logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: სავარაუდოდ, არაერთი მეორე ტური იქნება
- +

9 ოქტომბერი. 2016. 12:35



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რამდენიმე ექსცესისა, არჩევნებმა მთლიანობაში მშვიდობიანად ჩაიარა.


 

„მინდა, მადლობა ვუთხრა ქართველ საზოგადოებას, რომელმაც ძალიან აქტიურად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ორი თვის განმავლობაში მოვუწოდებდით საზოგადოებას აქტიურობისკენ და ის პროცენტი, რაც დაჯდა მონაწილეობის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, იყო მშვიდი, კონსტრუქციული, რიგი გამონაკლისების გარეშე, რომელიც საერთო ფონს ნამდვილად არ ართულებდა და არ ცვლიდა. არჩევნების დღემაც ასე მშვიდად ჩაიარა, ამომრჩევლის აქტიურობით და ფაქტობრივად, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენს ქვეყანაში არჩევნებმა ჩაიარა მშვიდობიანად. სამწუხაროა, რომ დათვლის პროცესში გამოჩნდა რამდენიმე სერიოზული სამართალდარღვევა, მათ შორის აგრესიული ქმედებები. ეს არის არა მარტო სამწუხარო, არამედ ამ შემთხვევებს, ამ პროვოკაციულ შემთხვევებს, რომლებიც რამდენიმე უბანზე მოხდა, სჭირდება დროული, ძალიან სწრაფი რეაგირება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტომბრის არჩევნები. ეს არჩევნები შეფასდება და ჩვენი ყველას მიზანია, რომ ეს არჩევნები შეფასდეს, როგორც მართლაც მაღალი სტანდარტის არჩევნები. შეფასდება, როგორც 8 ოქტომბრით, ასევე 8 ოქტომბრის ექსცესებზე და ინციდენტებზე დროული რეაგირებით და ასევე იმით, რანაირად მივალთ არჩევნების მეორე ტურებამდე და როგორ ჩავატარებთ მას. მოლოდინი არის, რომ არაერთი მეორე ტური იქნება, შესაბამისად ყველას, კიდევ ერთხელ გთხოვთ აქტიური იყოთ მეორე ტურებზეც, ამომრჩეველმა აჩვენოს თავისი ინტერესი და ჩართულობა, როგორც ეს აჩვენა 8 ოქტომბერს. მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს, იმ დარღვევებზე, რომლებიც განსაკუთრებით დათვლის პროცესის დროს განხორციელდა, მოახდინონ დროული რეაგირება და ყველამ ერთად, არ დავიშუროთ ძალისხმევა, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შევიდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხითა და სტანდარტით ჩატარებული არჩევნები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner