„სამწუხაროდ, ტექნიკური საშუალებები ისეთ დონეზეა განვითარებული, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია, გამოირიცხოს ასეთი კადრების კიდევ გავრცელება", - ასე ეხმაურება ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გაურკვეველი პირების მუქარას, რომლის თანახმადაც, ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კვლავ გავრცელდება. როგორც ნიკოლაიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებას შესაძლოა გაუმართლოს და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამავრცელებლების კვალზე გავიდეს, მაგრამ მას ამის დიდი მოლოდინი არ აქვს.
„არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც არ არსებობს ასეთი მექანიზმები. კარგად იცით, რომ ძალიან მარტივია მასალის გადაწერა მეხსიერების ბარათებზე და ამის შემდეგ უკვე ძალიან მარტივად ვრცელდება. Youtube-ზე ატვირთულ მასალას რაც შეეხება, შესაძლებელია, დადგინდეს, რომელი IP-დან აიტვირთა ესა თუ ის მასალა. მაგრამ, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ სადღაც ბანგლადეშიდან, არგენტინიდან ან რომელიმე სხვა ქვეყნიდან არის ატვირთული. ძალიან მარტივია, ჩვენგან ვიღაცა ნაცნობს გაუგზავნონ ეს მასალა და შემდეგ სხვა ქვეყნიდან აიტვირთოს. ვინ ატვირთა, რატომ ატვირთა, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან - ამის დადგენა ძალიან ძნელია. ერთი სიტყვით, უშუალო დამნაშავის პოვნა ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელია.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ხელი ურევია. თუ ვინმეს წინააღმდეგაა მიმართული ასეთი კადრების გავრცელება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან ეს ყველაფერი საზოგადოებას ხელისუფლებისკენ თითის გაშვერის საშუალებას აძლევს. ხელისუფლების ყველაზე დიდ ინტერესს წარმოადგენს, რომ საქმე გაიხსნას და ამტვირთავი იპოვოს.
სამწუხაროდ, დღესდღეობით ეს ყველაფერი ჰგავს თივის ზვინში ნემსის ძებნას. შესაძლოა, გამოძიებას გაუმართლოს და საქმე გახსნას, მაგრამ ეს იქნება სასწაული. ამიტომ, არ უნდა მოვთხოვით ხელისუფლებას, რომ ეს საქმე ერთ და ორ დღეში გახსნას", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.