„წამების ფაქტებზე 81 მაღალი თანამდებობის პირი სასჯელს იხდის, 124 პირის წინააღმდეგ საქმეა აღძრული! "- განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ საუბრისას.
სესიაშვილის თქმით, ამჟამად ფარულ ჩანაწერებზე აღბეჭდილ წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული 81 მაღალი თანამდებობის პირი სასჯელს იხდის, გამოზიება კი გრძლდება.
„მედია საუბრობს, რომ წამების ფაქტებზე არავინ დასჯილა. არადა, 124 მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 81 მაღალი თანამდებობის პირი 9-დან 14 წლამდე სასჯელს იხდის. მხოლოდ რამდენიმე პირი იძებნება და გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, საპროცესო შეთანხმება სულ რამდენიმე, ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირს გაუფორმდა.
ჩვენ საქმე გვაქვს ყველას მტერთან, რომლის იდეოლოგიასაც არ უნდა ავყვეთ. პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, ჩვენ ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისარი, თომას ჰამერბერგი მოვიწვიეთ და პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩავრთეთ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ფირები განადგურებულიყო. მტკიცებულების სახით, მხოლოდ რამდენიმე ფირი უნდა შენახულიყო, რათა იდეოლოგების და შემკვეთების დადგენის შემთხვევაში, დამნაშავეები დასჯილიყვნენ. მაშინ განვაცხადეთ, რომ შესაძლოა, ამ ფირების ასლები არსებულიყო, რათა მის შემქმნელებს მოქალაქეებზე კომპრომატების საშუალებით ზემოქმედება მოეხდინათ. ჩვენ სასჯელი გავამკაცრეთ და მასალების შენახვაც დასჯადი გავხადეთ, მაგრამ მანამდე ერთთვიანი ამნისტია გამოვაცხადეთ, რომ თუ ვინმეს მსგავსი ფირები გააჩნდა, მოეტანა." - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.