logo_geo
eng_logo
სამი ვერსია, რომლითაც შეიძლება, პოლიტიკური პროცესები განვითარდეს
- +

10 ოქტომბერი. 2016. 19:00

 

 

 

აი, ასე: ხანგრძლივი საარჩევნო კამპანია, რომელსაც ექშენი „აკლდა", დამთავრდა და ცესკო-ს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადებაც ყოველგვარი „გამიშვი-დამიჭის" გარეშე მიმდინარეობს. ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ზღვის გადმოცურვა მიხეილ სააკაშვილმაც გადაიფიქრა და, წინასაარჩევნო მოწოდების მიუხედავად, ქუჩაში ჯერჯერობით არც „პატრიოტები" გამოსულან. შესაბამისად, მეცხრე მოწვევის პარლამენტი, ავად თუ კარგად, შეიკრიბება, მაგრამ საკითხავია, როგორი იქნება - ორ თუ მრავალპარტიული?


ისე, რაკიღა სიტყვა მრავალპარტიულობაზე ჩამოვარდა, აქვე, სჯობს, ყოფილი პრემიერის განცხადება გავიხსენოთ, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში გააკეთა, არჩევნების შემდეგ კოალიციურ მთავრობას არ ველიო. მთავრობა კოალიციური, როგორც წესი, იმ შემთხვევაშია, როცა პარლამენტი მრავალფეროვანია. მაშინ კი, როცა საკანონმდებლო ორგანოში ორი ძალაა წარმოდგენილი და თან ამ ორიდან ერთი, პრაქტიკულად, აბსოლუტური უმრავლესობაა, კოალიციურ მთავრობაზე მსჯელობა არასერიოზულია.


მოკლედ, გავყვეთ იმ ვერსიას, რომ 8 ოქტომბერს პოლიტიკურმა ღმერთებმა და დემონებმა მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებასა" და ნაცმოძრაობას გაუღიმეს და თუკი ამ მოცემულობას ცესკო-ც ბეჭედს დაუსვამს, როგორი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით?


 ამ რეალობის განჭვრეტისთვის მაინცდამაინც ნათელმხილველობის უნარი არაა საჭირო - მომავალ მთავრობას, ბუნებრივია, „ოცნება" ისე დააკომპლექტებს, რომ ნაციონალებს ზრდილობისთვისაც არაფერს ჰკითხავს, თუმცა ისიც ნათელია, რომ „ყოფილები" თუნდაც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების წინ გამართულ დებატებზე სერიოზულად იხმაურებენ, მაგრამ ეს იქნება ხმაური ხმაურისთვის და მეტი არაფერი.


სხვათა შორის, გამორიცხული არც ისაა, რომ ნაცებმა ძველი მეთოდი გაიხსენონ და „ოცნება" სერიოზული პოლიტიკური დილემის წინაშე დააყენონ, ანუ ერთგვარი საპროცედურო ომი წამოიწყონ - პარლამენტში შესვლაზე უარი თქვან და ამით პირველ ადგილზე გასული პარტია მარტო დატოვონ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში არჩევნების ლეგიტიმაციას, თავისთავად, ეჭვქვეშ დააყენებს.


აქვე, იმის ალბათობაც არსებობს, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ნაცებს მხარი აუბან და არჩევნების შედეგები არათუ ლეგიტიმურად სცნონ, არამედ მისი გაუქმება და კენჭისყრის ხელახალი ჩატარება მოითხოვონ. სხვათა შორის, ეს იდეა ლეიბორისტების ლიდერმა უკვე გაახმოვანა.


„გამოსავალი ამ სიტუაციიდან კიდევ არსებობს - ჩაშლილად გამოცხადდეს ჩატარებული არჩევნები და გაიმართოს ორი თვის თავზე ხელახალი არჩევნები, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა", - განაცხადა 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ ერთი პარტიაც არ უნდა შევიდეს ე.წ. პარლამენტში.


