logo_geo
eng_logo
ირაკლი კორძახია: სასამართლოს შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ლოგოს გამოყენება არ აუკრძალავს
- +

16 მარტი. 2016. 13:27



გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია აცხადებს, რომ „მაესტროზე" ბრენდის მოხსნა უკანონოდ განხორციელდა. როგორც კორძახიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლომ „მაესტროს" სასაქონლო ნიშნის გამოყენება აუკრძალა ბაჩო კიკაბიძის მიერ 2 წლის წინ შექმნილ კომპანიას და არა შპს „სტუდია მაესტროს". ამიტომ, კორძახიას განმარტებით, ტელეკომპანიას სრული უფლება აქვს, ლოგოთი იმაუწყებლოს.

 

„ბაჩო კიკაბიძე აცხადებს, რომ თურმე „სტუდია მაესტროს" ლოგოს გამოყენება აეკრძალა. ეს არის აბსოლუტური ნონსენსი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა  და გამიზნული სიცრუე. სასამართლომ ლოგოს გამოყენება აუკრძალა 2014 წელს რეგისტრირებულ კომპანიას, „ტელეკომპანია მაესტროს", ეს გახლავთ ბაჩო კიკაბიძის კომპანია.

 

შესაბამისად, კიკაბიძის მიერ გაცემული დავალება, რომ ლოგო მოეხსნა „სტუდია მაესტროს", არის უკანონო დავალება, რადგან იგი არ არის ტელეკომპანიის დირექტორი. ამ უკანონობაში კიკაბიძეს ხელს უწყობს „ემ ინვესტმენტი". ეს გახლავთ კოტე გოგელიას და მაკა ასათიანის კომპანია. როგორც ვიცი, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებებს იღებს უშუალოდ გოგელია. სწორედ ის უწყობს ხელს კიკაბიძეს, როდესაც ტელეკომპანიაში არ უშვებს არხის დირექტორს ლევან გაჩეჩილაძეს", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.

 

აქვე კორძახია განმარტავს, რომ „მაესტროს" ეთერიდან ლოგოს მოხსნა ტელეკომპანიას დიდ ზარალს მოუტანს. როგორც ადვოკატი აცხადებს, აღნიშნული ქმედებით ტელეკომპანია არღვევს ტელეკომპანია „იმედთან" დადებულ ხელშეკრულებას და შესაძლოა, მილიონობით ლარის პირგასამტეხლო დაეკისროს.


„ლოგოს საკითხი თითქოს ერთი შეხედვით ასეთი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ეს ფინანსურად ძალიან მნიშვნელოვანია. „იმედთან" დადებული ხელშეკრულებით, იმისთვის, რომ „მაესტრომ" მიიღოს შემოსავალი, „ემ ინვესტმენტის" გავლით, ტელეკომპანიამ უნდა იფუნქციონეროს მისი ლოგოს, ბრენდის გამოყენებით. თუ ამას არ შეასრულებს „მაესტრო", „იმედმა" შეიძლება შეწყვიტოს ხელშეკრულება და ტელეკომპანიას მილიონიანი ჯარიმის გადახდა მოუწიოს. კიკაბიძეს, გადაბაძეს და გოგელიას სურთ, რომ ტელეკომპანიას ამოუწურონ ყოველგვარი შემოსავლის წყარო. ცხადია, რომ ეს არის „ემ ინვესტმენტის" ბრალი, რომელიც ტელეკომპანიაში არ უშვებს გენერალურ დირექტორს, რომ მან გასცეს შესაბამისი განკარგულებები. ამიტომ, თუკი „მაესტროს" მოუწევს პირგასამტეხლოს გადახდა, სამართლებრივად ეს გადასახადი დაეკისრება „ემ ინვესტმენტს" და ახლა რომ ამბობენ, რომ გაჩეჩილაძეს აქვს ვალები გადასახდელი, შესაძლოა, იმდენი ვალი დაუგროვდეთ, რომ აქეთ ჰქონდეთ გაჩეჩილაძისთვის თანხა მისაცემი", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner