„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქში მამუკა მდინარაძე „ახალ თაობასთან" ინტერვიუში არჩევნებსა და მის შედეგებს აფასებს.
- ბატონო მამუკა, მოელოდით ამ შედეგებს? „ქართული ოცნებისთვის" რამდენად არის მიღებული შედეგები დამაკმაყოფილებელი?
- უფრო მაღალ პროცენტულ მაჩვენებელსაც ველოდი. ჩემი ეს მოლოდინი გამომდინარეობს იმ განწყობებიდან, რომელსაც ადამიანებისგან პირადად ვისმენდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. ამ კამპანიის პერიოდში 7-8 ათასამდე ადამიანს შევხვდი. კამპანიის დასაწყისში არც კი მეგონა, თუ ამხელა მუხტი და იმედიანი განწყობა იყო.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მასმედიიდან გარკვეული ნეგატივი მოდიოდა, თითქოს ხალხში სულ სხვა განწყობებია, მაგრამ, პირადად როდესაც ვხვდებოდი ადმიანებს, მივხვდი, რომ მათ რეალური განწყობა აქვთ. ისინი ხედავენ პროგრესს და რეალურად აფასებენ შესაძლებლობებსაც, თუმცა, მე არ ვიტყვი, რომ ადამიანები ვერ ხედავენ შეცდომებს ან ამაზე ტვალი აქვთ დახუჭული.
ასე ნამდვილად არ არის, ისინი ხედავენ ყველაფერს და თავის სახელსაც არქმევენ, მაგრამ „ქართულ ოცნებას" არ დაუშვია ისეთი შეცდომა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნებოდა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ვერ მოინელებდა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან.
- რატომ გაიმარჯვა კვლავ „ქართულმა ოცნებამ"? ამ გამარჯვების მთავარი ფაქტორი რა იყო?
- ადამიანები ქუჩაში მხვდებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ „ქართული ოცნება" ერთადერთი გულწრფელი ძალაა და ამიტომაც გავიმარჯვეთ. ეს იყო მთავარი მიზეზი, ასევე ის შეკრული და ერთიანი გუნდი, რომელიც ნამდვილად არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ამას ნახავს ჩვენი ამომრჩეველი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ასევე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცივილიზებული, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩაგვეტარებინა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომელიც ამომრჩეველს არჩევნებს ჰპარავდა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში გახდა მიზეზი, რატომაც მოგვანიჭა უპირატესობა ამომრჩეველმა.
ჩვენი ამოცანა იყო, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩაგვეტარებინა, რათა ერთხელ და საბოლოოდ წარსულისთვის ჩაგვებარებინა ის ცუდი გამოცდილება, რომლითაც გვიცნობდა დასავლეთი, სამწუხაროდ, 8 ოქტომბრის არჩევნები იყო პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც ხელისუფლებისგან ჩაურევლად, თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარდა.
- თქვენი კონკურენტები, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა", ასე არ ფიქრობს.
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთი ხმაც კი არ დაკარგულა, რომელიც ყუთში ჩავარდა, ყველა თავის ადრესატს მიუვიდა. არჩევნებს ნებისმიერ ქვეყანაში ახლავს გარკვეული ვნებათაღელვა და მცირედი დარღვევები, ამას ვერ გავექცევით, მთავარია, ამან პროცესებზე ვერ მოახდინოს გავლენა. მე ხომ ძალიან კარგად ვიცი, რა განწყობა იყო გუნდში.
- და რა განწყობა იყო?
- რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად ჩაგვეტარებინა და რეალობა ასახულიყო, არცერთი ხმა არავის არც დაჰკლებოდა და არც მომატებოდა. მიხარია, შინაგანად ბედნიერი ვარ, რომ გუნდში ვისმენდი შიდა საუბრებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და ამას გავაკეთებთ, რაც უნდა იყოს. ასეთი საუბრების მოსმენის შემდეგ ნამდვილად ვიყავი ხოლმე ამაღლებულ განწყობაზე.
- არჩევნების დღეს მარნეულის საარჩევნო ოლქში პროვოკაციის მცდელობა იყო, ასევე სამეგრელოს ერთ-ერთ ოლქში მოხდა უბნის დარბევა. ამას როგორ აფასებს?
- ეს ფაქტები თავად მეტყველებს იმაზე, რომ მმართველ ძალას, „ქართულ ოცნებას" არაფერში აწყობდა სიტუაციის ასე დაძაბვა. ყველაფერი კადრებზე ჩანს, ყველაფერი არის ნათელი, თუ ვინ და როგორ ცდილობდა დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იმიჯის გათელვას, მოსპობას.
ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან სასწორზე დევს ჩვენი ქვეყანა და მისი სახელი, მისი პრესტიჟი. ჩვენ მოწოდებული ვიყავით, რომ ყველაფერი დემოკრატიული სტანდარტებით ყოფილიყო. ყველა თათბირი საარჩევნო შტაბში იწყებოდა იმით, რომ ჩვენი თავმოყვარეობაც კი ვაჩუქოთ ჩვენს ქვეყანას. აქტივისტებს ვეუბნებოდით, ვინმემ რომც გაგინოთ, ხმა არ ამოიღოთ, მოითმინეთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ დავაზარალოთ. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, ასეთი მოწოდება გვქონდა, რადგან არეულობა არ გვაწყობდა არაფერში.
- „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" პირისპირ დარჩა. მხოლოდ ამ ორ ძალას აქვს შესაძლებლობა, არსებული მონაცემებით, პარლამენტში იყოს წარმოდგენილი. ეს რამდენად მისაღებია?
- „ნაციონალური მოძრაობა" ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ დესტაბილიზაციისთვის და ამას ისინი თავიანთ განცხადებებში ღიად აფიქსირებდნენ. რაც შეეხება პირისპირ დარჩენას, ვერ გეტყვით, რომ ეს მახარებს, პირიქით, მაგრამ ისინი ცოტანი იქნებიან, ჩვენ - ბევრნი და ეს კარგია.
„ნაციონალური მოძრაობის" ეს პროცენტული მაჩვენებელი განსაკუთრებულ სიხარულს ნამდვილად არ მგვრის, მაგრამ, რა ვქნათ, ასე აფიქსირებს ქართველი ამომრჩეველი, თუმცა არც იმის თქმას გავურბივარ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" თავისი ამომრჩეველი ჰყავს. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ მე მიკვირს მათი. როგორც ჩანს, ადამიანები მართლა ადვილად ივიწყებენ წარსულს, თუმცა ჩვენი ქვეყნის პროგრესი მათ ოჯახებსაც გამოადგება და მათ ოჯახებშიც შევა.
- მოელოდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ მთავარი ოპოზიცია იქნებოდა?
- გადაუწყვეტელი, ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი, როგორც ჩანს, მაინც არ მივიდა არჩევნებზე და „ნაციონალური მოძრაობის" 15 %-იანი მხარდაჭერა ამიტომაც გაიზარდა. ეს არის და ეს. ამიტომ იყო ჩვენი მოწოდება ამომრჩევლისადმი, რომ ეაქტიურათ.
- თუმცა ფაქტია, რომ 2012 წლის არჩევნებზე დაფიქსირებულმა თქვენი მხარდამჭერების რიცხვმა იკლო.
- ეს განაპირობა გარკვეულმა ფაქტორებმა. იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განაწყენდა სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, ზოგი სამსახურიდან გაუშვეს, ზოგიც ვერ დასაქმდა ისე, როგორც მოელოდა და ა.შ. შესაბამისად, იყო გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც სახლში დარჩა.
ნათია ხურცილავა