„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წინასწარ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე „ქართული ოცნება" მეორე ტურში ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოიპოვებს გამარჯვებას.
„საპარლამენტო არჩევნებში ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას", რის საფუძველზეც ჩვენი ხელისუფლება მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მართვას. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში, რასაც ცხადყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მისიების შესაბამისი ანგარიშები და შეფასებები. კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამომრჩეველს გამოხატული ნდობისთვის. აღვნიშნავ, რომ ჩვენმა 23 მაჟორიტარმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო არჩევნები. კანდიდატების უმრავლესობას დააკლდა ხმების მხოლოდ მცირე რაოდენობა, იმისათვის, რომ პირველივე ტურში მოეპოვებინა გამარჯვება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა არჩევნებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში, რის შესაბამისადაც „ქართული ოცნება" მეორე ტურში მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას მომავალ პარლამენტში, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც ვსაუბრობდით. უშედეგოდ დასრულდა „ნაცმოძრაობის" უსუსური მცდელობა, რომ ხელოვნურად გამოეწვიათ დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში და ასეთ პირობებში საზოგადოებამ გამოხატა მხარდაჭერა „ქართული ოცნების" მიმართ და მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ამომრჩეველს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.