logo_geo
eng_logo
შოთა ხაბარელი: მე-9 მოწვევის პარლამენტი ბევრად ეფექტური იქნება!
- +

12 ოქტომბერი. 2016. 11:02


 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შოთა ხაბარელი „რეპორტიორთან" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრობს.


- როგორ შეაფასებდით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს?


- არჩევნები იყო მშვიდი და ამას აღნიშნავს ყველა. არ იყო დაპირისპირება თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინციდენტს, რომელსაც გავლენა არ მოუხდენია, ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული არჩევნები!

 

- რა მოლოდინები გაქვთ მეორე ტურთან დაკავშირებით?


- მადლობა მინდა ვუთხრა იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. სულ რაღაც 3 % დამაკლდა ბარიერის გადალახვას, აქედან გამომდინარე დიდი მადლობელი ვარ ჩემი ამომრჩევლის. მეორე ტურში, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების" ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს, რადგან ყველა ვიყავით 50%-იან ზღვართან ახლოს. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობით შევალთ პარლამენტში.

 

- პარლამენტში, დღევანდელი წინასწარი მონაცემებით, შევიდა სამი პოლიტიკური პარტია: „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა" და „პატრიოტთა ალიანსი". მმართველი გუნდი ითანამშრომლებს ამ ორ პარტიასთან?


- ვფიქრობ, რომ პრობლემა არ გვაქვს ოპოზიციურ პარტიებთან მუშაობის. ამის გამოცდილება არსებობს. რა თქმა უნდა, უნდა იყოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და კონსტრუქციული ოპოზიცია, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ ხელს არაფერი შეგვიშლის.


- ბევრმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ გადალახა 5 %-იანი ბარიერი. როგორ შეაფასებდით არასაპარლამენტო ოპოზიციას?


- საკმაოდ სოლიდური პარტიაა „თავისუფალი დემოკრატები". მათ გამოაკლდათ რამდენიმე წევრი ლიდერის ხელმძღვანელობით. მეც აღვნიშნავდი, რომ ვიქტორ დოლიძე ფაქტობრივად არის წონიანი პოლიტიკოსი და სამწუხაროა, რომ ის პარლამენტში ვერ მოხვდა. რაც შეეხებათ „რესპუბლიკელებს" საკმაოდ გამოცდილი გუნდია, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება ამომრჩევლის და ამას უნდა დავექვემდებაროთ, ცხადია.

 

- „ნაციონალური მოძრაობის" პროცენტული შედეგი იყო თქვენთვის მოსალოდნელი?


- არ ველოდი „ნაციონალური მოძრაობის" ასეთი პროცენტით პარლამენტში შემოსვლას, მათი პოლიტიკური ვოიაჟებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არის საზოგადოების გადაწყვეტილება და რეალობა.


- თქვენი აზრით, როგორი იქნება მე-9 მოწვევის პარლამენტი?


- ძალიან კარგი ახალგაზრდა ადამიანები შემოვიდნენ პარლამენტში და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საშუალება ექნება პარლამენტს, განახორციელოს მიზნები, რომლებიც აქამდე ჰქონდა. გაგრძელდება ის მიმართულებები, რომლებიც აქამდე გვქონდა საგარეო კუთხით. ჩვენი პირდაპირი კურსი არის ევროატლანტიკური და დასავლური, აქედან გამომდინარე, ამ კურსით გავაგრძელებთ მუშაობას. მე-9 მოწვევის პარლამენტი ბევრად ეფექტური იქნება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner