„ოპერატიული და მართლა კარგი პრემიერი გვყავს", - ასე ეხმაურება პუბლიცისტი და ჟურნალისტი გიორგი უძილაური პრემიერ-მინისტრის გუშინ გაკეთებულ განცხადებას თსუ-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:
„თსუ-ში პრემიერის ინიციატივით დაწყებულმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო, სიტუაცია ჩაწყნარდა. 20.00-ზე განათლების სამინისტროში დაგეგმილ შეკრებაზე არ მივიდა სტუდენტების ის ნაწილი, რომელიც ითხოვდა თვითმმართველობის რეფორმას. რის შემდეგაც განათლების მინისტრის მოადგილე თავად მივიდა ამ ჯგუფთან და რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ:
მემორანდუმი:
1. სტუდ. თვითმმართველობა წყვეტს აქციას; ამის შემდეგ, გვიან ღამით „115" ტოვებს აუდიტორიას (დაბრუნების გარანტიით); „115" ხდება პლატფორმა სამომავლოდ;
2. თვითმმართველობის არჩევნები ორ თვეში ტარდება ახალი სისტემით; თვითმმართველობა არის მხოლოდ წარმომადგებლობითი ფუნქციით, არანაირი წვდომა ფინანსებთან;
3. იწყება „ოდეერების" საქმის გამოძიება;
4. განათლების სამინისტროში იქმნება ფორმატი, სადაც დემოკრატიულად განიხილავენ განათლების პოლიტიკის საკითხებს.
ოპერატიული და მართლა კარგი პრემიერი გვყავს.
და ძალიან მომეწონა, რომ განათლების სამინისტრომ პოზა არ დაიჭირა და თავად მივიდა სტუდენტებთან. ასე უნდა მუშაობა!" - წერს უძილაური.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები კვლავ მოითხოვენ ლადო პაპავას რექტორობიდან გადადგომას.
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აუდიტორია 115"-ის წევრებთან რამდენიმე საკითხზე შეთანხმება შედგა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და განათლების სამინისტროსთან დიალოგის ფორმატი გაგრძლდება და ასეთი შეხვედრა მომავალ კვირაში შედგება.
მინისტრის მოადგილე დათანხმდა, რომ მომზადდეს ცვლილება თვითმმართველობის ინსტიტუტთან დაკავშირებით, კონცეფცია სტუდენტებმა უნდა მოამაზადონ და შესთავაზონ სამინისტროს.
რაც შეეხება აქციების გაგრძელებას, „აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თუ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დატოვებდნენ შენობას, პროტესტს თავადაც შეწყვეტდნენ. თუმცა, თვითმმართველობის წევრების მიერ კვლავ ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნის გამო, თსუ-ს შენობის დატოვებას და აქციების შეწყვეტას არც „აუდიტორი 115" აპირებს.