logo_geo
eng_logo
ლარის კურსის გამყარება დაიწყო - ექსპერტების საიმედო პროგნოზი
- +

16 მარტი. 2016. 11:49



შესაძლოა, ამის ბევრს არ ეჯერა, მაგრამ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. რაც მთავარია, როგორც გაუფასურების დროს საუბრობდა ხელისუფლება, რომ ეს ყველაფერი გარე ფაქტორებზე იყო დიდწილად დამოკიდებული, ახლაც იმავეს ამბობს - ანუ, ლარის გამყარებას ხელისუფლება ისევ გარე ფაქტორებს და რაღა თქმა უნდა, შიდა ბაზარზე არსებულ სიტუაციას „აბრალებს". ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დოლარის ფასმა ლამის ათი თეთრით დაიკლო, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია. აი, რას ფიქრობენ ამ თემაზე ექსპერტები.


ზურაბ გვასალია: ლარის გამყარება გარე და შიდა ფაქტორებით არის განპირობებული. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საერთაშორისო ბაზარზე გაიზარდა ნავთობის ფასი, რამაც გამოიწვია იმ ქვეყნების ვალუტის გამყარება, რომლებიც ნავთობს აწარმოებენ. მათი უმრავლესობა ჩვენი სავაჭრო პარტნიორია. ეს ერთი ფაქტორი. მეორე ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე დოლარის კურსი ოთხი პუნქტით დაეცა, ანუ დოლარი გაუფასურდა მთლიანობაში. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა აქვს. კოორდინირებულად დაიწყო მუშაობა მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, რაც საბოლოოდ აისახა კიდეც ლარზე.


-ბატონო ზურაბ, რამდენად აისახება ეს ყველაფერი ფასებზე?


-რა თქმა უნდა, გაიაფებას ველოდები, მაგრამ არა უახლოეს დღეებში. ჩემი აზრით, ამას ერთი თვე მაინც დასჭირდება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ფასები აუცილებლად შემცირდება.


-თუ ნავთობის ფასი იმატებს, გამოდის ნავთობპროდუქტები საქართველოშიც გაძვირდება...


-რა თქმა უნდა და სწორედ ნავთობრპოდუქტების გაძვირების პარალელურად უნდა ველოდოთ სხვა პროდუქტებზე ფასების კლებას.


ლევან კალანდაძე: იმის გამო, რომ საქართველო არ იყო ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა, ნავთობის ფასის კატასტროფულმა დაცემამ ჩვენზე დიდი გავლენა ვერ იქონია და არ მოხდა ისეთი ინფლაცია, როგორიც მაგალითად აზერბაიჯანში. ახლა ნავთობის ფასი იმატებს და ნელ-ნელა ლარი მყარდება. მოლოდინი მაქვს, რომ თუ ყველაფერი თანხვედრაში წავა, ლარის კურსი 2.20-ზე ჩამოვიდეს, რაც ძალიან კარგი შედეგი იქნება.


-გარე ფაქტორების გარდა, ლარის გამყარებას კიდევ რას აბრალებთ?


-ფინანსთა სამინისტროს მიერ გადადგმულ მეტ-ნაკლებად სწორ ნაბიჯებს, ბიუჯეტის გეგმაზომიერ ხარჯვას, დამატებითი ხარჯების თავიდან აცილებას.... გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც უწყობს ამ ყველაფერს ხელს.


-ბატონო ლევან, მაქსიმუმ, რა ნიშნულზე შეიძლება გამყარდეს ლარი?


-ძალიან ძნელია ამის პროგნოზი, მაგრამ დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, 2.2 მართლა არ იქნება ცუდი შედეგი...


სხვათა შორის, ლარის კურსის გამყარებაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა:

 

ლარი სტაბილურად მყარდება, რამაც, შესაბამისად, ვაჭრობის წახალისება უნდა განაპირობოს. შარშან, როდესაც ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, ერთადერთი მიმართულება იყო ევროკავშირი, სადაც სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა. პირველი ორი თვის მაჩვენებლებში ჯამური სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია, რისი ძირითადი მიზეზია ის შესწორება, რომელიც ჩვენს საგადასახდელო ბალანსში კიდევ მიმდინარეობს ანუ ვალუტის დევალვაციიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში შემოსული იმპორტი, ასევე იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ექსპორტი გვაქვს, მცირდება, თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ მომავალი თვეებიდან ჩვენ ზრდა გვექნება, მითუმეტეს, ადევნებთ თვალყურს ლარის კურსთან დაკავშირებით, რომ ის სტაბილურად მყარდება და შესაბამისად, ამან ვაჭრობის წახალისება უნდა მოგვცეს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.


