ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, საარჩევნო უბანზე მომხდარი ფაქტის მიუხედავად, საარჩევნო ყუთს საფრთხე არ შექმნია.
„იყო შენობაში შეღწევის მცდელობა, იყო ქვების სროლა, ჩალეწილია ფანჯრები. ეს მოხდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხარდამჭერების მიერ პროტესტის ნიადაგზე. თუმცა ყუთს იცავდნენ კომისიის წევრები, იქ გახლდათ ჩვენი წარმომადგენელი, დამკვირვებლები, და ყველა ადასტურებს, რომ ყუთი არის დაცული და ლუქის მთლიანობა არ არის დარღვეული. ყუთის გადაადგილება მოხდა დაცულობის მიზნით და იქ არსებულ ბიულეტენებს არანაირი საფრთხე არ შექმნია.
პროცედურულად კენჭისყრა შეჩერებულია. მინდა, მოვუწოდო ადამიანებს, რომლებიც შეკრებილები არიან ამ უბანთან, რომ არჩევნების დროს არსებობს ცივილიზებული ფორმები და ყველაფერი უნდა იყოს ამ ფორმების ჩარჩოებში მოქცეული.
იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ტიპის პრეტენზია, ყველა უნდა მოიქცეს სამართლებრივი ჩარჩოების მიხედვით", - განაცხადა ჟვანიამ.