თსუ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პროფესორ-მასწავლებლებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს. პროფესორ-მასწავლებლების განცხადებით, მიმდინარე მოვლენებში აუცილებელია მათი ჩართულობა. მათი ინფორმაციითვე, უნივერსიტეტში შეუქცევადი პროცესები დაიწყო და ის ფაქტობრივად ჩიხშია შესული.
გთავაზობთ პროფესორ-მასწავლებლების მიმართვას:
„ამ სიტუაციაში დაუშვებლად მიგვაჩნია რექტორის გადადგომა. ამჟამად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართალია და ვინ - მტყუანი, რამ მიგვიყვანა ასეთ დაპირისპირებამდე. ჩვენც მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტში ბევრი პრობლემაა, რომელიც სასწრაფოდ გადაჭრას მოითხოვს. ასე რომ, გარკვეული ცვლილებებია შესატანი განათლების კანონში და შესაბამისად, უნივერსიტეტის წესდებაში. ყველა პრობლემა მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის დიალოგის გზით შეიძლება გადაწყდეს. უნივერსიტეტი ხომ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთობაა. დაპირისპირებულ მხარეებს მოგიწოდებთ კონსენსუსისკენ და გთავაზობთ დიალოგის დაწყებას", - აღნიშნულია პროფესორ-მასწავლებლების მიმართვაში.