დღეისათვის სურათი ასეთია - გარდამტეხ მოვლენას რეგიონის ქვეყნების კურსთა ფორმირებაში წარმოადგენდა ნავთობის ფასების შემცირების ტენდენციის შეჩერება 20 იანვრის შემდგომ. 20 იანვარს ნავთობის ფასი 27 დოლარამდე შემცირდა და უკვე 21 იანვრიდან დაიწყო ზრდა, რაც მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება. ნავთობ-ექსპორტიორი ქვეყნების სავალუტო გაცვლითი კურსი მაშინვე გაუმჯობესდა (გამყარდა). აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული, რუსული რუბლი გამყარდა 12 ერთეულით, 82 რუბლიდან (ერთ დოლარზე) 70 რუბლამდე. გამყარდა ასევე თურქული ლირა 5,2%-ით, 3,03 დან 2,87-მდე. დოლარის საერთაშორისო ინდექსი შემცირდა, რაც გულისხმობს, რომ დოლარი მცირედით გაუფასურდა საერთაშორისო ვალუტებთან მიმართებაში: 21 იანვარი-15 მარტის პერიოდში დოლარის საერთაშორისო ინდექსი შემცირდა 4 პუნქტით. აღნიშნული პოზიტიური საგარეო ტენდენციები, სავაჭრო არხებისა და მოლოდინების ფორმირების მექანიზმებით გადმოეცა საქართველოს ეკონომიკას. 21 იანვრიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურსი დასტაბილურდა, რაც გულისხმობდა არსებულ ტენდენციებზე ეკონომიკური აგენტების დაკვირვებას, შენარჩუნდებოდა თუ არა პოზიტიური ტრენდი. ხოლო 15 თებერვლიდან მოყოლებული ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა 2,50-დან 2,36 მდე. ( 5,6%-ით). შიდა მიზეზები: მონეტარული პირობების გამკაცრებამ, 3-5 თვიანი დროითი ლაგის არსებობით, იმოქმედა კომერცული ბანკების ლიკვიდობის შეზღუდვაზე. ამასთან, მომხმარებელთა მხრიდან გაცვლითი კურსის რისკების მიმართ მაღალი მგრძნობელობის გამო შემცირდა დოლარის სესხებზე მოთხოვნა. ვალუტაში გაცემული სესხების ზრდის ტემპი 0-თან ახლოსაა, რამაც დადებითად იმოქმედა ლარის გაცვლით კურსზე. ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე გაჩნდა დოლარის ჭარბი ლიკვიდობა (დეპოზიტების მაღალი დოლარიზაციისა და დოლარის სესხების არ ზრდის პირობებში), რამაც ხელი შეუწყო დოლარის დაბალი კურსით ვაჭრობას სავალუტო ბაზარზე. ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის კოორდინირებულმა პოლიტიკამ დადებითად იმოქმედა კერძო სექტორის მოლოდინებზე. ამასთან კურსის გამყარების მატერიალიზაცია და საბაზრო ფასწარმოქმნაში გარდასახვას გარვეული დრო ჭირდება. შესაძლოა არსებობდეს ფასების შემცირების 3-5%-იანი საშუალება, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იმპორტიორების მიერ დადებული კონტრაქტები და გარიგებები მანამდე განხორციელდა, ვიდრე კურსი პოზიტიურ ტრენდზე დადგა (მიწოდებას ხომ გარკვეული დრო სჭირდება). ამასთან, მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმპორტიორთა მოლოდინები კურსთან დაკავშირებით და მათ მიერ წარსულში გაწეული სავალუტო კურსის ხარჯები. ამიტომ კურსის გამყარების ფასებში ასახვას გარკვეული დრო დასჭირდება.



ბათო ჯაფარიძე




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner