logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: მას სააკაშვილ-ადეიშვილ-ბოკერია ჰქვია!
- +

16 მარტი. 2016. 11:00



„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" რიგი წარმომადგენლების რიტორიკას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწრეების გავრცელება ამ ხელისუფლების ბრალია, სოციალურ ქსელში ამგვარად პასუხობს:


„იმ უკიდეგანო ადამიანური ტრაგედიის ფონზე, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფრაგმენტების გავრცელებამ მოიტანა, სულ უფრო ამაზრზენი ხდება „ენვერის" დამდგმელი რეჟისორების მხრიდან ჭკუის დარიგება, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია!!! რომ ფარული გადაღება დაუშვებელია!!! სადისტი თავისი უტიფრობით გავიწყებდეს მისსავე ნაწამები ადამიანის წამების ფაქტს, ეს ზუსტად ის შემთხვევაა. მეტიც, სადისტი ნაწამებს აცხადებს ჯალათად. ეს ის შემთხვევაცაა. ჰოდა, ზის და ეკრანიდან სტერილურად გვმოძღვრავს.

 

ვინმე კამათობს, რომ პირადი ცხოვრების დარღვევა, გასაჯაროება არაა უზომოდ დიდი უზნეობა და დანაშაული? ვინმე კამათობს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება დაცული უნდა იყოს? არა. მაგრამ უახლესი ციფრული ტექნოლოგიების პირობებში ვერც კონსტიტუცია იცავს, თურმე, ადამიანს და ვერც ვერანაირი საერთაშორისო კონვენცია. ამ მწარე რეალობას დავეჯახეთ და საქმე იმაშია, რომ ვიცოდით, რას დავეჯახებოდით.

 

ადამიანთა პირადი ცხოვრება ხელყო, დაიპყრო სააკაშვილის რეჟიმმა. ათასობით ფაილი ასობით ადამიანის ხელშია. ეს ფაილები ე.წ. კერძო არქივებში ქვეყნის შიგნითაც ინახება და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ხელისუფლება სააკაშვილის მემკვიდრეობის მძევალი გახდა. ეს იმიტომ, რომ „ენვერის" რეჟისორებთან თანაცხოვრების გზა აირჩია. ვინ ამბობდა: დავივიწყოთ წარსული... ურთიერთობა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან... „ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა გავაიგივოთ ქართული დემოკრატიის მიზანთან?! ვინც ამ აბსურდს, ამ მოღალატურ თეორიებს ჰქადაგებდა და ამკვიდრებდა, დღეს სწორედ ისაა ფსიქოლოგიური ტერორის პოტენციური თუ პირდაპირი მსხვერპლი.

 

3 წელია ვამბობთ, რომ მოსალოდნელია კატასტროფა... და აი, კატასტროფაც სახეზეა. ახლა „ენვერის" დამდგმელი რეჟისორ-სცენარიტ-ოპერატორები „უმანკოების" ეტალონად ცდილობენ თავის წარმოჩენას. და „ბატკნებად" გარდასახული ეს მგლები ფიქრობენ, ალბათ, რომ ხალხს დაავიწყდა, რა იყო გუშინ. „ენვერებო", ბლანჟეს რომ უშვებთ და ჰაბიტუსს იცვლით, ხალხს ის კი არ ავიწყდება, ბლანჟეს გარეშე ვინ იყავით?!

 

მეორე - რატომაა გასაკვირი, რომ სააკაშვილის კუდ-ის საკადრო რესურსი, აწ უკვე „ქართულ ოცნებასთან" კოჰაბიტირებული, დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც განაგრძობს ფარულ გადაღებებს... მოსმენებსა და თვალთვალს. არც გასაკვირია და ფარული თვალთვალის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს. როცა გადამღები სახეზეა, ვიღაცა შტერს (ხელისუფლებაში) ყოველთვის უჩნდება ამ „ხილის" (გადაღებული კადრების) დაგემოვნების სურვილი...

 

მაგრამ მთელ ამ ტრაგედიაში უცნაური ისაა, რატომ ქვეყნდება მაინცდამაინც „ოცნებასთან" დღეს თუ გუშინ დაკავშირებული პერსონების პირადი ჩანაწერები და ის ვიღაცა, N- ბოროტი რატომ არ აქვეყნებს მაგ. გიგი უგულავას ან დავით ბაქრაძის საძინებელში გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას?! ხომ არსებობს ეს კადრებიც?! (მე არც ამ კადრების გამომზეურების მომხრეთა რიგებში ვარ. რიტორიკულ შეკითხვას ვსვამ) ანუ ბაქრაძე ეცოდება ვიღაცას?! მაშინ ვინაა ეს ვიღაცა, ასეთი ნაციონალურად ლმობიერი?! ის აქ არის! მას სააკაშვილ-ადეიშვილ-ბოკერია ჰქვია. ეფექტი? ეფექტი პირველ ეტაპზე მიღწეულია - საზოგადოება თავს სრულიად დაუცველად გრძნობს! საზოგადოება აღშფოთებული და გაბრაზებულია ხელისუფლებაზე! და ეს ხელისუფლება ამ გაბრაზების ღირსია", - წერს ირმა ინაშვილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner