logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: ქვეყანაში პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც სტუდენტები ქუჩაში გამოდიან
- +

16 მარტი. 2016. 14:33


 

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებსა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას შორის კავშირს ხედავს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტები წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას უკავშირდება. ამის შესახებ გიორხელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ხელისუფლებას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა.

 

„ეს პროცესები ხელისუფლებისთვის ძალიან წამგებიანია. კადრების გავრცელების ფაქტსა და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს შორის შეგვიძლია პარალელები გავავლოთ და შესაძლოა ითქვას, რომ საზოგადოებაში გარკვეული შიშის დანერგვის მცდელობაა. არ ვფიქრობ, რომ ეს უმიზნოდაა გაკეთებული. როგორც წესი, საქართველოში დემოკრატიული არჩევნები გადაქცეულია დესტაბილიზაციის წყაროდ. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინტერესშია, რომ კონკრეტული დამნაშავე მაინც იპოვონ.

 

პირველ რიგში, ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური დატვირთვა და მისი მიზანი ერთადერთია, საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების, ქაოსის და დაუცველობის განცდა შექმნას. ხელისუფლება ძალიან ღრმად და სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ საკითხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ფაქტები განმეორდება და თუკი ხელისუფლება უსუსურობის შთაბეჭდილებას დატოვებს, მის მიმართ განწყობა რადიკალურად შეიცვლება.

 

არ არსებობდა იმის საფუძველი, რომ უნივერსიტეტის თვითმმართველობას და მის მომხრე ჯგუფს შტურმით აეღო რექტორის კაბინეტი. რა თქმა უნდა, საქართველოს განათლების სისტემაში უმძიმესი პრობლემები არსებობს, მაგრამ არსებობს ამ ყველაფერზე საუბრის და გამოსწორების გაცილებით კარგი საშუალებები. უნივერსიტეტის შიდა პრობლემა დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს. ქვეყანაში პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც  სტუდენტური გამოსვლები იწყება, როდესაც ისინი ორგანიზებულად გამოდიან ქუჩაში. ხელისუფლებამ საქმე აქამდე არ უნდა მიიყვანოს", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner