logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ნაცების პარტიის ყველა ლიდერი პასუხისგებაშია მიცემული, მაგრამ…
- +

11 ოქტომბერი. 2016. 11:12



8 ოქტომბრის საღამოს, არჩევნების დასრულების შემდეგ, როგორც კი წინასწარი შედეგები შეიტყო, ქართველი საზოგადოება საზეიმო განწყობაზე დადგა, თუმცა, სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა 9 ოქტომბრის დილას, როცა ნაცების 19 პროცენტი მოულოდნელად 27 პროცენტამდე გაიზარდა. როგორ აფასებს მმართველი პარტია ამ მდგომარეობას და აქვს თუ არა საზეიმოდ საქმე? - ვესაუბრებით საქართველოს პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედ ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს.


- ქალბატონო მანანა, როგორ შეაფასებთ არჩევნებს და მის შედეგებს?

 

- გარკვეული ექსცესების მიუხედავად, მთლიანობაში არჩევნები საკმაოდ მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. არცერთი ისეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა, რასაც არჩევნების შედეგებზე გადამწყვეტი გავლენა ექნებოდა, თუმცა, იყო ძალადობის რამდენიმე ფაქტი, რაც იმ უბნებში შედეგების ბათილად ცნობას განაპირობებს. მაგალითად, მარნეულში ნაციონალების კანდიდატის მხარდამჭერებმა აშკარად იძალადეს პოლიციაზე, ისე, რომ თანამშრომლები დაზარალდნენ კიდეც და ასეთი ფაქტები დაუსჯელი არ დარჩება.


რაც შეეხება შედეგს, რა თქმა უნდა, ცოტა ალოგიკურია ის პროცენტი, რაც „ნაციონალური მოძრაობის" გასწვრივ ფიქსირდება... არ შეიძლება, ძალადობაზე ორიენტირებული პოლიტიკურ გაერთიანებას ამხელა მხარდაჭერა ჰქონდეს საზოგადოებაში, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ამომრჩევლებიც, რომლებმაც ხმა 9-წლიანი სისხლიან  რეჟიმის წარმომადგენლებს მისცეს - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ვალდებული ვართ, მათ არჩევანს პატივი ვცეთ. ამას კი ვამბობ, მაგრამ მათი მოტივაცია თუ ფსიქოლოგია ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარია. არ გამოვრიცხვ, რომ ამომრჩეველთა ეს ნაწილი საერთოდაც მოკლებულია მოვლენების ანალიზის უნარს, რაკი მხარს უჭერს ძალას, რომელიც წლების განმავლობაში ძალადობდა საკუთარ მოსახლეობაზე. ისიც ვაღიაროთ, რომ მათი პროცენტული რაოდენობა შეუდარებლად ნაკლები გამოჩნდებოდა, არჩევნებში მოსახლეობის დიდ ნაწილს რომ მიეღო მონაწილეობა. სახელმწიფოს მომავალზე ამომრჩეველთა ის კატეგორიაც აგებს პასუხს, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა!


- მმართველი პარტია არ გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა არჩევნების მიმართ ნდობა დაკარგა? განა ამომრჩეველი სწორედ მმართველი პარტიის მხრიდან დაპირებების შეუსრულებლობამ არ განაწყენა?

 

- რა თქმა უნდა, ამომრჩეველი არასდროს არის კმაყოფილი ხელისუფლებით, მუდამ კრიტიკულია და ხელისუფლება ამისთვის მზად უნდა იყოს, მაგრამ თუ მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულ პროექტებს თვალს გადავავლებთ, აშკარა გახდება, რომ რიგ შემთხვევაში პრეტენზიები უსაფუძვლოა. შეხედეთ, სად იყო ქვეყანა 2012 წლამდე და სად არის დღეს!


- თუმცა, მთავარი დაპირება - სამართლიანობის აღდგენა - ვერ შესრულდა!

 

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ამ  მხრივ არაფერი გაკეთებულა. ძველი რეჟიმის 100-ზე მეტი წარმომადგენელია პასუხისგებაში მიცემული! უკრაინა რომ სააკაშვილსა და ადეიშვილს არ გადმოსცემს საქართველოს, მოქალაქეობა და პრესტიჟული სამსახურები რომ მისცა - ესეც ჩვენი ხელისუფლების ბრალი ხომ არ არის?


