„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო ყველა წინა საარჩევნო გარემოსგან თვისობრივად განსხვავებული იყო.
„მასმედია მაქსიმალურად შეეცადა, ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის მოეცა საშუალება, რომ ამომრჩევლისთვის საკუთარი ხედვები გაგვეცნო. დღეს ამომრჩეველს აქვს საშუალება, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს შეხვდეს და ამისთვის მისი ოჯახის წევრს არავინ დაემუქრება, ციხეში არავინ ჩასვამს და არ აწამებს", - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, დღეს ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის და არეულობა არავის აწყობს.
„არ მგონია, დაძაბულობა ან ხელისუფლებას აწყობდეს, ან რომელიმე პოლიტიკურ ძალას. დღეს ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის და არეულობა არ გვაწყობს. ყოველდღე ველოდებით გადაწყვეტილებას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა 2017 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეძლონ. ჩვენ გვინდა, ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, დამოუკიდებელი სასამართლო, უკეთესი ეკონომიკა, ცხოვრება და სამართლიანობა იყოს", - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს არ არსებობს იმის განცხადების საფუძველი, რომ ცესკო-ს ხვალ გამოცხადებული შედეგები აღიარებული არ იქნას.
„უსამართლოს ვერც კვლევას ვაღიარებთ და ვერც არჩევნების შედეგს, მაგრამ დღეს არ მაქვს იმის განცხადების საფუძველი, რომ ცესკო-ს ხვალ გამოცხადებული შედეგები არ ვაღიარო და არც არავის მივცემ უფლებას, უსაფუძვლოდ, მადესტაბილიზირებელი მოქმედებები განახორციელოს. პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება და სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სტაბილიზაცია და ჩვენი ხმების დაცვა", - განაცხადა დოლიძემ.
როგორც ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, „თავისუფალი დემოკრატებისთვის" ამოსავალი წერტილი ყოველთვის სახელმწიფოებრივი ხედვა და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთება იყო.
„თავისუფალი დემოკრატები" გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ვიბრძვით იმისთვის, რომ პარლამენტში რაც შეიძლება მეტნი შევიდეთ, რათა კონკრეტული პრობლემები გადავწყვიტოთ. ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის დროს, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი სახელმწიფოებრივი ხედვა და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთება იყო. ეს ყოველთვის ასე იქნება და „თავისუფალი დემოკრატები" ქართულ პოლიტიკაში სერიოზულ სიტყვას კიდევ ბევრჯერ იტყვიან", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.