გაზეთ „პრაიმტაიმის" სტატიაში ნათქვამია, რომ მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადეიშვილის პროკურატურა უსმენდა. გამოცემის ინფორმაციით, პროკურატურა ამას ფინანსური პოლიციის ტექნიკური ბაზის მეშვეობით ახორციელებდა. გამოცემის ცნობით, აბსოლუტურად კონტროლს მიღმა იყო, ვის უსმენდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რომელსაც ახალაია აკონტროლებდა.
„მუდმივი შეკითხვა, რომელიც არსებობდა მიყურადებასთან დაკავშირებით, იყო - ვინ ვის უსმენდა და, ზოგადად, რამდენად შესაძლებელია, ერთ კაცს ერთდროულად რამდენიმე უწყება უსმენდეს. აღმოჩნდა, რომ ეს ტექნიკურად სირთულეს არ წარმოადგენს.
„ნაციონალური მოძრაობა" მოსმენისა და მიყურადების ამ სტილს ერთდროულად კომპრომატების მოსაგროვებლადაც იყენებდა. მაგალითად, ცნობილია, რომ მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტი უსმენდა ახალაიას თავდაცვის სამინისტროს. ამ ორივე უწყებას ერთად უსმენდა ადეიშვილის პროკურატურა ფინანსური პოლიციის ტექნიკური ბაზის მეშვეობით.
აბსოლუტურად კონტროლს მიღმა იყო, ვის უსმენდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რომელსაც მეორე ახალაია აკონტროლებდა. ფარულ მოსმენებს და, ასევე, გადაღებებსაც აწარმოებდნენ. მაშინ არსებული საკანონმდებლო სისტემა იძლეოდა საშუალებას, რომ სპეცსამსახურს ჰქონდა უფლება, ჩაეტარებინა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ეს ეხებოდა არა მარტო მოსმენას: ასევე, კორესპონდენციის გახსნას, ელექტრონული ფოსტის წაკითხვას, მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას და ა.შ." - წერს გამოცემა.