვლედიანის კომუნიკაცია საქმის მხარესთან შეფასდა როგორც არაეთიკური, ღირსების შემლახველი და მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედება. მოსამართლეებმა შეშფოთება გამოთქვეს, ახვლედიანის მხრიდან საქმის განმხილველი მოსამართლისა და ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარის დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიების გამო. მოსამართლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ სასამართლოს მიმართ გადამეტებულ კრიტიკას ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან ჰქონდა კონკრეტული მიზანი და არ ასახავდა ობიექტურ რეალობას. მას ჰქონდა მცდელობა წინასწარ შეეტყო კონკრეტული საქმეების შედეგები. პოზიცია დააფიქსირეს, აგრეთვე რაიონული სასამართლოებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლად გამწესებულმა მოსამართლეებმა, რომლებმაც პირად შეურაცხყოფად მიიღეს მათი სამოსამართლო საქმიანობის გამჭვირვალობის ეჭვქვეშ დაყენება და მოუწოდეს მამუკა ახვლედიანს კონკრეტული ფაქტების დასახელებისაკენ", - აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მოსამართლეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა მედიასთან თანამშრომლობის კუთხით, რათა საზოგადოებას თანაბრად მიეწოდოს ინფორმაცია სასამართლოს საქმიანობის შესახებ.