„სადეპუტატო რამდენიმე მანდატის გამო გადმოგდებულ ანკესს იმედია, არავინ ჩამოეკიდება", - იმედოვნებს ნათელაშვილი, რომლის ინიციატივასაც, გასაკვირი არ იქნება, თუკი ნაციონალები აიტაცებენ და ამის თაობაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, თუმცა საკითხავია, რა პოზიციაზე დადგებიან „პატრიოტები" და ალასანიას ,,თავისუფალი დემოკრატები".


ისე, ისიც სავსებით შესაძლებელია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაწყებული ყბადაღებული კოჰაბიტაცია, რომელსაც თავისუფალ დემოკრატებსა და „რესპებს" აბრალებდნენ, ახალი ენერგიით გაგრძელდეს და იგივე მეორე ტურში წარმატებას „ოცნების" კი არა, ნაცმოძრაობის კანდიდატებმა მიაღწიონ, თუმცა მოვლენების ამ სცენარით განვითარება ნაკლებსავარაუდოა.


რაც შეეხება მეორე ვერსიას, რომლის თანახმადაც, მეცხრე მოწვევის პარლამენტი შესაძლოა, სამპარტიული იყოს ანუ საკანონმდებლო ორგანოში „ოცნებისა" და ნაცმოძრაობის გარდა, პატრიოტთა ალიანსიც იყოს წარმოდგენილი.


ამ შემთხვევაში, წინა სცენარით გათვალისწინებული სურათისგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ პეიზაჟს არ უნდა ველოდოთ, რადგან, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 6 პატრიოტი, ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, „ოცნების" პოზიციებს გაამაგრებს და არა ნაციონალებისას, რადგან ინაშვილის გუნდის ნაცებთან თუნდაც ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე თანამშრომლობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია! ახლა, ვნახოთ, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტში „ოცნების", ნაცმოძრაობისა და პატრიოტების პარალელურად, ალასანიას თავისუფალი დემოკრატები და ნათელაშვილის ლეიბორისტებიც შევლენ.


მართალია, ამ მოცემულობით საკანონმდებლო ორგანოში „ოცნება"-ნაციონალების გარდა, დანარჩენი პარტია მხოლოდ 6-6 დეპუტატს შეიყვანს, ანუ თითო ფრაქციას შექმნის, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელობა ექვს კი არა, შესაძლოა, ერთ ხმასაც ჰქონდეს. გადაწყვეტილების მიღებასაც თავი რომ დავანებოთ, „ოცნება", რომელიც დეკლარირებულად პროდასავლური ანუ დემოკრატიული ყაიდის პარტიაა, თავს მოიწონებს, აი, ისეთი დემოკრატიული არჩევნები ჩავატარე, რომ საკანონმდებლო ორგანოში მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც რამდენიმე პარტიაა წარმოდგენილიო. ეს გზავნილი კი, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, კარგი „ოცნებისთვის" კი არა, ქვეყნისთვის იქნება, რადგან მოგეხსენებათ, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დგას და ამ გზაზე რაც მეტი დემოკრატიული ნიშნები გამოიკვეთება, ჩვენი მომავლისთვის მით უკეთესია! ქვეყნის მრავალპარტიული მართვა კი, დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანია.


გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომ ზემოხსენებული სამივე სცენარი მხოლოდ არჩევნების პროპორციულ შედეგებზე „ვრცელდება", რადგან თუ პარლამენტში ორი პარტია გადის, მაშინ „ოცნების" დეპუტაცია 50 ადამიანის ფარგლებში იქნება, ნაციონალების - 30-ის თუ ამ ორ პარტიას მესამე, მაშასადამე, პატრიოტთა ალიანსიც დაემატა, რიცხობრივი ბალანსი დიდად არ შეიცვლება. პარლამენტში ხუთი პარტიის არსებობის შემთხვევაში კი, „ოცნების" დეპუტაციის რაოდენობა 40-ის ფარგლებში იქნება, ნაციონალების - 20, დანარჩენ სამ პარტიას კი, როგორც აღვნიშნეთ, 6-6 დეპუტატი ეყოლება.


