გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის 2016 წლის წარმომადგენლის თათია დოლიძის სიტყვით გამოსვლას, „ქართული ოცნების" წევრმა რატი ბრეგაძე ეხმაურება და facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„საოცრად ემოციურია ჩემთვის ამ კადრების ხილვა. 3 წლის წინ დაწყებულმა საქმემ შედეგი გამოიღო. დღეს ასეთი ღირსეული ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მსოფლიოს უმაღლეს ტრიბუნაზე ახმოვანებენ.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლობის პროექტი 3 წლის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დავიწყეთ. ორმაგად მიხარია, რომ ეს პროგრამა დღესაც წარმატებულად გრძელდება. ახალგაზრდა ელჩები, გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელი, იუნესკოში ახალგაზრდობის წარმომადგენელი ის ინოვაციური პროგრამებია, რომლებმაც საქართველოს პოპულარიზაციას უკვე არსებითად შეუწყო ხელი, ქმედით ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა და ახალგაზრდები სამართლიანი კონკურსის შედეგად საკუთარი სახელმწიფოს წინსვლის საქმეში ჩართო.
ჩვენი ქვეყნის პროდასავლურ კურსზე ორიენტირებული ახალგაზრდული პროგრამების წარმატებას მრავალი სახელმწიფო აღიარებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომლებმაც თავიდან თითქოს დაუჯერებელ იდეებს დაუჯერეს, მოინდომეს და ერთობლივად ასეთი წარმატებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმის გაკეთება შეძლეს", - წერს ბრეგაძე.