კახეთის რამდენიმე რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა
10 ოქტომბრის დღის 18:00 საათიდან სსსტც „დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში ახმეტის, თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების თავზე სამხრეთ-დასავლეთიდან შემომავალი სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი დაფიქსირდა.
20:15 საათისთვის ღრუბლებმა III-IV კატეგორიის დონეს მიაღწია. სეტყვის მოსვლის ალბათობა 80% იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20-30 მმ.
20:30 საათიდან 21:13 საათამდე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით ღრუბლების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა.
გასროლილ იქნა 30 ერთეულამდე რაკეტა, რის შედეგადაც სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები შესუსტდა და ნალექი წვიმის და უწვრილესი სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა.