logo_geo
eng_logo
ჯონ კერი: გაერთიანებულ და წარმატებულ საქართველოს გადამწყვეტი როლი ენიჭება კავკასიაში
- +

16 მარტი. 2016. 10:59



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ ერის შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს განვითარებაში.


მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ამბიციური რეფორმების პროგრამა ხორციელდება როგორც დემოკრატიის, ასევე ეკონომიკის განვითარების კუთხით. რაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული.


„ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ შედეგების მიღწევას. ჩვენ განვაგრძობთ წარმატებულ თანამშრომლობას ბევრ სფეროში. ეს არის ნამდვილი მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.


მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია, მაგრამ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად კვლავ იმუშავებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაზე.


საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები, მმართველობის ყველა დონეზე არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორც დღეს არის.


„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კვლავ შეასრულებს რეგიონული ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული პროგრესისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საყრდენის როლს როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს მიღმა", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.


„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილისთვის. ჩვენთვის უდიდესი პატივი იქნება, გიმასპინძლოთ საქართველოში, მით უფრო მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელს ვზეიმობთ. ჩვენ ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მადლობას მოგახსენებთ თბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისთვის", - განაცხადა სიტყვით გამოსვლის ბოლოს მიხეილ ჯანელიძემ.


თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ გაერთიანებულ და წარმატებულ საქართველოს გადამწყვეტი როლი ენიჭება კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. კერიმ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ არის მიმართული.


ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოსადმი აშშ-ს მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ძალისხმევას, რომელიც როგორც ამერიკის შეერთებული შტატებში, ისე ევროპაში კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ითვალისწინებს.


ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რასაც საქართველო ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მსოფლიო მშვიდობის განმტკიცებისა და ტერორიზმთან ბრძოლაში იღებს.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner