„ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ რომ პარტიამ მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
„მე ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში, ვინაიდან „ქართული ოცნება" გამოიყენებს გაყალბების ანალოგიურ მეთოდებს და შესაბამისად, ოფიციალური შედეგები არ იქნება რეალური. ამიტომ არ ღირს დროის, ენერგიის და რესურსის ფუჭი ხარჯვა. ასეთი ტიპის გაყალბების შესაკავებლად სხვა ტიპის საარჩევნო მომზადებაა საჭირო. ორ კვირაში ვერ მოვასწრებთ, თუმცა შემდგომი არჩევნებისთვის გავითვალისწინებთ.
ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ უნდა შევიდნენ პარლამენტში. ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან და მრავალფეროვან გაყალბებას (ელცინის პერიოდის გაყალბების სტილში). არჩევნების შედეგები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. ამის თუნდაც ერთი მაგალითია 25 ათასი ბათილი საარჩევნო ბიულეტინი აჭარაში. პარლამენტში ჩვენი შესვლით არ უნდა მოვახდინოთ ამ მაქინაციების ლეგიტიმაცია. მეორეს მხრივ, არ შესვლით ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს ხმამაღალ საპროტესტო პოზიციას, რომ ქვეყანაში შეიქმნა განსაკუთრებული ვითარება, რომელიც საჭიროებს არაორდინალურ საპასუხო ნაბიჯებს ( ბუნებრივია მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში) ეს ნაბიჯიც თავისთავად აქტიური პოლიტიკური პოზიცია. ეს სვლა იქნება ძალიან რეზონანსული, რომელიც გამოიწვევს მაღალ საერთაშორისო ყურადღებას, ასევე ჩვენი მოსახლეობის და ამომრჩევლის ფოკუსირებას ამ მასობრივ დარღვევებზე. ამავე დროს პარლამენტში არ შესვლა არ ნიშნავს მხოლოდ ე.წ. ქუჩის პოლიტიკაზე გადასვლას. არის ბევრი სხვა პოლიტიკური ბერკეტი და მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც პარტია იქნება ყურადღების ცენტრში. ეს მიდგომა არათუ არ დაასუსტებს, არამედ გააძლიერებს პარტიის რენომეს, ძალას და სტატუსს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას გამოცხადებული ჰქონდა ბოიკოტი, მაგრამ ამან არ შეასუსტა პარტიის აქტივობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა (არ ვამბობ მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ვინაიდან დარწმუნებული ვარ სამართლიანი არჩევნების პირობებში სწორედ ოცნება იქნებოდა მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი)",-წერს მინაშვილი.
მისივე აზრით, მაინც მთავარი საკითხი ამ ეტაპზე არის ის, თუ როგორ დაიცვან ამომრჩევლის ხმები.
„მიხეილ სააკაშვილს და" ნაციონალურ მოძრაობას" მხარი დაუჭირა არა 500 ათასმა ამომრჩეველმა, არამედ გაცილებით მეტმა, უბრალოდ, ივანიშვილის მაქინაციებით ეს ხმები არ აისახა ოფიციალურ მონაცემებში. წყალი არ გაუვა, რომ ჩვენ ერთად დავასრულებთ ივანიშვილის ამ "კამანდას" ძალიან მალე. ეს გარდაუვალი კანონზომიერებაა. ასე რომ, ჩვენი მხარდამჭერები უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. მთავარია, გამოცდილება მივიღეთ და კარგად შევისწავლეთ „ოცნების" თაღლითობის სქემა. ჩვენი შეცდომა იყო ის, რომ თუნდაც მცირედით დავუშვით, რომ ივანიშვილი ზღვარს არ გადავიდოდა. დიდი მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს. თქვენს მხრებზე გადავლილი ეს ქარტეხილები ამაოდ არ ჩაივლის. აუცილებლად გავაგრძელებთ საქართველოს განვითარებას თქვენთან ერთად",- წერის აკაკი მინაშვილი.