- ჩვენი ხელისუფლების სათანადო პროტესტი რატომ არ ისმის ამის გამო?

 

- სააკაშვილის გამო მთელ მსოფლიოს ვერ გადავიკიდებთ! ვერ დავუპირისპირდებით აშშ-ს და ევროკავშირს, რადგან ჩვენი სტრატეგიული ინტერესი იმაში მდგომარეობს, ქვეყანა სათანადოდ იყოს წარმოდგენილი დასავლეთში. ეს ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს. უკრაინა საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა და ეს თანამშრომლობაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია! მესმის საზოგადოების უკმაყოფილება, სააკაშვილსა და ადეიშვილს ციხეში რომ არ ხედავს, მაგრამ არც იმის გამო გვეუბნებიან სრულფასოვან მადლობას, მერაბიშვილი და უგულავა რომ სხედან გისოსებს მიღმა!


- ნაცებმა წინასაარჩევნოდ არაერთხელ დააანონსეს შეიარაღებული გადატრიალება, ძალოვნებმა კი უამრავი იარაღი აღმოუჩინეს. კანონის შესაბამისად მათი პასუხისმგებლობის საკითხის დასმაც კონიუნქტურულ მოცემულობაზეა დამოკიდებული?

 

- თუ დადგინდება, რომ ვინმე მართლაც შეიარაღებული გზით გეგმავდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ, უბრალო მოქალაქე იქნება, ყოფილი დეპუტატი თუ ყოფილი პრეზიდენტი...


არავის არაფერს ვაპატიებთ, რადგან ეს ეხება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას", არამედ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს!


- კოჰაბიტაცია დასრულდა?

 

- თუ ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი რომელიმე პოლიტიკურ ძალას მხარს უჭერს, ჩვენ ვალდებული ვართ, ამ ამომრჩეველთა ნება და ორიენტაცია გავითვალისწინოთ და თუ ვინმე ამას კოჰაბიტაციას არქმევს, ვერ დავეთანხმები. მთავარია, რომ „ოცნებას" არჩევნები არ გაუყალბებია! ქვეყანაში იქნება ის პოლიტიკა, რომელსაც საზოგადოება თავისი არჩევანით დაუკვეთავს ხელისუფლებას.


ყველანი უნდა შევეგუოთ იმას, რომ ნაცებს თავიანთი მყარი ამომრჩეველი ჰყავთ, სხვა საკითხია, 25 პროცენტია თუ 26.


დიახ, ნაცების პარტიის ყველა ლიდერი პასუხისგებაშია მიცემული, მაგრამ რა ვიღონოთ, თუკი მაინც შერჩათ ამომრჩეველი, რომელიც ვერ აცნობიერებს, რა დანაშაულებს სჩადიოდა მათ მიერ მხარდაჭერილი ძალა?!


- ამომრჩეველი უკმაყოფილოა, რადგან ორპარტიული პარლამენტი შეგვრჩა...

 

- ჯერ საბოლოო შედეგები არ ვიცით (ინტერვიუ ჩაწერილია 9 ოქტომბერს, 15 საათზე - ზ.დ.). დაველოდოთ. როგორც ხედავთ, ბარიერის გადალახვამდე სულ ცოტა დარჩა ირმა ინაშვილს, „თავისუფალ დემოკრატებსაც" ბევრი არ აკლია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში პარტიათა რაოდენობა ორზე მეტი იყოს. როგორიც უნდა იყოს საბოლოო შედეგი, ყველას მოგვიწევს, ვაღიაროთ, რომ ასეთია ქართველი ამომრჩევლის ნება.


პირადად მე ძალიანაც არ მსიამოვნებს, ნაცები ისევ რომ ისხდებიან პარლამენტში, მაგრამ პლურალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ყველა პარტია იარსებებს, ვისაც ამომრჩეველთა შესაბამისი რაოდენობა დაუჭერს მხარს. პარლამენტი იქნება ისეთი, როგორიც არის საზოგადოება!

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner