logo_geo
eng_logo
„Foreign Affairs“: როგორც ჩანს, არჩევნები საქართველოში პრობლემების გარეშე ჩატარდება
- +

8 ოქტომბერი. 2016. 18:54


 

 „უცნობი სახეები საქართველოს არჩევნებში" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „Foreign Affairs". ავტორი წერს, რომ 8 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთებთან მისულ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ იდეოლოგიისა და ხედვის ფართო ასორტიმენტის მატარებელ კანდიდატებსა და პარტიებს შორის არჩევანის ფუფუნება:

 

„ლიბერალები, კონსერვატორები, „მედასავლეთეები", „რუსეთუმეები", თავისუფალი ვაჭრობის მომხრეები, ეკონომიკური პროტექციონიზმის მხარდამჭერები და კიდევ, ვინ იცის, კიდევ რამდენი „ისტი" და „ანტი". „ქართული პოლიტიკა კარგა ხანია, დანაწევრებულია და ცალკეულ პიროვნებებს ეფუძნება, რაც კიდევ უფრო თვალშისაცემს ხდის წლევანდელი მრავალპარტიული შეჯიბრის შედარებით ნორმალურ ჩარჩოებში მიმდინარეობას", - წერია სტატიაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ რისკები დღესაც არსებობს, მიუხედავად ამისა, იგრძნობა, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოში, სავარაუდოდ, იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინ.


ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ რეგიონში, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ ვერ გამოვიდა ავტორიტარიზმის ან არასტაბილურობის (ან ორივესი ერთად) მოჯადოებული წრიდან, კონკურენტი საარჩევნო პროგრამების მშვიდობიანი შერკინება მართლაც მისასალმებელია.


„აზერბაიჯანსა და რუსეთთან შედარებით, სადაც სულ ახლახან უხეში დარღვევებით ჩატარდა არჩევნები, საქართველოს არჩევნები მართლაც საკმაოდ ევროპულად გამოიყურება და ამ სტანდარტს მეზობელმა სომხეთმა და თურქეთმა ბოლო წლებში ვერაფრით მიაღწიეს. ქართული დემოკრატია ჯერაც ნორჩი და მყიფეა და არეულობისა და ძალადობის რისკებიც კი გამორიცხული არ არის, მაგრამ ქართველებს შეუძლიათ, ჰქონდეთ საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მათი პარტიები შეძლებენ სამართლიან გარემოში კონკურენციის გაწევას", - ნათქვამია სტატიაში.

 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო გამოკითხვები თანამიმდევრული და სტაბილურია იმ გაგებით, რომ უკიდურესი არათანამიმდევრულობით და არასტაბილურობით გამოირჩევა, რის გამოც არჩევნების დღეს სიურპრიზების მოლოდინი არცთუ ისე უსაფუძვლოა.


„არსებული მინიშნებები, ძირითადად, მიუთითებს მმართველი „ქართული ოცნების" პარტიის მოსალოდნელ გამარჯვებაზე, რომელიც სათავეში უდგას იმავე სახელით ცნობილ („ქართული ოცნება") მთავრობას. მეორე მხრივ, გამოკითხვებში „ქართული ოცნების" ცვალებადი შედეგებისა და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ძალიან დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, საკმაოდ დასაშვებია, რომ გათამაშდეს ბევრი სხვადასხვა სცენარი. ამ ეტაპზე კი, ადგილობრივი და საერთაშორისო ყურადღების ცენტრში იქნება „ქართული ოცნებისა" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შედეგები (ეს უკანასკნელი „ქართულმა ოცნებამ" დაამარცხა 2012 წელს და სათავეში ჩაუდგა ქვეყანას). ბოლო წლებში გამოკითხვების შედეგებს შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებებისა, ბევრი კვლევა უჩვენებს ამ ორ პარტიას შორის მჭიდრო კონკურენციას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჯაროდ გაკიცხა და გააფრთხილა კიდეც „ნაციონალური მოძრაობა" მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული ახალგაზრდული ჯგუფი საჯაროდ გაემიჯნა პარტიას ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად ოდესის (უკრაინა) ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გეგმების გამო, რომელიც არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, აპირებს არეულობის შექმნას ქვეყანაში. რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობიდან" მის ქვეშევრდომებს შორის სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის დროსაც ისინი განიხილავდნენ ძალაუფლების დაბრუნების მიზნით ქვეყანაში არეულობის შექმნის გზებს. ასეთი ბრალდებები უპრეცედენტო არ არის. აგვისტოში, როგორც იტყობინებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ რუსეთ-სომხეთის მილსადენზე დივერსიის მცდელობა, რომელსაც, როგორც მოწმობს ზოგიერთი მითითება, უკრაინიდან მართავდა სააკაშვილის გუნდი. 2015 წლის ბოლოსკენ კი, როცა ქვეყანაში მიმდინარებდა „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი „რუსთავი 2"-ის შემდგომი ბედის გარშემო ატეხილი პოლიტიკური აჟიოტაჟი, გამჟღავნდა, რომ სააკაშვილი და მისი მოკავშირეები თბილისში გეგმავდნენ ტელევიზიის დახურვის გამოყენებას ძალადობის ტალღის აზვირთების მიზნით, რასაც ისინი, სავარაუდოდ, თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებდნენ. არეულობის და, მით უმეტეს, ძალადობის, როგორც მისაღები მეთოდის, გამოყენება ძირს უთხრის საქართველოში პოლიტიკური პროცესების სიჯანსაღეს. ის ასევე უთხრის ძირს თავად „ნაციონალურ მოძრაობასაც", რომელიც, კონსტრუქციული დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით, ცდილობს გაემიჯნოს პარტიის მმართველობაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებს. და მაინც, მიუხედავად სავალალო პოლიტიკური შეტაკებებისა და ფონად რუსეთის აჩრდილის არსებობისა, როგორც ჩანს, არჩევნები საქართველოში ჯამში პრობლემების გარეშე ჩატარდება და წარმატების ისტორიადაც იქცევა მთელ რეგიონში. ალბათ, საქართველოს წარმატებად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებს და ვერც ევროპას ვერ ექნება პრეტენზია, რომ სტაბილური და მშვიდი გარემო სწორედ მისი გავლენის დამსახურებაა. მაშინ, როცა NATO-სა თუ ევროკავშირის წევრობა ჯერ კიდევ საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივაა, ქართველები თითქმის ყოველგვარი დახმარების გარეშე გაბედული ნაბიჯებით მიიწევენ წინ. ეს კი მეტყველებს ქართველების მიერ ჩამოყალიბებული დემოკრატიის მოულოდნელ სიმტკიცეზე. მიუხედავად ამისა, დასავლეთმა მეტი უნდა გააკეთოს საქართველოს მიღწევების კონსოლიდაციისა და გაღრმავებისთვის, რისთვისაც უნდა აღადგინოს და გააფართოოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წახალისების გზები. ამისთვის კი კიდევ ერთი წარმატებული დემოკრატიული საყოველთაო არჩევნების შემდგომ პერიოდზე უკეთეს დროს ვერც კი ინატრებს კაცი", - ნათქვამია სტატიაში.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner