logo_geo
eng_logo
ვინ არის 24 წლის თათია დოლიძე, რომელიც გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გახდა
- +

11 ოქტომბერი. 2016. 19:56


 



საქართველოს ახალგაზრდობის 2016 წლის წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე გახდა. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში თათია საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებთან კონსულტაციებს გამართავს, მოგვიანებით კი ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში გაემგზავრება და ახალგაზრდების პრობლემებზე საჯარო გამოსვლებში ისაუბრებს. ის საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი იქნება.


საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის სოციალური და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოვა ამავე კომიტეტის სხდომაზე და ჩაერთვება ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში. ახალგაზრდობის წარმომადგენელს ასევე შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება.


თათია დოლიძე ამჟამად ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს. პარალელურად, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ლექციებს კითხულობს. არის რამდენიმე ანალიტიკური სტატიის ავტორი. 2013 წელს თათიას მიღებული აქვს მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის, ევროპული და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი. სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვილნიუსის და სიენას უნივერსიტეტებში. ფლობს ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს.


„18 წლიდან საზღვარგარეთ ვცხოვრობ და ვსწავლობ, თუმცა საქართველოსგან მოწყვეტილი არასდროს ვყოფილვარ. ჩემი კვლევითი საქმიანობაც სწორედ ჩვენს რეგიონს უკავშირდება. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გვეგმავ საქართველოში რეგიონული ტურის გამართვას. გავეცნობი ახალგაზრდების პრობლემატიკას, რომლის შესახებაც გაეროში ჩემს საჯარო გამოსვლებში ვისაუბრებ. ვეცდები ქართველი ახალგაზრდების წარმოჩენას და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას", - განუცხადა თათია დოლიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.


„საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში" კონკურსის მესამე ეტაპი, რომელიც საჯარო გამოსვლას გულისხმობს, 1 ივნისს ჩატარდა. 15-მა ფინალისტმა კონკურსანტმა 5-წუთიან საჯარო გამოსვლაში მიიღო მონაწილეობა, რომლის თემაც ახალგაზრდული ლიდერობის მნიშვნელობა იყო.


კონკურსი „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში" 2012 წლიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა სრულად ფინანსდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ.


წყარო: ick.ge

right_banner right_banner
არქივი
right_banner