„თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის შვილი ნატა პეტრიაშვილი საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვინც ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე სხვადასხვა და ურთიერთგამომრიცხავი ვარაუდი გამოთქვა:
„რამდენიმე თქვენგანმა ღიად გაუკეთეთ ანალიზი და საჯაროდ გამოიტანეთ დასკვნა მამაჩემის - ბუკა პეტრიაშვილის, მკვლელობის მცდელობის ამბავზე. ზოგმა პირადიაო, ზოგმა პოლიტიკურიაო, ზოგი უკმაყოფილო იყო არსებული და მოხვედრილი ტყვიების რაოდენობით და ადგილმდებარეობით, ზოგმაც - რა მოხდა, ასეთი ამბები დიდი ხანია ტრადიციად იქცაო.
თქვენი ანალიზი არც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მოჰკლებია. თანაც, ხშირად, წინადადებას ასე იწყებთ: „მართალია, დანაშაულია, რაც გააკეთეს და დაუშვებელია ასეთი მასალის გავრცელება, მაგრამ..."
მაინტერესებს, სიტყვა „დაუშვებელია" როგორ ხვდება წინადადებაში, სადაც ერთ-ერთი მომდევნო სიტყვა არის „მაგრამ". არ არსებობს მიზეზი, რაც ოდნავ მაინც გაამართლებს ამ ფაქტს, ნუ ეძებთ, ვერ იპოვით.
ყველაფერს, რასაც ასკვნით და შემდეგ წერთ, ამა თუ იმ გზით, ყველა კითხულობს. რა თქმა უნდა, ვერავინ აგიკრძალავთ თქვენი აზრის გამოთქმას და არც არავინ აპირებს, უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ, რომ ყველაფერს, რასაც წერთ, თქვენი ჩატარებული უნაკლო ექსპერტიზის შემდეგ, კითხულობენ ოჯახის წევრები და მეგობრები.
მაინტერესებს ერთი რამ, თუ ისეთ კომენტარს წერთ, რისი წაკითხვაც თქვენვე გულს გატკენდათ, სხვებს რატომ იმეტებთ?" - წერს ნატა პეტრიაშვილი.