logo_geo
eng_logo
ანა მიქელაძე: ამომრჩეველთა რაოდენობამ, 12 საათის მონაცემებით, 695 908 ამომრჩეველი შეადგინა
- +

8 ოქტომბერი. 2016. 13:47


 


ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე 12 საათისთვის არსებული მონაცემები წარმოადგინა. მისი განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 19,81% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 695 908 ამომრჩეველია.



„წარმოგიდგენთ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 12 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19,81%, რაც რაოდენობრივად არის 695 908 ამომრჩეველი. ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს 24 საათის განმავლობაში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია 2-51-00-51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. დაინტერესებულ მხარეებსა და მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

აქვე მიქელაძემ ისაუბრა სხვადასხვა სახის პროცედურულ და სტამბურ შეცდომებზე და აღნიშნა, რომ ეს ხარვეზები ამ დროისთვის უკვე გამოსწორებულია.

 

„აქვე მოგაწვდით ინფორმაციას პროცედურული ხარვეზების შესახებ. დიდუბის მე-14 საარჩევნო უბანზე რამდენიმე პროცედურული ხასიათის ხარვეზს ჰქონდა ადგილი. კომისიამ ამასთან დაკავშირებით დაწერა ახსნა-განმარტება და, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის თანახმად საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულზე იმსჯელებს ზემდგომი საოლქო-საარჩევნო კომისია და მიიღებს შესაბამის კანონისმიერ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, გავრცელდა იფორმაცია, რომ დიდუბის მე-8 საარჩევნო უბანზე არ იყო ჩანაწერთა წიგნი. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და საარჩევნო უბანზე კანონის თანახმად არის ჩანაწერთა წიგნიც და სარეგისტრაციო ჟურნალიც. აქვე მინდა მოგაწოდოთ კიდევ ერთი ინფორმაცია, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა გარკვეულ შეცდომას, როდესაც სტამბაში მოხდა ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა. ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები, ასეთი სულ ორი ბლოკნოტია. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე არის გამოსწორებული, თუმცა ის ბიულეტენები, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და რომელიც გამოყენებული იქნა ლაგოდეხში, კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და კანონის თანახმად იქნება გაბათილებული", - განაცხადა ანა მიქელაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner