logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: სააკაშვილი საბოლოო ჯამში მაინც გაისკვანჩება!
- +

11 ოქტომბერი. 2016. 16:38



წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა! მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა 27 პროცენტზე მეტი მიიღო, კოკა ყანდიაშვილს მიაჩნია, რომ ნაციონალური პარტია ამ არჩევნებზე დამთავრდა:


- მიხარია, რომ ნაციონალური მოძრაობა მთავრდება! ეს ბოროტება ჩვენ თვალწინ იფერფლება! ღირდა ჩემი ბრძოლა, ამ დღეს რომ მოვსწრებოდი!


- მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 27 პროცენტზე მეტი მიიღო?!

 

- შევადაროთ, 2012 წელს რამდენი პროცენტი აიღო „ქართულმა ოცნებამ" და რამდენი - „ნაციონალურმა მოძრაობამ". დააკვირდით რამხელა ზრდა აქვს „ოცნებას" და ვარდნა - ნაციონალურ მოძრაობას. პრაქტიკულად, „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო. მაქვს ერთი სერიოზული კითხვა - ბუმბერაზი სადისტების პარტიამ რა უნდა აკეთოს ამ პარლამენტში? ვის რაში სჭირდება პარტია, რომელიც არცერთი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო აღარ არის?! ერთი მხრივ, გვეჩვენება, რომ 27 პროცენტი ბევრია, მაგრამ რეალურად ეს მათთვის დიდი კრახია. როგორც ჩანს, მესამე პარტიაც ლახავს ბარიერს - „პატრიოტთა ალიანსი". წინასწარ ვულოცავ ირმას, მგონი, ძალიან სერიოზული მეტოქე ეყოლება ნაციონალებს მათი სახით პარლამენტში.


- და მაინც, ადამიანების დიდი ნაწილი „ოცნებაზეა" გაბრაზებული. კოჰაბიტაციის შედეგია ის, რომ ნაციონალებმა ხმების ეს რაოდენობა მიიღესო...

 

- თქვენ ამ პარლამენტში აბსოლუტურად სხვანაირ ნაციონალურ მოძრაობას იხილავთ. აღარ ექნებათ ის რიხი, რომელიც აქამდე ჰქონდათ. მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ძალას, რომელსაც მფარველობენ, რეალურად 20-25 პროცენტი უჭერს მხარს და კადრულობს იმას, რაც მარნეულში მოაწყვეს.


ნაციონალურ მოძრაობას ლიდერი აღარ ჰყავს. ამ პარტიამ 15 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა განახლება, ზუსტად ის დაემართათ, რაც რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც 20-25  წელია, არსებობს და აღარავის აინტერესებს. გივი თარგამაძე ამ პარტიისთვის ბალასტი იყო. სააკაშვილმა ზურაბ ჟვანია გაწირა და მაგას დაინდობდა?! მანქანა არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ზუსტად იმ დროს აფეთქდა, როცა „რუსთავი 2"-ის ეთერში ნაციონალური მოძრაობის პრეზენტაცია იყო. მეორე დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი წყდებოდა და, ამავე დროს, მათი აქცია იმართებოდა. ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოპარული ფულების ხარჯვით ცილობდნენ საზოგადოების მობილიზებას, რესპუბლიკის მოედანზე 7 ათასი კაციც ვერ შეაგროვეს. ეს სამარცხვინო პარტია ინგრევა - ამ არჩევნებზე ნაციონალური ბოროტებისთვის თავის წაჭრა მოხდა!


- ნაციონალური მოძრაობა ასე არ თვლის...

 

- სააკაშვილმა ამასწინათ ნანუკა ჟორჟოლიანთან გადაცემაში თქვა - ვიცოდით, 2012 წელს რომ ვაგებდით არჩევნებსო. გახსოვთ, მაშინაც ბოლო წუთამდე გაჰკიოდნენ - გამარჯვება გარდაუვალიაო. მათგან ხომ არაფერია გასაკვირი?


ნაციონალური მოძრაობა იქნება ერთ-ერთი მიჩმორებული პარტია საკანონმდებლო ორგანოში. მართალია, მათი ადგილი საერთოდ არ არის პარლამენტში, მაგრამ დემოკრატია ითვალისწინებს, რომ ისეთი ნაგვებიც ისხდნენ იქ.


- რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალს? ის ჯერ კიდევ ოდესაშია და ფარ-ხმალს არ ყრის.

 

- მიშას მომავალი ძალიან ბნელია. უკრაინაში რომ აღარავის სჭირდება, ეს ლოგიკურია. პოროშენკო მას ადრე თუ გვიან გამოუშვებს. სად უნდა წავიდეს?! საქართველოში მისი ადგილი მხოლოდ ციხეშია!


- დასავლეთიც ზურგს აქცევს?!

 

- სააკაშვილი დასავლეთს იმ შემთხვევაში სჭირდება, თუ საქართველოში მომავალი ექნება. აქ კი მიშას მხოლოდ ციხე ელოდება! სააკაშვილი საბოლოო ჯამში მაინც გაისკვანჩება!


- ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნეთ, სააკაშვილმა ზურაბ ჟვანია გაწირაო. ამასწინათ სააკაშვილთან თქვენი უკანასკნელი შეხვედრაც გაიხსენეთ, რომელიც ჟვანიას მკვლელობის შემდეგ მის კაბინეტში შედგა. რა საუბარი გქონდათ მიხეილ სააკაშვილთან პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების შემდეგ?

 

- ეს უფრო ჩხუბი იყო, ვიდრე საუბარი. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან მალევე ვნახე სააკაშვილი - მასთან კაბინეტში მივედი და პირში ვუთხარი - ციხეში დაამთავრებ, მიშა, ვერსად დაემალები მართლმსაჯულებას-მეთქი! ასეც მოხდება! ერთ-ერთი ბოლო ადამიანი ვიყავი, ვინც იმ საღამოს ზურას ესაუბრა. ერთმანეთს უნდა შევხვედროდით და ეს შეხვედრა კვირა დღისთვის გადავიტანეთ.


- რა გითხრათ მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც ფაქტობრივად, ზურაბ ჟვანიას სიკვდილში დაადანაშაულეთ?!

 

- რა უნდა ეთქვა?! ყვირილი დაიწყო - რაებს ბოდავ, ვის უბედავო... მერე ჩემკენ გამოექანა, მაგრამ გზაში წაიქცა. ამასობაში დაცვაც შემოვიდა - მე ცალკე გამათრიეს და ის ცალკე დააწყნარეს.


- თქვენი აზრით, რატომ გაწირა სააკაშვილმა ზურაბ ჟვანია?

 

- ზურაბ ჟვანია ის კაცი იყო, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებდა და სააკაშვილს 9 წელი არ აპარპაშებდა! ჟვანია სააკაშვილისთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო!


- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაიხსნა დღემდე ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე?!

 

- ჩემი ღრმა რწმენით, ზურაბ ჟვანია სააკაშვილის მოკლულია და მისი მმართველობის დროს ამ საქმეს არავინ გახსნიდა, პირიქით, კვალი დაიფარა. პროკურატურაში სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით დაკითხვაზე რომ დამიბარეს, გამომძიებელმა პრაქტიკულად, არაფერი მკითხა - არ იყო დაინტერესებული საქმის გახსნით. ამ ხელისუფლებამ საქმის გამოძიება, ფაქტობრივად, ცარიელი ადგილიდან დაიწყო და, სავარაუდოდ, ამიტომაც გაჭიანურდა. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან ამ ამბავს შუქი მოეფინება და ჯაჭვი სააკაშვილამდე მივა.


- სხვათაშორის, ამასწინათ სააკაშვილმა ერთ-ერთ გამოსვლაში თქვენც გახსენათ - ზის ახლა კოკა ყანდიაშვილი კანცელარიაში და გინებებს გეგმავენო...

 

- ესეც იმაზე მეტყველებს, რომ მიშა საქართველოში სიტუაციას საერთოდ ვერ ფლობს. კანცელარიაში მუშაობა 2013 წლის აპრილში დავიწყე და 2013 წლის დეკემბერში დავამთავრე. მას შემდეგ იმ შენობაში არც კი შევსულვარ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს კაცი არ არის ჯანსაღად, აგონიაში და პანიკაშია, რადგან ყველაფერი, რაც არ ეკუთვნოდა და ხელთ ეპყრო, - დაკარგა. ბოლოს კი დამონებული ხალხიც დაკარგა თავისი პარტიის სახით.


უკვე ყველასთვის აშკარაა, რომ ნაცობას საქართველოში არანაირი პერსპექტივა არა აქვს. ეს ამ არჩევნებმაც დაადასტურა! შესაძლოა, ქოცები ბევრს სულაც არ ეხატება გულზე, მაგრამ ხალხის ერთსულოვანი პოზიციაა - არა ნაცებს!


- თქვენი აზრით, ნაციონალური მოძრაობა ისე დამთავრდება, რომ არჩევნების შემდეგ სიტუაციის არევას არ შეეცდება?! სანდრა რულოვსმაც გააკეთა განცხადება - ამ შედეგს არ დავნებდებიო.

 

- პროვოკაციებს შეეცდებიან, მაგრამ დესტაბილიზაციის გამოწვევის რესურსი არა აქვთ. ჩვენ ხუთ ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე ნაციონალების პოლიტიკური პანაშვიდი ვიხილეთ: 4 თვის განმავლობაში აგროვებდნენ ხალხს ამ დღისთვის თბილისში ჩამოსაყვანად, მაგრამ 7 ათასი კაცი ძლივს შეკრიბეს. აწი „რუსთავი 2"-იც ვეღარ გიშველით! დღეს 9 ოქტომბერია. ადგილობრივ არჩევნებზე ვიხილავთ, თუ რა დარჩება ამ სადისტების მოძრაობიდან. ტყუილად არ ვიბრძოდი და ვიბრძვი მიშიზმის წინააღმდეგ. მე მოვესწარი იმ დღეს, როცა თქვენ მთავრდებით!

 

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

 

 

 






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner