გაერო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იემენის დედაქალაქ სანაში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიადარტყმას სულ მცირე 140 ადამიანი ემსხვერპლა. იემენის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 500-ს აღემატება. საჰაერო დარტყმა დამკრძალავი პროცესიის მონაწილეებზე განხორციელდა.
კოალიცია ავიადარტყმის განხორციელებას უარყოფს.
გაერო-ს კოორდინატორმა იემენის საკითხებში ჯეიმი მაკგოლდრიკმა მომხდარს „საშინელი თავდასხმა" უწოდა. ამბოხებულების წარმომადგენელმა კი ავიაიერიში „გენოციდად" შეაფასა.
როგორც სააგენტო „Associated Press" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ბევრი შიიტი ჰუსიტი-ამბოხებულია.
იემენში მთავრობის მხარდასაჭერად შექმნილი სამხედრო კოალიცია 2014 წლიდან იბრძვის მეამბოხე შიიტი-ჰუსიტების წინააღმდეგ. იემენის ხელისუფლება და საუდის არაბეთი ჰუსიტების მფარველობაში ირანს ადანაშაულებენ.
ზავის გამოცხადების უამრავი მცდელობის მიუხედვად, შეტაკებები იემენში დღემდე არ წყდება.