„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნებში ენმ მძიმედ დამარცხდება. მისი თქმით, „ამომრჩეველი „ნაცმოძრაობას" საკადრის პასუხს გასცემს".
„2012 წელს ჩვენ დავასრულეთ სიბნელე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა და ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიდა. „ნაცმოძრაობა" არცერთ შემთხვევაში არ დაბრუნდება, რადგან წარსულს არასოდეს დავუბრუნდებით და სააკაშვილის დროინდელი სახეები საზოგადოებრივ სივრცეში იმ რაოდენობით არ იქნებიან წარმოდგენილი, როგორც დღეს არიან", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დესტაბილიზაციის რისკები არსებობს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას" დღეს ამის რესურსი არ აქვს.
„დესტაბილიზაციის რისკები არსებობს, მაგრამ „ნაცმოძრაობას" ამის რესურსი დღეს ნამდვილად არ აქვს. იმისთვის, რომ არეულობა გამოიწვიო, სახალხო მხარდაჭერა უნდა გქონდეს, რასაც ეს გაკოტრებული და მარგინალური ძალა მოკლებულია. „ნაცმოძრაობას" დასახული გეგმების განხორციელების ძალა არ შესწევს და ეს რეალობაა", - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა.
როგორც მან აღნიშნა, რევოლუციურ სცენარს განხორციელება არ უწერია, რადგან ხელისუფლება სიტუაციას ფლობს.
„ერთადერთი პარტია, რომელიც ეგზიტპოლებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, „ნაციონალური მოძრაობაა" . მათ ეგზიტპოლის შედეგებს რევოლუციური სცენარი პირდაპირ დაუკავშირეს, რაც მათი გეგმის იაფფასიანი შეფუთვის მცდელობაა, მაგრამ ამ გეგმას განხორციელება ორი მიზეზით არ უწერია - პირველი მიზეზი ისაა, რომ ეს პოლიტიკურად გაკოტრებული ძალაა და მეორე - ჩვენ გვყავს ძლიერი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში სიტუაციას ფლობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.