ასე რომ, მთავარი კოზირი ახლა მაჟორიტარული არჩევნების შედეგებია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე ათეულ ოლქში მეორე ტური უნდა გაიმართოს. შესაბამისად, ნაცმოძრაობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მეორე ტურში მისმა ყველა თუ არა, კანდიდატთა უმრავლესობამ მაინც გაიმარჯვოს. ამ მოცემულობაში, გულხელდაკრეფილი, რასაკვირველია, არც „ოცნება" დაჯდება და ისიც ყველაფერს გააკეთებს, მეორე ტურში „ღირსეული გამარჯვება" იზეიმოს.


მეორე ტურის დანიშვნის პროცედურები კი, როგორც კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი განმარტავს, ასეთია: ცესკო მეორე ტურს ნიშნავს არჩევნების დღიდან, არაუგვიანეს 25 დღისა. ამ შემთხვევაში, მეორე ტურის დანიშვნის ბოლო ვადა, არაუგვიანეს 2 ნოემბერია.


როგორც ცესკო-ში განმარტავენ, პარლამენტის პროპორციული არჩევნების შედეგები 19 დღეში უნდა შეჯამდეს, ოლქებში მაჟორიტარული სისტემით არჩევნების შეჯამებას კი 11 დღე სჭირდება.


ერთი სიტყვით, კოალიციურ მთავრობასა და მრავალპარტიულ პარლამენტზე დამაჯერებლად ლაპარაკი მხოლოდ მეორე ტურების შემდეგ შეგვეძლება, თუმცა, როგორც ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მრავალპარტიული პარლამენტი მაინცდამაინც ხელსაყრელი არ იქნება და ამის დასამტკიცებლად ე.წ. იმელის პარლამენტს იხსენებს, რომლის წევრიც თითქმის ყველა იყო, ვისაც დეპუტატობის ამბიცია ჰქონდა.


საერთოდ, ჯერ კიდევ მოქმედ პარლამენტს მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმება 2020 წლამდე რომ არ გადაეწია, დღეს, ალბათ, რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა გვექნებოდა და ვაჭრობა არც მეორე ტურზე წავიდოდა. შესაბამისად, იმაზე მარჩიელობა-მკითხაობაც არ იქნებოდა საჭირო, როგორი იქნება მეცხრე მოწვევის პარლამენტი - ორ თუ მრავალპარტიული, მაგრამ „ჭკვიანმა თავებმა", როგორც ჩანს, თავიდანვე კარგად დათვალ-გათვალეს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისეთი შედეგი დადგებოდა, როგორიც დადგა და, შესაბამისად, პოლიტიკური მანიპულაციებისთვის ნიადაგიც ამიტომ შექმნეს.


შედეგებს თავი რომ დავანებოთ, 8 ოქტომბრის არჩევნებმა ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოკვეთა: ქვეყნის ელექტორატი გაზრდილია და ისეთი დაპირებებით აღარ ტყუვდება, როგორიც, მაგალითად, უბლოკო სტატუსია. თავისთავად კარგი მესიჯია, რომ ის პარტიები, რომლებიც ოკუპანტ რუსეთთან „ძმობა-მეგობრობასა და ჩახუტებას" გვთავაზობდნენ, არათუ ხუთპროცენტიან ბარიერს მიუახლოვდნენ, არამედ გამოჩნდა, რომ მათმა იდეებმა სერიოზული დევალვაცია განიცადა, თუმცა საგულისხმოა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ბარიერი ერთ-ერთმა ასეთმა პარტიამ, კერძოდ, ბურჯანაძის პოლიტიკურმა გაერთიანებამ მაინც გადალახა, რაც სამომავლოდ, ალბათ, გაანალიზების საგანი უნდა გახდეს. ბურჯანაძის აჭარულ წარმატებას, შესაძლოა, ის ახსნა მოვუძებნოთ, რომ ბოლო დროს ვიღაც-ვიღაცები აჭარის თურქეთიზაციით აპელირებენ. გათურქებით შეშინებული მოსახლეობის რაღაც პროცენტი კი, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ „თანამედროვე გაოსმალოებისგან" სწორედ უბლოკო სტატუსი გვიხსნის, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმეტესობამ შესანიშნავად იცის, რომ ყველაფერი ეს, რუსულ ნარატივზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უბრალოდ, პოლიტიკური ბელეტრისტიკაა!



ვანო პავლიაშვილი

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner