logo_geo
eng_logo
„როგორი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით?“
- +

10 ოქტომბერი. 2016. 20:00


გაზეთი „ვერსია" 2016 წლის საპარლამენტოარჩევნებთან დაკავშირებით წერს, რომ არსებობს პარლამენტის მოწყობის სამი ვერსია:



„მოკლედ, გავყვეთ იმ ვერსიას, რომ 8 ოქტომბერს პოლიტიკურმა ღმერთებმა და დემონებმა მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებასა" და „ნაცმოძრაობას" გაუღიმეს და თუკი ამ მოცემულობას ცესკო-ც ბეჭედს დაუსვამს, როგორი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით?

 

 ამ რეალობის განჭვრეტისთვის მაინცდამაინც ნათელმხილველობის უნარი არაა საჭირო - მომავალ მთავრობას, ბუნებრივია, „ოცნება" ისე დააკომპლექტებს, რომ ნაციონალებს ზრდილობისთვისაც არაფერს ჰკითხავს, თუმცა ისიც ნათელია, რომ „ყოფილები" თუნდაც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების წინ გამართულ დებატებზე სერიოზულად იხმაურებენ, მაგრამ ეს იქნება ხმაური ხმაურისთვის და მეტი არაფერი.

 

სხვათა შორის, გამორიცხული არც ისაა, რომ ნაცებმა ძველი მეთოდი გაიხსენონ და „ოცნება" სერიოზული პოლიტიკური დილემის წინაშე დააყენონ, ანუ ერთგვარი საპროცედურო ომი წამოიწყონ - პარლამენტში შესვლაზე უარი თქვან და ამით პირველ ადგილზე გასული პარტია მარტო დატოვონ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში არჩევნების ლეგიტიმაციას, თავისთავად, ეჭვქვეშ დააყენებს.

 

აქვე, იმის ალბათობაც არსებობს, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ნაცებს მხარი აუბან და არჩევნების შედეგები არათუ ლეგიტიმურად ცნონ, არამედ მისი გაუქმება და კენჭისყრის ხელახალი ჩატარება მოითხოვონ. სხვათა შორის, ეს იდეა „ლეიბორისტების" ლიდერმა უკვე გაახმოვანა.

რაც შეეხება მეორე ვერსიას, რომლის თანახმადაც, მეცხრე მოწვევის პარლამენტი შესაძლოა, სამპარტიული იყოს ანუ საკანონმდებლო ორგანოში „ოცნებისა" და „ნაცმოძრაობის" გარდა, „პატრიოტთა ალიანსიც" იყოს წარმოდგენილი.

 

ამ შემთხვევაში, წინა სცენარით გათვალისწინებული სურათისგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ პეიზაჟს არ უნდა ველოდოთ, რადგან, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 6 „პატრიოტი", ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, „ოცნების" პოზიციებს გაამაგრებს და არა „ნაციონალებისას", რადგან ინაშვილის გუნდის ნაცებთან თუნდაც ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე თანამშრომლობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია! ახლა, ვნახოთ, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტში „ოცნების", „ნაცმოძრაობისა" და „პატრიოტების" პარალელურად, ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები" და ნათელაშვილის „ლეიბორისტებიც" შევლენ.

 

მართალია, ამ მოცემულობით საკანონმდებლო ორგანოში „ოცნება"-„ნაციონალების" გარდა, დანარჩენი პარტია მხოლოდ 6-6 დეპუტატს შეიყვანს, ანუ თითო ფრაქციას შექმნის, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელობა ექვს კი არა, შესაძლოა, ერთ ხმასაც ჰქონდეს. გადაწყვეტილების მიღებასაც თავი რომ დავანებოთ, „ოცნება", რომელიც დეკლარირებულად პროდასავლური ანუ დემოკრატიული ყაიდის პარტიაა, თავს მოიწონებს, აი, ისეთი დემოკრატიული არჩევნები ჩავატარე, რომ საკანონმდებლო ორგანოში მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც რამდენიმე პარტიაა წარმოდგენილიო. ეს გზავნილი კი, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, კარგი „ოცნებისთვის" კი არა, ქვეყნისთვის იქნება, რადგან მოგეხსენებათ, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დგას და ამ გზაზე რაც მეტი დემოკრატიული ნიშნები გამოიკვეთება, ჩვენი მომავლისთვის მით უკეთესია! ქვეყნის მრავალპარტიული მართვა კი, დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანია.

 

გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომ ზემოხსენებული სამივე სცენარი მხოლოდ არჩევნების პროპორციულ შედეგებზე „ვრცელდება", რადგან თუ პარლამენტში ორი პარტია გადის, მაშინ „ოცნების" დეპუტაცია 50 ადამიანის ფარგლებში იქნება, „ნაციონალების" - 30-ის თუ ამ ორ პარტიას მესამე, მაშასადამე, „პატრიოტთა ალიანსიც" დაემატა, რიცხობრივი ბალანსი დიდად არ შეიცვლება. პარლამენტში ხუთი პარტიის არსებობის შემთხვევაში კი, „ოცნების" დეპუტაციის რაოდენობა 40-ის ფარგლებში იქნება, „ნაციონალების" - 20, დანარჩენ სამ პარტიას კი, როგორც აღვნიშნეთ, 6-6 დეპუტატი ეყოლება", - წერს „ვერსიის" ჟურნალისტი.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner