დავით უსუფაშვილის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებიდან აშკარად ჩანს, რომ მათი დე-ფაქტო ლიდერის და პარტიის დიდი ნაწილის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა 2030-ში განაცხადა, მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორების პროცესი.
„მიხეილ სააკაშვილს ძალაუფლება დღესვე უნდა, დანარჩენები კი, შედეგებს რეალურად აფასებენ და მათ ხანგრძლივი ბრძოლისთვის აქვთ მზაობა. მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორების პროცესი მიმდინარეობს და თუ ეს ლოგიკურად დასრულდება, ქართული პოლიტიკური სისტემისთვის ეს კარგი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გუნდი ეცდება, საზოგადოებისთვის მისაღები გახდეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ პარტიად დარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას".
„მიხეილ სააკაშვილის გარეშე „ნაციონალურ მოძრაობას" იმაზე მეტი შანსი აქვს, ვიდრე - „ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ამ ორი გუნდის ლიდერებზე დამოკიდებულის ხარისხი ძალიან მაღალია, მაგრამ ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ პარტიად დარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას". „ქართულ ოცნებას" თავისი გზა აქვს გასავლელი, რაშიც წარმატებას ვუსურვებ, მათ შორის იმ ნაწილში, რომ მათ პოლიტიკაში დარჩენა ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად შეძლონ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, ამ არჩევნებზე ორივე გუნდის ლიდერმა ძალიან მოინდომა, რომ მათ გუნდებს წარმატებისთვის მიეღწია.
„ამ პაექრობიდან „ქართულმა ოცნებამ" უფრო იხეირა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილმა. არ მგონია, რომ ნახევარ მილიონამდე ამომრჩეველი, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას" მხარი დაუჭირა, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ამომრჩეველია. სააკაშვილმა აგრესიული რიტორიკით უფრო მეტად შეაშფოთა ის ამომრჩეველი, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა, სახლში დარჩენილიყო, ან ხმა სხვისთვის მიეცა. მათ გადაწყვიტეს, საქართველო სააკაშვილისგან დაეცვათ და ეს დაცვა „ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემა იყო. ასე რომ, საარჩევნო თვალსაზრისით, ივანიშვილმა სააკაშვილი კიდევ ერთხელ გააცურა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის სიმართლისგან შორს მყოფმა პროგნოზებმა, რომ „ნაციონალურ მოძრაობა" სულ 5 მანდატს მიიღებს და, რომ მათი მხარდამჭერთა რიცხვი 20 000-მდე ჩამოვიდა, მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა მობილიზება გამოიწვია. თუმცა, ვფიქრობ, სააკაშვილის აგრესიულმა ქმედებებმა უფრო მეტი ხმა შემატა „ქართულ ოცნებას", ვიდრე ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯებმა „ნაციონალურ მოძრაობას"", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.