logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ძველ დროშია ჩარჩენილი, ისევ ქვების სროლით არიან დაკავებულები
- +

8 ოქტომბერი. 2016. 21:29

 

 

„მინდა, მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეს გამარჯვება. ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების" მხარდამჭერების, თანამოაზრეების გამარჯვება, ეს არის სრულიად საქართველოს გამარჯვება",- ამის შესახებ „ქათული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

 

„ეს იყო უპრეცედენტოდ მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ ინციდენტებს. თუმცა განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება ანალოგიური. მთლიანად საარჩევნო პროცესი მართლაც მშვიდი იყო. ყველა პარტიას მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა თავისი გეგმა ქვეყნის განვითარების და მოსახლეობამ შესაბამისად გააკეთა არჩევანი. მოსახლეობის უმრავლესობით, ეს არჩევანი არის „ქართული ოცნება". ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს უნდა დაველოდოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელი დღე მონაცემები, რომლებიც შემოდიოდა რაიონებიდან, ქალაქებიდან, ვფიქრობთ 58-59 % ან ცოტა მეტი „ქარულმა ოცნებამ" უნდა მიიღოს. გამიჭირდება დეტალურად საუბარი დაველოდოთ ცესკო-ს შედეგებს.

 

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვისურვებდით მომავალი პარლამენტი ყოფილიყო მრავალპარტიული, თუმცა, ესეც მოსახლეობის გადასაწყვეტია. როგორც ეგზიტპოლებიდან ირკვევა, ბარიერი გადალახა „ნაციონალურმა მოძრაობამ" „პატრიოტთა ალიანსმა" „თავისუფალი დემოკრატებიც"  მიახლოებულები არიან. დაველოდოთ შედეგებს",- განაცხადა კალაძემ.

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით მეორე ტურების გამართვა დემოკრატული არჩევნების შემადგენელი ნაწილია.

 

„კონკრეტულად მაჟორიტარებს რაც შეეხება, ალბათ, კარგი იქნება, დაველოდოთ ბოლო მონაცემებს. მე არ გამოვრიცხავ მეორე ტურებს, აქ საგანგაშო  არაფერია, ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია.

 

მინდა, მივულოცო ზუგდიდს, რადგან მათ გააკეთეს სწორი არჩევანი. რაც შეეხება თოლორაიას კონკურენტს, ეს იყო შექმნილი მითი კონკრეტული ტელევიზიის მიერ. რეალურად მას არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნდა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" მცირე ამომრჩევლების მხარდაჭერა ჰქონდა",- აღნიშნა კალაძემ.


კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა მარნეულის ინციდენტს და აღნიშნა, რომ მომხდარი ინციდენტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ზიანს არ მოუტანს, რადგან საბოლოო ჯამში არჩევნები დემოკრატიულად და მშვიდ გარემოში ჩატარდა.

 

„თქვენ აკვირდებოდით მთელი დღის განმავლობაში, როგორ მშვიდად მიდიოდა არჩევნები. იყო ცალკეული ინციდენტები, თუმცა ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობა" და მისი კანდიდატი შეიჭრა მარნეულის საარჩევნო ოლქში და სიტუაციის დაძაბვას შეეცადნენ. იყო ქვების სროლა, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა. „ნაციონალური მოძრაობა" ძველ დროშია ჩარჩენილი, ისევ ქვების სროლით არიან დაკავებულები, მაგრამ საარჩევნო გარემოს ზიანს ვერ მიაყენებენ. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და დამკვირვებლები შესაბამისად შეაფასებენ და ჩვენი მთავრობის მიერ ჩატარებული არჩევნები უმაღლეს დონეზე იქნება შეფასებული. „ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები მარნეულში ნამდვილად ამაზრზენია. მათთან მიმართებაში ანდაზა გამახსენდა, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო",- განაცხადა კალაძემ. 





 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner